კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კობა გვენეტაძე ფინანსური ჩართულობის ალიანსის გენერალურ დირექტორს შეხვდა

20 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ჩართულობის ალიანსის (Alliance for Inclusion, AFI) გენერალური დირექტორი, ალფრედ ჰენიგი ეწვია. სტუმარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთ-თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური განათლების მიმართულებით უკვე გატარებულ ღონისძიებებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიასა და ფინანსური სექტორის მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობაში ბოლო  პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე. ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ეროვნული ბანკის AFI-ის "მომხმარებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და ბაზარზე ქცევის სამუშაო ჯგუფის" წევრობის ფარგლებში სხვა ქვეყნებთან მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარების შესახებ.

AFI-ში მიმდინარე ეტაპზე 90-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა საზედამხედველო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. დამატებითი ინფორმაცია AFI-ს შესახებ შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ:http://www.afi-global.org/

ფინანსური ჩართულობის ალიანსი განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და სხვა საზედამხედველო ორგანიზაციებისაგან შემდგარი გლობალური ქსელია, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით აამაღლოს ფინანსური ჩართულობის დონე, მათ შორის, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის უსაფრთხო, ფორმალურ ფინანსებზე წვდომის გაზრდის გზით. AFI ერთგვარი პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ზედამხედველებს შორის ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, ეფექტური პოლიტიკების განვითარება და დანერგვა.

 

 

ალფრედ ჰენიგი 2008 წლიდან ხელმძღვანელობს ფინანსური ჩართულობის ალიანსს. 2005-2008 წლებში ის ავითარებდა AFI-ის სტრუქტურასა და კონცეფციას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს შორის ფინანსური ჩართულობის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ემსახურება, მათ შორის, მოწინავე საზედამხედველო მიდგომებისა და წარმატებული მოდელების სხვადასხვა ქვეყნებში დანერგვის გზით.