ბიზნესს სესხის აღება სესხის გამცემი სხვადასხვა ორგანიზაციისგან შეუძლია, როგორიცაა კომერციული ბანკი (შემდგომში „ბანკი“) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. სესხით სარგებლობა შესაძლებელია ბიზნესის გაფართოებისა და განვითარების მიზნით, მიმდინარე პროექტების დასაფინანსებლად, ახალი იდეების ხორცშესასხმელად ან, თუნდაც, ბიზნესის დროებითი ფულადი დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
იმისათვის, რომ ბიზნესმა შეძლოს კრედიტით სარგებლობა, მან უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია თანხის დაბრუნება დათქმულ ვადაში. შესაბამისად, საფინანსო ინსტიტუტი შეისწავლის და გააანალიზებს ბიზნესს, მის გადახდისუნარიანობას, მის საჭიროებებს და ამის მიხედვით განსაზღვრავს გასაცემი თანხის ოდენობას, ვადასა და საპროცენტო განაკვეთს.
ამ რესურსის გამოყენებისას საყურადღებოა რამდენიმე საკითხი: გარკვეულ შემთხვევებში ფინანსურმა ორგანიზაციამ შესაძლოა მოითხოვოს სესხის რაიმე აქტივით უზრუნველყოფა (იხ. სესხის უზრუნველყოფა) ამასთან, სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ბიზნესს ჯარიმის სახით დაეკისრება ზედმეტად გადასახდელი თანხები; ხოლო სესხის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაუხდელობა ან დაგვიანებით გადახდა, საბოლოო ჯამში, საკრედიტო ისტორიის გაუარესებასაც გამოიწვევს.
გასათვალისწინებელია, რომ, თუ ბიზნესი ახალია და მას ჯერ არ აქვს საკმარისი გამოცდილება, ფინანსურმა ინსტიტუტმა შესაძლოა თავი შეიკავოს მისთვის თანხის გაცემისაგან. თუმცა დამწყები ბიზნესებისთვის არსებობს სპეციალური სასესხო პროდუქტები, რომლებსაც გვთავაზობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. სასესხო პროდუქტები განსხვავდება ფინანსური ორგანიზაციების მიხედვით და მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება უშუალოდ სესხის გამცემ ორგანიზაციასთან კონსულტაციის გზით არის შესაძლებელი.
მსგავსი თემები
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- როდესაც სესხის მიმდინარე შენატანის გადახდას ვეღარ ახერხებთ
- ვის აქვს თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის უფლება?
- რჩევები საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად
- რა არის საკრედიტო ქულა და საკრედიტო რეიტინგი?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- საკრედიტო ისტორია
- საკრედიტო რეპორტი (ანგარიშგება)