კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოში მოქმედი გადასახადები

გადასახადების სახეები

დღესდღეობით საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია ექვსი ძირითადი გადასახადი, რომელსაც გადასახადის შინაარსიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი იხდის. ამ გადასახადებიდან ხუთი გადასახადი საბოლოოდ თავს იყრის სახელმწიფო ბიუჯეტში, ანუ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია, ხოლო ერთი გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში გროვდება და მას ადგილობრივ გადასახადს უწოდებენ.

გადასახადები იყოფა ორ ჯგუფად: პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებად. პირდაპირი გადასახადი წესდება პირდაპირ ქონებაზე ან შემოსავალზე, ხოლო არაპირდაპირი გადასახადი, როგორც წესი, შედის მიწოდებული საქონლის/მომსახურების ფასში, ზრდის ფასს და მას თქვენ, საბოლოო მომხმარებელი გადაიხდით გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის/მომსახურების შეძენისას.

დღესდღეობით მოქმედი გადასახადებია:

საშემოსავლო გადასახადი

საშემოსავლო გადასახადი (განაკვეთი: მაქსიმუმ 20%) არის ფიზიკური პირების მიერ სხვადასხვა სახით მიღებული შემოსავლიდან სახელწიფოსთვის გადასახდელი თანხა. საქართველოში მოქმედი პრაქტიკით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადს ბიუჯეტში თქვენ ნაცვლად ძირითადად თქვენი დამსაქმებელი რიცხავს. საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია შემოსავალთა კატეგორიები, რომლებიც იბეგრება სტანდარტულად 20%-იანი განაკვეთით, არასტანდარტული განაკვეთით ან გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მაგალითად, სტანდარტული სახელფასო შემოსავალი იბეგრება 20%-ით, საცხოვრებელი სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი - 5%-ით, ხოლო სახელმწიფოს განაცემები, მაგალითად, სახელმწიფო სტიპენდია და პენსია, სრულად გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. 

მაგალითი: თუ თქვენი ხელზე ასაღები (ანუ ხელფასის ოდენობა, რომელსაც იღებთ საშემოსავლო გადასახადის დაკავების შემდეგ) ხელფასი 1,000 ლარს შეადგენს, შეგიძლიათ გამოითვალოთ რამდენია თქვენი დარიცხული ხელფასი (ანუ ხელფასი საშემოსავლო გადასახადის დაკავებამდე) და რა თანხა გადაირიცხა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით. დარიცხული ხელფასის დასათვლელად 1,000 ლარი უნდა გაყოთ 0,8-ზე, რაც 1,250 ლარია. ბიუჯეტში გადარიცხული საშემოსავლო გადასახადი კი ამ თანხის 20%, ანუ  1,250*0.2=250 ლარი იქნება.

მოგების გადასახადი

მოგების გადასახადით (განაკვეთი: მაქსიმუმ 15%) დაიბეგრებით, თუ  ეკონომიკურ საქმიანობას იურიდიული პირის სახელით  ეწევით.  თანხა, რომელიც ბიუჯეტში უნდა გადაიხადოთ, გაუნაწილებელი მოგების, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის არ მქონე ხარჯის, უსასყიდლოდ გაცემული ნივთების ღირებულების, საჩუქრად გაცემული თანხის ან საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯის ოდენობაზე მეტი ხარჯის მიხედვით დაითვლება. საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია ბიზნესის საოპერაციო საქმიანობის სახეები რომლებიც ასევე იბეგრება მოგების გადასახადით.

მაგალითი: კომპანიამ გაწია ისეთი ხარჯი, რომელიც არ არის კავშირში მის ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ, კომპანიამ, რომელიც ეწევა საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობას A ობიექტში, 100 ლარით დააფინანსა B ობიექტის დასუფთავება, რომელიც მის საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა. კომპანიის მიერ გადასახდელი მოგების გადასახადის მოცულობა დაითვლება შემდეგნაირად: 100/0,85*15% =17.65 ლარი.

დამატებული ღირებულების გადასახადი

დამატებული ღირებულების გადასახადი (განაკვეთი 18%) - დღგ არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული  საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს და რომელსაც იხდით თქვენ, მომხმარებელი, ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას, თუმცა ბიუჯეტში ამ თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც იწოდება დღგ-ის გადამხდელად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თუ ბიზნესის წლიური ბრუნვა 100,000 ლარზე ნაკლებია, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირება ნებაყოფლობითია. თუ ბრუნვა ამ მაჩვენებელს აღემატება, მაშინ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირება სავალდებულოა. საგადასახადო კოდექსი ასევე განსაზღვრავს საქონლისა და მომსახურების იმ ჩამონათვალს, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან. ასეთია მაგალითად, საგანმანათლებლო ხასიათის მასალა, წიგნები და ჟურნალები.

მაგალითი: თუ კომპანიის მიერ თვის განმავლობაში გაყიდული საქონლიდან შემოსავალი 1,000 ლარს შეადგენს დღგ-ს ჩათვლით, გადასახდელი დღგ-ს თანხა შეგიძლიათ დაითვალოთ შემდეგი სახით: 1,000/1,18 *18% = 152.54 ლარი.

აქციზის გადასახადი

აქციზის გადასახადით იბეგრება ზოგიერთი ტიპის პროდუქციასთან (მაგალითად, თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელი, მსუბუქი ავტომობილები და სხვა) დაკავშირებული ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა წარმოება, რეალიზაცია, ექსპორტი და იმპორტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს ასეთი პროდუქციის იმ სპეციალურ ჩამონათვალს, რომელსაც ეხება აქციზის გადასახადი. გადასახადის განაკვეთის ოდენობა კი დამოკიდებულია უშუალოდ პროდუქციის სახეობაზე. 

იმპორტის გადასახადი

იმპორტის გადასახადი ეხება იმ საქონელს, რომელიც გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, ანუ შემოდის საქართველოში სხვა ქვეყნიდან. აღნიშნული გადასახადი ეხება მხოლოდ საქართველოში შემოსულ პროდუქტს და არ ვრცელდება ექსპორტზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გადასახადის განაკვეთები განსაზღვრულია პროდუქტების მიხედვით. 

ქონების გადასახადი

გადასახადებს შორის ქონების გადასახადი ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია. ყველა სხვა ზემოაღნიშნული გადასახადი საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება. ქონების გადასახადის განაკვეთი ქონების ღირებულების არაუმეტეს 1%-ია. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ქონების გადასახადის განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია ქონების მფლობელი პირის სტატუსზე (ფიზიკური პირია იგი თუ იურიდიული), ასევე ქონების ტიპსა და შემოსავლის ოდენობაზე.

უფრო მეტ დეტალს გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ გაეცნოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.