კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური რჩევები მშობლებს

როცა ოჯახის ახალ წევრზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, შეუფასებელია ის დადებითი ემოციები, რასაც მისი არსებობა ოჯახის ყველა წევრს ანიჭებს. ამ თვალსაზრისით, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ხარჯების თემა ამ ყველაფრის ფონზე მოსატანიც არაა. თუმცა, საბოლოო ჯამში, იგი საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც შვილის მოვლისა და მისი განვითარებისთვის ფინანსური მზადყოფნა და სწორი ფინანსური ქცევები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ფინანსური მზაობა ბავშვის შეძენამდეც მნიშვნელოვანია და მისი აღზრდის პროცესშიც

ბავშვის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებთან უკეთ გასამკლავებლად შეგიძლიათ ორი, ყველაზე გავრცელებული მეთოდი გამოიყენოთ: დაზღვევა და დანაზოგი.

სასურველია თუ ჯანმრთელობის ისეთ სადაზღვევო პაკეტის აირჩევთ, რომელიც ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის სამედიცინო მოვლის ხარჯს სრულად ან უმეტეს ნაწილს დაგიფინანსებთ. 

ჯანმრთელობის კარგი სადაზღვევო პაკეტი, როგორც წესი, სადაზღვევო შემთხვევის ხარჯებს ფარავს, მაგრამ ისეთი ხარჯები, როგორიცაა ბავშვის საფენების, სათამაშოების ტანსაცმლის და სხვა, სადაზღვევო პოლისით არ დაიფარება. ამ ხარჯებისთვის მოსამზადებლად საუკეთესო საშუალება დანაზოგის შექმნაა. სასურველია, თუ დანაზოგის შექმნას ბავშვის შეძენამდე დაიწყებთ, ასე უფრო მშვიდად შეძლებთ მიმდინარე შემოსავლებიდან სასურველი თანხის მობილიზებას. თქვენ შეგიძლიათ ის თანხაც კი დაიანგარიშოთ, რაც საშუალოდ თვის განმავლობაში დაგჭირდებათ ბავშვისთვის ნივთების შესაძენად და ამის მიხედვით დაიწყოთ დაზოგვა.

ოჯახის შემოსავლების განაწილებაზე ანუ ოჯახის ბიუჯეტზე ფიქრისას, გირჩევთ, სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასთან ერთად, არ გამოგრჩეთ თანხების გადადება შვილის მომავლისთვისაც, მაგალითად, მისი განათლებისთვის. ამ მიზნით ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საბავშვო ანაბრის გახსნაა. ეს ანაბარი შეგიძლიათ გახსნათ ბავშვის დაბადებისთანავე და თანხა მის სრულწლოვანებამდე აგროვოთ. ვინაიდან დეპოზიტის ვადა საკმაოდ ხანგრძლივია და დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვაც ხანგრძლივი ვადის განმავლობაში მიმდინარეობს, მცირე შენატანებითაც კი შეიძლება საკმაოდ ხელშესახები თანხა დააგროვოთ. სცადეთ და თავად დათვალეთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორების საშუალებით. 

გარდა ამისა, სასურველია, თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავლიდან გადაუდებელი საჭიროებების ფონდსაც გააკეთებთ და ერთგვარ "უსაფრთხოების ბალიშსაც" შექმნით. ასე დაცული იქნებით გაუთვალისწინებელი ფინანსური რყევების მიმართაც, რაც მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა საქმე შვილებს ეხება.

ეცადეთ, მოსალოდნელ ხარჯებს ყოველთვის მომზადებული შეხვდეთ 

ზოგადად, როცა ხარჯები გარდაუვალია, სიურპრიზები ნამდვილად არაა სასიამოვნო. ამიტომ სჯობს ყველა მოსალოდნელ ხარჯს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეთ.

გადახედეთ მიმდინარე ფინანსურ ხარჯებს, დაითვალეთ ბავშვის მოვლისთვის საჭირო თანხა და შეხედეთ, რამდენად მარტივად ჩაჯდება ახალი ხარჯები თქვენს ბიუჯეტში. ასე ნათლად დაინახავთ, რამდენად შეგიძლიათ, დანაზოგის გარეშე შეხვდეთ ოჯახის ახალი წევრის შემომატებას. ამასთან, თუ შეძლებთ,  რომ პატარასთვის საჭირო თანხა თქვენი ბიუჯეტისთვის უმტკივნეულოდ გადადოთ და დაზოგოთ, შეგიძლიათ ეს თანხა დეპოზიტზე გადაიტანოთ და შეინახოთ მის დაბადებამდე. 

მოიძიეთ ინფორმაცია მოსალოდნელ ხარჯებზე

როგორ შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ, რა დაგჭირდებათ ან როგორ გათვლით რისთვის უნდა იყოთ მზად?

საკუთარი გამოცდილება - ამ გათვლებს სხვების გამოცდილების მოძიებასთან ერთად საკუთარი ძალისხმევითაც შეგიძლიათ გაართვათ თავი. თუ თქვენ უკვე გყავთ შვილი, შეგიძლიათ თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეგმოთ მომავალი ხარჯები. ხოლო, თუ პატარა წევრი პირველად გემატებათ ოჯახში, უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება დაგჭირდებათ. ფინანსური სტაბილურობის გარდა აუცილებლად დაგჭირდებათ ემოციური მზაობა, ამისთვის კი სასურველია, სწორ და საჭირო ინფორმაციას ფლობდეთ თქვენი მომავალი პატარას შესახებ. 

მშობელთა სკოლები - ინფორმაციის მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მშობელთა სკოლების შეხვედრებზე დასწრებაა. ამ ტიპის შეხვედრები ძირითადად ეძღვნება ორსულობის და მშობიარობის პერიოდების საჭიროებების განსაზღვრას. მშობელთა სკოლის შეხვედრებზე დასწრება საშუალებას მოგცემთ, სწორად შეაფასოთ თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი ცვლილებები და მოისმინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც სიახლეების უმტკივნეულოდ მიღებაში დაგეხმარებათ. 

რეკომენდაციების მოძიება - გარდა მშობელთა სკოლისა, ბავშვის შეძენასთან მზაობაში  თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიებაც დაგეხმარებათ. ხშირად, ირგვლივ მყოფთა გამოცდილებისა თუ რეკომენდაციების გაზიარება საუკეთესო გზაა ინფორმაციის მოსაძიებლად. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ რამე მისაღები და მოსაწონი იყო სხვისთვის, არ ნიშნავს თქვენთვისაც ანალოგიური იქნება. საუკეთესო გზა ამ შემთხვევაში არის, თუ მნიშვნელოვან საკითხზე მოიძიებთ ალტერნატიულ ინფორმაციას და საბოლოოდ თქვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტებს შეარჩევთ. მაგალითად, ბავშვისთვის საჭირო ნივთებზე: სად შეიძინოთ, რა რაოდენობით, რა ბიუჯეტი დაგჭირდებათ და სხვა. ასე შეძლებთ შეარჩიოთ თქვენი ბიუჯეტის შესაფერისი  საუკეთესო ალტერნატივა. 

პასუხისმგებლობით მიუდექით ახალ ვალდებულებებს

როგორც წესი, პატარას გაჩენის შემდეგ, ოჯახისთვის უსაფრთხო და ფინანსურად სტაბილური გარემოს შექმნა კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება. ამიტომ სასურველია, თუ მეტი პასუხისმგებლობებით მოეკიდებით ახალი ვალდებულებების აღებას. რამდენადაც ოჯახის ახალი წევრის გაჩენასთან ერთად ოჯახის ხარჯებიც იზრდება, ახალი ვალდებულებების, მაგალითად, სესხის აღების საჭიროება და მისი დაფარვის რეალური შესაძლებლობა კარგად უნდა იყოს გააზრებული.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები ბევრად უფრო სასიამოვნო და ნაკლებად სტრესული იყოს. მნიშვნელოვანია, თუ ამგვარ მომენტებს ფინანსურ ჭრილში გააანალიზებთ და მომზადებული შეხვდებით.