კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების მნიშვნელობა მეწარმე ქალებისთვის

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მეწარმეების როლი უმნიშვნელოვანესია. თუმცა ზოგიერთი სტერეოტიპი და ბარიერი ხელს უშლის ქალებს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებასა და განვითარებაში. სწორედ ამიტომ, მათი მხარდაჭერა და გაძლიერება  მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტული გამოცანაა. ამ პროცესში კი ფინანსური განათლების ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

და მაინც, რატომ არის აუცილებელი ფინანსური განათლება ქალი მეწარმეებისთვის?

ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას

ფინანსური წიგნიერება მეწარმე ქალებს მატებს თავდაჯერებულობას და ეხმარება ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში. ქალები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია და ცოდნა დაზოგვის, ბიუჯეტირების, ინვესტირების, საბანკო გადარიცხვებისა და სხვა ფინანსური საკითხების შესახებ, უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რადგან მათ აქვთ ცოდნა და უნარი, ყველა შესაძლო რისკი და სარგებელი წინასწარ განჭვრიტონ. 

ფინანსური განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები მეწარმეებისთვის, რომლებსაც საკმარისი ფინანსური რესურსის დაგროვებასა და შესაბამისი პროფესიონალების დაქირავებამდე, ხშირად თავადვე უწევთ ფინანსური აღრიცხვის წარმოება. ამ დროს მნიშვნელოვანია, ფინანსური გადაწყვეტილებები ემყარებოდეს რეალურ ცოდნას, რათა თავიდან ავირიდოთ შესაძლო ზარალი. 

ხელს უწყობს რისკების ადეკვატურ მართვას

რისკების მართვა მნიშვნელოვანი კომპონენტია სამეწარმეო საქმიანობის განვითარების პროცესში. გარემო მუდმივად იცვლება, რაც გავლენას ახდენს სამეწარმეო საქმიანობის პროცესებზე. რისკების მართვა კი გულისხმობს შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორების წინასწარ აღმოჩენასა და მათს შემცირებას, რათა თავიდან ავირიდოთ  ბიზნესსაქმიანობის განვითარების საფრთხეები. ფინანსური წიგნიერება ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია რეალური ვითარების სრულყოფილად შეფასებისა და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. 

ამცირებს ფინანსური გამოწვევების ზეგავლენას 

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზარდა იმ ბიზნესების რაოდენობა, რომელთა მფლობელებიც ქალები არიან. თუმცა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და ბარიერების პირობებში, ქალი მეწარმეები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევების წინაშე დგანან. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ქალების ნაწილს მხოლოდ გენდერის გამო აქვთ შეზღუდული საოჯახო ქონებაზე წვდომა, აისახება სესხების მიღების შემცირებულ შესაძლებლობებსა და გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებზე. საქართველოში ბიზნესის სესხების სტატისტიკას თუ შევხედავთ, მათი 16% ისეთ ბიზნესებზეა გაცემული, რომლებსაც ქალები ფლობენ, 84% კი მამაკაცების მფლობელობაში არსებულ ბიზნესებზე მოდის. 

ფინანსურად განათლებულ და ინფორმირებულ მეწარმე ქალებს დაფინანსების ყველა შესაძლო არხზე აქვთ ინფორმაცია, უფრო მედეგები არიან გარე სტერეოტიპული თუ ფინანსური გამოწვევების მიმართ და მათი გავლენის შემსუბუქება შეუძლიათ. 

ზრდის თავდაჯერებულობას

სამეწარმეო საქმიანობაში თავდაჯერებულობა ხშირად განმსაზღვრელია უფრო რისკიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისას. საზოგადოებაში არსებული ბარიერებისა და სტერეოტიპების გამო ქალებს, როგორც წესი, უფრო დაბალი თავდაჯერებულობა აქვთ. შედეგად, ან უფრო მეტად საფრთხეებს ხედავენ ვიდრე  შესაძლებლობებს, ან სულაც ნაკლებად ერთვებიან სამეწარმეო საქმიანობაში. ფინანსური განათლების ამაღლება კი ქალების თავდაჯერებულობას უმაღლებს, რაც ხელს უწყობს მათს გაძლიერებასა და წახალისებას, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ. 

საბოლოდ, ფინანსური განათლება აუცილებელია მეწარმე ქალებისთვის, რათა მათ ზუსტად შეაფასონ ბიზნესის განვითარების პოტენციალი და ყველა შესაძლო რესურსი ეფექტიანად აითვისონ.