კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გჭირდებათ თუ არა დაზღვევა?

თანამედროვე ეპოქაში დაზღვევა შესაძლებელია თითქმის ყველა რისკისგან. თუმცა, საინტერესოა, რამდენად საჭიროა, ყველა რისკისაგან იყოთ დაზღვეული? საჭირო სადაზღვევო პროდუქტის შესარჩევად უნდა იცოდეთ, რისი დაზღვევა გსურთ, რა რისკის დადგომის ალბათობა არსებობს და გჭირდებათ თუ არა შესაძლო ფინანსური ზიანის რისკის მზღვეველთან გაზიარება. 

ამ საკითხზე დასაფიქრებლად რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

შეაფასეთ თქვენი მოთხოვნები და პრიორიტეტები

პირველი, რაც საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: „რისი დაზღვევაა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი?“. პასუხი, შესაძლოა, ყველას განსხვავებული ჰქონდეს. მაგალითად, თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს საკუთარი ან თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, ქონება, ბიზნესი, მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობა თუ სხვა. დაფიქრდით იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესახებ, რომლის გამოც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური დანკარგების წინაშე აღმოჩნდეთ. სწორედ თქვენი პასუხი ამ შეკითხვაზე განსაზღვრავს იმას, თუ რისი დაზღვევა გჭირდებათ უფრო მეტად და რისი დაზღვევაა თქვენთვის პრიორიტეტული.

მიიღეთ ზომები რისკების შესამცირებლად და განსაზღვრეთ დაზღვევის საჭიროება

დაფიქრდით რისკებზე. თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები და შეამციროთ რისკები. რისკების სწორი განსაზღვრა დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო მათზე წინ და სწორად განსაზღვროთ დაზღვევის საჭიროება.

დაზღვევა შეიძინეთ მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ და განამტკიცოთ თქვენი ცხოვრების დონე

გამართლებულად მიიჩნევა ისეთი რისკების დაზღვევა, რომლებიც რეალიზების შემთხვევაში  გამოიწვევს სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებს. ამიტომ გირჩევთ, დაზღვევის შეძენა დაიწყოთ ძირითადი საჭიროებებისათვის, როგორიც არის მაგალითად: საკუთარი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა, სახლის დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა, ბიზნესის დაზღვევა, შემდეგ კი შეგიძლიათ სხვა სადაზღვევო პროდუქტები საჭიროებაზეც  დაფიქრდეთ, მაგალითად, კიბერ თავდასხმისაგან თავის დაზღვევა, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა. 

შეარჩიეთ თქვენი შესაძლებლობები და საჭიროებები

დაზღვევის შეძენის გადაწყვეტილების მიღებამდე გააანალიზეთ და შეაფასეთ, რამდენად შეწვდებით ყველაფრის დაზღვევას და, იმ შემთხევაშიც კი, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ, ნამდვილად საჭიროა თუ არა ყველა რისკის დაზღვევა და ხომ არაა ამ რისკების სხვაგვარად დაბალანსება შესაძლებელი.

თუ თვლით, რომ რისკების შესამცირებლად საკმარისი ზომები გაქვს მიღებული, მაგრამ მაინც არსებობს მათი დადგომის ალბათობა და ამ რისკების რეალიზების შემთხვევაში მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანიც შესაძლოა მიიღოთ, უმჯობესია, ისარგებლოთ დაზღვევით.