კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები

პირველი სამსახური და შემოსავლის მიღება სიხარულთან ერთად პასუხისმგებლობასთანაც არის დაკავშირებული. შრომის ბაზარზე პირველი ნაბიჯების გადადგმისას ახალგაზრდას უჭირს როგორც ბაზრის მოთხოვნებში გარკვევა, ისე საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა. საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, ძირითადად, საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს. შესაბამისად, სამსახურის დაწყებამდე აუცილებელია კარგად გაეცნოთ კანონით დადგენილ ნორმებს, რათა გქონდეთ საჭირო ინფორმაცია,  როგორც საკუთარი, ისე დამსაქმებლის უფლებების შესახებ.  

რა ასაკიდან შეიძლება დასაქმების დაწყება?

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით ფიზიკურ პირს შრომითი მომსახურება შეუძლია გასწიოს   16 წლიდან. 16 წლამდე არასრულწლოვანს კი სჭირდება მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა, თუ შესაბამისი შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. ხოლო 14 წლამდე არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტის, ხელოვნების ან კულტურის სფეროში საქმიანობის განსახორციელებლად ანდა სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. 

როგორია არასრულწლოვანის სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომის შესაძლებლობა?

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს არასრულწლოვანთა სამუშაო დროსაც, კერძოდ:

  • 16- დან 18 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს, 
  • ხოლო 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს.

ზეგანაკვეთურ სამუშაოს რაც შეეხება, არასრულწლოვანის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში − ჯამურად 4 საათს. 

რა აკრძალვებს ითვალისწინებს შრომის კოდექსი არასრულწლოვანთა დამსაქმებლებისთვის?  

აკრძალულია არასრულწლოვანის დასაქმება ღამის სამუშაოზე, ასევე, არასრულწლოვანის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, აკრძალულია ანაზღაურებად შვებულების მომავალი წლისთვის გადატანა.  

ახალი სამსახური ახალ უნარებსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს. ამ შესაძლებლობების ადრეული ასაკიდან მიღებასა და გააზრებას კი, ხშირ შემთხვევაში, ფინანსურ წარმატებამდე მივყავართ. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ცხოვრების ამ ახალ ეტაპს თავიდანვე სათანადო ცოდნითა და ინფორმაციით მომზადებულები შეხვდეთ.