ხშირად ფინანსური თაღლითების "ანკესი" ყოველდღიურ ცხოვრების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მომენტებშია ხოლმე ჩამალული და დაუკვირვებელი ადამიანი, შესაძლოა, ადვილად აღმოჩნდეს მოტყუების მსხვერპლი. მაგალითად, ამანათის მიღება ან გაგზავნა, ონლაინ ნივთების შეძენა თუ მომსახურე ფინანსური ორგანიზაციის სახელით შეტყობინების მიღება, შესაძლოა, საბოლოოდ ფინანსური რისკის შემცველი აღმოჩნდეს.
ოჯახის ფინანსების განკარგვის პროცესში კი ეს რისკები ბევრად უფრო საყურადღებოა, რადგან საერთო ბიუჯეტში არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანის შემოსავლები და ხარჯები მონაწილეობს, ასევე, საერთო ფინანსებს, შესაძლოა, ერთზე მეტი ადამიანი განაგებდეს. ეს კი ფინანსური უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას ზრდის.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ოჯახის ყველა წევრს, როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს, უფრო მარტივი წვდომა გაუჩნდათ ინფორმაციის არაერთ წყაროზე. აღნიშნული ფაქტი ერთი მხრივ, ზრდის შესაძლებლობებს, თუმცა იმავდროულად ფინანსური უსაფრთხოების კუთხით საფრთხეებსაც აჩენს, რადგან საჭირო ხდება მათ სანდოობაში დარწმუნება და გადამოწმება.
ოჯახის ფინანსების დაცულობისთვის მნიშვნელოვანია, ოჯახის ყველა წევრს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია ფინანსურ უსაფრთხოებაზე.
როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ფინანსური უსაფრთხოების შესახებ?
ბავშვები ყველაზე მიმნდობნი, თუმცა იმავდროულად სხარტად მოაზროვნენი და ინფორმაციის ადვილად მიმღებნი არიან. რამდენადაც ერთი მხრივ, მარტივია მათზე ზეგავლენის მოხდენა და შეცდომაში შეყვანა, იმდენად ადვილია აუხსნათ და შეასწავლოთ ფინანსური უსაფრთხოების საკითხები. სასურველია ბავშვს პატარა ასაკიდან ასწავლოთ, რომ ფული, როგორც ნაღდი ისე ელექტრონული სახით, საჭიროებს მოფრთხილებას და დაცვას.
ასწავლეთ ბავშვებს ფინანსური თაღლითობების შესახებ
თანამედროვე სამყაროში ბავშვებს, საკმაოდ ფართო წვდომა აქვთ ტექნოლოგიურ რესურსებსა და ფინანსურ პროდუქტებზე. ისინი თითქმის ყოველდღე სარგებლობენ სასკოლო ბარათებითა თუ ნაღდი ფულით. მათ უწევთ არჩევანის გაკეთება, სად და რა ფასად იყიდონ მათთვის სასურველი ნივთი, ან სულაც, შესაძლოა, საბანკო ბარათით ონლაინ შესყიდვებსაც ახორციელებდნენ. სწორედ ამიტომ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ბარათის გამოყენებისას, ნაღდი ფულით გადახდისას თუ ონლაინ შესყიდვისას არსებობს გარკვეული რისკები, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, თუ ბავშვს აქვს საბანკო ბარათი, უნდა იცოდეს, რომ ბარათზე დატანილი მონაცემების სხვისთვის გაზიარების შემთხვევაში, შესაძლოა, მისი ბარათით სხვამ ისარგებლოს. თუ ბავშვი ნაღდ ფულს იყენებს, სასურველია იცოდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული ბანკნოტი ან მონეტა. მაგალითად, თუ ბავშვი წვენს შეიძენს 5 ლარიანი ბანკნოტით, უნდა იცოდეს, რომ ხურდას ქაღალდის ფულით არ დაუბრუნებენ, ან თუ დაუბრუნეს, უნდა იცოდეს, რომ 1 და 2 ლარიანი მხოლოდ მონეტები გვხვდება.
ისაუბრეთ გავრცელებულ საყურადღებო შემთხვევებზე
არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც ხშირად ხდებიან ფინანსური თაღლითობის მსხვერპლნი, რაც საბოლოოდ ფინანსურ არასტაბილურობასა და მიზნების შეუსრულებლობას იწვევს. შეიძლება ოჯახის წევრს შემოსავლის იოლი გზით გაზრდის სურვილი გაუჩნდეს და დაეთანხმოს შეთავაზებას დანაზოგის სარფიან, მაღალპროცენტიან დაბანდებაზე ან დაიჯეროს, რომ უცნობი ადამიანი მას პერსონალური მონაცემების გაზიარების სანაცვლოდ მემკვიდრეობას დაუტოვებს.
შეათანხმეთ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები
შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისგან დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა ამ ინფორმაციის ბევრი ადამიანისთვის გაზიარება და საბოლოო გადაწყვეტილების ერთად მიღება. მაგალითად, თუ საოჯახო ნივთს ყიდულობთ და შესყიდვის პირობად პირადი ფინანსური მონაცემების გაზიარება გთხოვათ ვინმემ, ან საოჯახო დანაზოგის დასაბანდებლად არარეალურად კარგი შემოთავაზება მიიღეთ, ეს საკითხები აუცილებლად ოჯახთან ერთად განიხილეთ. შესაძლოა, ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდეს ინფორმაცია ამ ტიპის შემთხვევაზე ან შეეძლოს სწორი რჩევის მოცემა.