კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსურ სტრესთან გამკლავება

ოჯახის ფინანსურსტაბილურობაში ფინანსების მართვა გადამწყვეტ როლს თამაშობს. ყოველდღიური ხარჯების აღრიცხვა, ანალიზი, მათი დაფინანსება და შემოსავლების გონივრული განაწილება ხარჯებსა და დანაზოგებზე შრომატევადი, თუმცა ფინანსური მიზნების მიღწევისა და კეთილდღეობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამასთან, ფინანსების მართვა გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ ფინანსური პრობლემები და მასთან დაკავშირებული სტრესი აღარ გაჩნდება. თუკი ფინანსების მართვა ახლახან დაიწყეთ ან გარემო, რომელშიც ცხოვრობთ არასტაბილურია, შესაძლებელია, ფინანსურმა სირთულეებმა მაინც იჩინოს თავი.

თუ ფინანსური პრობლემები და ფინანსური სტაბილურობის საკითხები თქვენთვისაც სტრესულია, იცოდეთ რომ მარტო არ ხართ. ფინანსურ სტრესთან გამკლავება, მსოფლიო მასშტაბით, მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს  შემოსავლების არასტაბილურობა თუ ფულადი რესურსების სიმცირე აწუხებს. მსგავსი საკითხები საბოლოოდ ფინანსური სტრესს ქმნის, რომელის დროულად და სწორად მართვაც ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია. 

რა არის ფინანსური სტრესი და როგორ შეიძლება მისი მართვა?

ფინანსური სტრესი, ემოციური დაძაბულობაა, რომელსაც არასაკმარისი ფულადი რესურსები  და მასთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს. ის  სტრესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა მსოფლიოში და მისი გამოწვევა შეუძლია, მაგალითად, სამსახურის დაკარგვას ან სამსახურის მაძიებლად დიდხანს ყოფნას, ფინანსური დავალიანების ზრდას, ხარჯების მოულოდნელ ზრდასა თუ არაპროგნოზირებად გარემოს, რომელსაც თქვენი შემოსავლის ცვლილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. 

ფინანსური სტრესისგან დაზღვეული არავინა, თუმცა, სტატისტიკურად, სტრესის ქვეშ უფრო ხშირად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები ექცევიან. თუ ხარჯების დაფარვა თვიდან თვემდე რთულდება, თუ თქვენი ოჯახის წევრების შემოსავლის წყარო არასტაბილური ან მოკლევადიანია, თუ შემოსავლის მიღების თარიღებს შორის საჭიროებების დაფინანსება გიჭირთ, შესაძლებელია, ფინანსური სტრესის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდეთ. ფინანსური სტრესი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა ფაქტორისგან გამოწვეული სტრესი, საყურადღებოა, რამდენადაც შეუძლია როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იქონიოს გავლენა. ამასთან, სტრესმა გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში. 

იმისთვის, რომ ცხოვრებისეულმა გამოწვევებმა ოჯახის ფინანსების მართვასა და მიზნების მიღწევაში არ შეგაფერხოთ, მნიშვნელოვანია, სწორად მართოთ და დაძლიოთ სტრესი და მისი გამომწვევი ფაქტორები.

რჩევები ფინანსური სტრესის სამართავად:

გადახედეთ და სიტუაციის მიხედვით შეცვალეთ თქვენი ოჯახის ბიუჯეტი

თუ თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი შეიცვალა, ან თქვენ ირგვლივ არსებულმა მოვლენებმა თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეცვალა, გააგრძელეთ ბიუჯეტის წარმოება   და ის თქვენს მიმდინარე სიტუაციას მოარგეთ. ასე უფრო რაციონალურად, ნათლად დაინახავთ და შეაფასებთ თქვენს ფინანსურ სიტუაციას, დაგეგმავთ სამომავლო ქმედებებს და თავიდან აირიდებთ გაურკვევლობით გამოწვეულ სტრესს.

შეეცადეთ დაზოგვის ჩვევა გამოიმუშაოთ ან შეინარჩუნოთ

რიგ შემთხვევებში, მაგალითად, თუ რადიკალურად შემცირდა შემოსავალი, შესაძლოა, გართულდეს ძველი სქემით თანხის დაზოგვა, თუმცა არ შეწყვიტოთ დაზოგვა. შესაძლებელია, ფინანსური მიზნების მიღწევამ დროში გადაიწიოს ან თუნდაც პრიორიტეტულობა დროებით დაკარგოს, მაგრამ არ შეწყვიტოთ თუნდაც სიმბოლური თანხის გადადება. პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ დაზოგვის მთავარი საწყისი სწორი ფინანსური ჩვევის არსებობაა და უწყვეტი დაზოგვა ამ ჩვევას განამტკიცებს. გარდა ამისა, მცირედი დანაზოგიც კი ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ელემენტია და უფრო მეტ სტიმულს მოგცემთ ფინანსურ გამოწვევებთან გასამკლავებლად;

შეეცადეთ შექმნათ დამატებითი შემოსავლის წყარო

თუ გარემოებები ხელს გიწყობთ, მოიძიეთ დამატებითი შემოსავლის წყარო. ეს არც ისე მარტივი ამოცანაა, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი დისტანციური სამუშაო ან არასრული განაკვეთის მქონე სამსახური. ფინანსების მართვისას, საერთო სიტუაციის გაუმჯობესებაში, მცირე შემოსავალსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება;

არ დაივიწყოთ სტრესის ზოგადი მართვა

ფინანსური სირთულეებისგან გამოწვეული საკითხები მხოლოდ ბიუჯეტსა და ფინანსურ მიზნებზე არ აისახება. ფინანსური სტრესი, ისევე როგორც სხვა სტრესორი, პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გაწყობაზე,  რაც, გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა,  ინდივიდის და ოჯახის განწყობასა და ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახოს. მნიშვნელოვანია, ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად, ზოგადი სტრესის მართვასაც საკმარისი დრო და რესურსი მოახმაროთ;

დაიწყეთ ფინანსური ვალდებულებების მართვა

ფინანსური სტრესი ყველაზე ხშირად ვალდებულებების მოჭარბებას ან მართვის სირთულეებს უკავშირდება. ზოგჯერ, იქნებ, იფიქროთ, რომ თუკი ფინანსურ ვალდებულებებს თავს აარიდებთ და უბრალოდ, ყურადღების მიღმა დატოვეთ, უფრო მარტივად შეეგუებით დამდგარ ნეგატიურ შედეგს. თუმცა, რეალურად, ვალდებულებების მართვას  ნებისმიერ დროს აქვს აზრი და გამოსავალი ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ. ამიტომ, თუ ჭარბვალიანობა ქმნის თქვენი ოჯახის სტრესს, დაიწყეთ მისი მართვა, შეეცადეთ დეტალურად ჩაიხედოთ სიტუაციაში და მოძებნოთ გამოსავალი; 

არ შეწყვიტოთ ოჯახის ფინანსების მართვა

თუ თქვენი პირველადი მიზნიდან გადაუხვიეთ, არ ნიშნავს, რომ მას ვერ დაუბრუნდებით. დროებითმა ფინანსურმა სირთულემ ფინანსების მართვაზე ხელი არ აგაღებინოთ. მეტიც, რაც სწრაფად გაუსწორებთ თვალს რეალობას, მეტი სიზუსტით აღრიცხავთ ხარჯებსა და შემოსავლებს, ბევრს ისაუბრებთ ოჯახის წევრებთან საერთო და ინდივიდუალური მიზნების გადახედვაზე, მით უფრო გაგიმარტივდებათ ფინანსური სირთულეებისა და ფინანსური სტრესის დაძლევა.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ფინანსების მართვა ის იდეალური საშუალებაა, რომლითაც თქვენი ფინანსური სტრესის მართვაც შესაძლებელია. ის საშუალებას მოგცემთ, გრძელვადიან პერიოდში ფინანსებზე ნაკლებად იდარდოთ და ოჯახური ცხოვრებით დატკბეთ.