კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური უსაფრთხოება მოგზაურობისას

მოგზაურობისას დასვენებასა და გართობაზე ხართ ორიენტირებული და ნაკლებად გსურთ სხვა საკითხებზე ფიქრით თავის შეწუხება. თუმცა, მნიშვნელოვანია, ფინანსურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოგზაურობისასაც გახსოვდეთ და მარტივი წესების დაცვით თავიდან აირიდოთ ფინანსებთან დაკავშირებული უსიამოვნებები.

შეისწავლეთ ადგილობრივი ვალუტა

უცხო ქვეყნის ფულის ნიშნები შეიძლება თქვენთვის მეტნაკლებად ნაცნობი (მაგ., დოლარი ან ევრო) ან სრულიად უცხო იყოს. ამიტომ კარგად დააკვირდით და შეისწავლეთ მონეტები და ბანკნოტები, მათი ვიზუალი და დამცავი ნიშნები, რათა შემთხვევით, ყალბი ფულის ნიშანი არ შემოგეპაროთ. ამასთან, კარგად დაითვალეთ გამყიდველისგან მიღებული ხურდა.

შეადარეთ ვალუტის კურსები და დააკვირდით საკომისიოებს

თუ ვალუტა მოგზაურობისას უნდა იყიდოთ, შეადარეთ სხვადასხვა ადგილას ვალუტის გაცვლის კურსები, ასევე, გადაამოწმეთ ინტერნეტით ოფიციალური კურსი. ხშირად, იქ სადაც კარგი კურსია, მოქმედებს კონვერტაციის მაღალი საკომისიოც. ამის შესახებ ინფორმაცია კი ან არ არის მითითებული, ან არც ისე თვალსაჩინოდ წერია. აუცილებლად იკითხეთ, არის თუ არა საკომისიო და რამდენ თანხას შეიძენთ თქვენ მიერ შეთავაზებული ოდენობის ვალუტის სანაცვლოდ. ამასთან, გაითვალისიწინეთ, რომ როგორც წესი, აეროპორტებში შედარებით მაღალი კურსია უცხოური ვალუტის საყიდლად, ამიტომ, უცხო ქვეყანაში ჩაფრენისას, აეროპორტში მხოლოდ ის თანხა დააკონვერტირეთ, რაც სასტუმრომდე მისასვლელად შეიძლება დაგჭირდეთ.

გადაანაწილეთ თანხა

უმჯობესია, თუ მოგზაურობისას მთელი თქვენი თანხა ნაღდი სახით არ გექნებათ და ნაწილს ბარათზე შეინახავთ. ასე უფრო დაცული იქნებით მისი დაკარგვის ან მოპარვისაგან. როგორც წესი, საერთაშორისო ბარათებით (Visa, MasterCard) გადახდის საშუალება თითქმის ყველა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტშია შესაძლებელი, თუმცა კარგი იქნება წინასწარ გაარკვიოთ, რომელიმე ქვეყანაში ხომ არ არის გადახდის სპეციფიური მოთხოვნები, მაგალითად, მხოლოდ ადგილობრივი ბარათებით ან მხოლოდ ნაღდი ფულით გადახდა. ამასთან გასათვალისწინებელია, რა ვალუტაში გიწევთ ანგარიშსწორება. თუ თქვენს ბარათს შესაბამისი ვალუტის ანგარიში არ აქვს და თანხა ამ ვალუტაში არ გიდევთ, მოგიწევთ კონვერტაცია. აუცილებლად გაარკვიეთ, რა სქემით და რა კურსით მოხდება კონვერტაცია. ვინაიდან, შესაძლებელია, თქვენთვის უფრო მომგებიანი ნაღდი თანხის კონვერტაცია და შესაბამისი ვალუტის წაღება იყოს. 

მოერიდეთ უცხო ბანკომატებს

თუ თანხის განაღდება დაგჭირდათ, არ ისარგებლოთ ბანკომატებით, რომლებიც გაურკვეველი წარმომავლობისაა და ქუჩებში გხვდებათ. უმჯობესია, თუ რომელიმე ბანკის შენობაში, კონკრეტულად ამ ბანკის ბანკომატით გაანაღდებთ თანხას. ამასთან, გახსოვდეთ, რომ საზღვარგარეთ თანხის განაღდებას საკმაოდ მაღალი საკომისიო აქვს. წინასწარ გაარკვიეთ თქვენს ბანკთან, რამდენს შეადგენს ეს საკომისიო. ან ხომ არ გთავაზობთ ბანკი ისეთ ბარათს, რომელსაც საზღვარგარეთ სარგებლობისას მოქნილი ან შეღავათიანი ტარიფები აქვს.

არ გადასცეთ ბარათი პერსონალს

სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათით გადახდისას, არ გაატანოთ ბარათი მომსახურე პერსონალს, არამედ სთხოვეთ პოსტერმინალის მოტანა და გადახდა თქვენ თვითონ განახორციელეთ. ამასთან, შეეცადეთ რომ ბარათის ნომერი ხელით დაფაროთ. არ დატოვოთ ბარათები სასტუმროს ნომერში ხელმისწვდომ ადგილას.

სეირნობისას თან ნუ იქონიებთ თქვენს თანხას სრულად 

შეეცადეთ, გასვლისას დაახლოებით იმდენი თანხა წაიღოთ, რამდენის დახარჯვასაც იმ დღეს აპირებთ, დანარჩენი თანხა კი სეიფში შეინახოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, არ შეინახოთ მთლიანი თანხა საფულეში, არამედ გადაანაწილეთ სხვადასხვა ადგილას, მაგალითად შიდა ჯიბეებში. კარგი იდეაა, ასევე, ე.წ. წელის ჩანთის გამოყენება, სადაც ფულთან ერთად ბარათებს, პასპორტს და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს შეინახავთ.

არ შეამოწმოთ ინტერნეტბანკი აეროპორტში

საჯარო მოხმარების უსადენო ინტერნეტის ქსელით (Wi-Fi)-ით სარგებლობისას, განსაკუთრებით, აეროპორტებში, მოერიდეთ ინტერნეტბანკის შემოწმებას ან ბარათით ინტერნეტში გადახდას, რათა არ გახდეთ კიბერთაღლითობის მსხვერპლი. 

ერიდეთ ჯიბის ქურდებსა და სხვა თაღლითებს

ყოველთვის თვალი გეჭიროთ თქვენს თანხაზე და სხვა ფასეულობებზე, რათა შემთხვევით, ჯიბის ქურდების სამიზნე არ გახდეთ. გადახდისას არ ამოიღოთ დიდი რაოდენობით ნაღდი თანხა, რათა არ მიიქციოთ სხვების ყურადღება. სიფრთხილით მოეკიდეთ უცნობებს, რომლებიც ქუჩაში თქვენთან მოდიან და რაიმე ნივთის ყიდვას გთავაზობენ. საქონელი და მომსახურება შეიძინეთ მხოლოდ ლეგალურ პროვაიდერებთან.