კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სამეწარმეო გარემო ქალებისთვის

სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისთვის გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის ტენდენციები და სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული ქალების რაოდენობის ზრდა მათ მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე მიანიშნებს, მაინც მნიშვნელოვანი გამოწვევებია, როგორც სოციალურ-კულტურული, ისე ფინანსურ-ეკონომიკური მიმართულებებით.

შრომითი პოლიტიკა და პრაქტიკა

საქართველოში საკანონმდებლო ბარიერები არ არსებობს და ქალებსა და კაცებს თანაბარი შრომითი პირობები აქვთ. თუმცა რეალობაში მაინც მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მაგალითად, მათ ანაზღაურებებს შორის. ერთსა და იმავე პოზიციაზე ქალები გაცილებით ნაკლებ თანხას გამოიმუშავებენ ვიდრე მამაკაცები, წამყვან პოზიციებსაც ქალები ნაკლებად იკავებენ. ამასთან, ზოგჯერ გავრცელებული სოციალურ-კულტურული დოგმებით, სხვა თანაბარ პირობებში, დაწინაურების ალბათობა მამაკაცებთან გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალებთან. 

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

ქალების ეკონომიკური გაძლიერების, ასევე, სამეწარმეო შესაძლებლობების შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. საფინანსო სექტორი, ერთი შეხედვით, მომხმარებლებს გენდერის ნიშნით არ ასხვავებს და სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის ქალებსა და კაცებს ფინანსურ პროდუქტებს თანაბრად სთავაზობს.

თუმცა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქონების მემკვიდრეობით მიღების დამკვიდრებული პრაქტიკა. იმის გათვალისწინებით, რომ ქონების გადაცემა ოჯახებში ჯერ კიდევ გენდერის ნიშნით ხდება, ქალებს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ საკმარისი კაპიტალი/უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მისაღებად და სამეწარმეო საქმიანობის განსავითარებლად. 

განათლება და პროფესიული სწავლება

ქალთა ბიზნესსექტორში ჩართულობაზე, ბუნებრივია, განათლებასა და უნარ-ჩვევების ამაღლების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა, დიდ ზეგავლენას ახდენს. საკანონმდებლო დონეზე გოგონებსა და ბიჭებს განათლების მიღების ერთნაირი შესაძლებლობა გააჩნიათ. თუმცა, ვინაიდან საოჯახო საქმიანობის მეტ წილს ქალები უძღვებიან და ამით აუნაზღაურებელ შრომაში მეტად არიან ჩართულნი, განათლებისთვის ან თუნდაც სამეწარმეო საქმიანობისთვის, ნაკლები დრო რჩებათ.  

ბიზნესგარემო და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა

დღეს ძალიან მარტივია სამეწარმეო საქმის დაწყება - არც საკანონმდებლო დონეზე არსებობს რაიმე შეზღუდვა გენდერის ნიშნით და ბიზნესის რეგისტრაციის პროცესშიც ბარიერები არ არსებობს. თუმცა გამოწვევაა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით დაბრკოლებად შეგვიძლია დავასახელოთ. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს მეწარმე ქალების გაძლიერებაზე და მათ როგორც ცოდნის ასამაღლებელ, ისე დაფინასების შესაძლებლობებსაც ამიტომ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე თქვენვის სასარგებლო იქნება ბაზრის შესაძლებლობების კვლევა.