კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საოჯახო ხარჯების აღრიცხვა

ხარჯი, ერთ-ერთი  განმარტებით, ესაა ფულის, დროისა თუ ძალისხმევის ოდენობა, რომელიც რაიმეს მისაღებადაა საჭირო. ფინანსების მართვის საკითხში მართებულია, ნებისმიერი ტიპის ხარჯი ფულადი ერთეულით გამოისახოს.

როდესაც ოჯახის ფინანსების მართვას იწყებთ, ბიუჯეტის შესაქმნელად, მიმდინარე სიტუაციის ანალიზისთვის თუ სამომავლო გეგმების რეალურობის შესაფასებლად, ოჯახის ხარჯების აღრიცხვა იქნება საჭირო.

თუ ცალკეული ინდივიდის შემთხვევაში პირადი ხარჯების დათვლა მეტ-ნაკლებად ადვილია  და მისი ხარჯვითი ქცევაც ინდივიდუალურად განისაზღვრება, ოჯახის საერთო ხარჯების ანალიზისთვის შეიძლება განსხვავებული მიდგომა გამოიყენოთ. საოჯახო ხარჯები ეს არის ჯამური ხარჯები, რომელიც წარმოიქმნა ოჯახის თითოეული წევრის საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ეს არის ოჯახის ყველა წევრის ინდივიდუალური ხარჯების ჯამი. ოჯახის სხვადასხვა წევრი, მისი ასაკისა თუ სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, განსხვავებული ხარჯვითი ქცევით ხასიათდება. საოჯახო ფინანსების მართვის მთავარი სპეციფიკა კი სწორედ შემოსავლების, ხარჯებისა და დანაზოგების ინდივიდუალური მაჩვენებლების გაერთიანებაშია.  

რადგან რამდენიმე ადამიანის ხარჯების აღრიცხვა არც ისე მარტივი საკითხია, სასურველია ეს გარკვეული სქემით გააკეთოთ:

ჩამოწერეთ ხარჯების სია

ხარჯების აღრიცხვისთვის, ბევრად მარტივია თუ წინასწარ გეცოდინებათ, რა ტიპის ხარჯები დაითვალოთ და რას მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, ტიპური საოჯახო ხარჯები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგი სახით:

  • სახლის მოვლის ხარჯი - აქ სტანდარტულად გაითვალისწინება სისუფთავის, ელექტრო და საკანალიზაციო სისტემების გამართულობის, გაგრილება-გათბობის სისტემების მოწყობა-მოწესრიგებისა და სხვა მსგავსი ხარჯები;
  • კვების ხარჯი - ოჯახის სრულფასოვანი საკვებისთვის საჭირო ხარჯი;
  • კომუნალური ხარჯი - დენის, წყლის, ბუნებრივი აირის, სადარბაზოს მოვლის, ინტერნეტისა და ტელევიზიის და სხვა მსგავსი ხარჯი;
  • ტრანსპორტის ხარჯი - ტრანსპორტირების ხარჯში გაითვალისწინება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის, ისე ოჯახის თითოეული წევრის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მოვლის ხარჯი. მაგალითად, თუ ოჯახის წევრებს ჰყავთ ავტომობილი, ამ ნაწილში დაითვლება საწვავის, მისი შეკეთების, რეცხვის და სხვა ხარჯები;
  • სამედიცინო ხარჯი - ამ ტიპის ხარჯი განსაკუთრებით აქტუალურია საოჯახო ფინანსების კონტროლის პროცესში. თუ ინდივიდუალური ხარჯების ანალიზისას უფრო მარტივია გათვალო და გააკონტროლო სამედიცინო ხარჯი, ოჯახში, სადაც სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების ბევრი წევრია, სამედიცინო ხარჯები საყურადღებო საკითხი ხდება. აქ გაითვალისწინება ექიმთან ვიზიტის, წამლების, გეგმიური ვიზიტებისა თუ სამედიცინო პროცედურების ღირებულება ოჯახის ყველა წევრის შემთხვევაში.
  • განათლების ხარჯი - სკოლამდელი დაწესებულებების, სკოლის, კოლეჯისა თუ უნივერსიტეტების გადასახადები, ტრენინგებისა თუ სხვა საგანმანათლებლო აქტივობების დაფინანსების ხარჯები;
  • შინაური ცხოველების მოვლის ხარჯი - თუკი გყავთ შინაური ცხოველი, მნიშნელოვანია ცალკე აღრიცხოთ მათი კვების, სამედიცინო და სხვა ხარჯები. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ მცირე სოფლის მეურნეობასაც ეწევით და პირუტყვს უვლით, ცალკე აღრიცხოთ მათი მოვლა-შენახვის ხარჯიც;
  • გართობისა და დასვენების ხარჯი - ოჯახის ყველა წევრს განსხვავებული ინტერესები და მისწრაფებები აქვს, მათ შორის, როცა საუბარი დასვენებასა და გართობას ეხება.  სადავო არაა, რომ დასვენება და გართობა, განსაკუთრებულად ოჯახის ყველა წევრის ჩართულობით, მნიშვნელოვანია და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვაც არ უნდა დაგავიწყდეთ;  
  • სხვა ხარჯები - როგორ დეტალურადაც უნდა აღრიცხოთ ყველა კატეგორიის ხარჯი, მინიმუმ ერთი მოვლენა მაინც იქნება, რომელიც გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს. სასურველია, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცალკე გათვალოთ ამგვარი შემთხვევების გამო მოსალოდნელი ხარჯები და ოჯახის ფინანსების მართვაში ჩართოთ;

გამოიყენეთ ხარჯების პრიორიტიზაცია

საოჯახო ხარჯების მსხვილი დაჯგუფებაც კი აჩვენებს, რომ ყოველდღიურობას ძალიან ბევრი ხარჯი ახლავს თან. რადგან ოჯახის რესურსები შეზღუდულია, ფინანსების სწორი მართვისთვის სასურველია, ხარჯები მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ხარჯებად დააჯგუფოთ. ეს პირველ რიგში ოჯახისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების საშუალებას მოგცემთ.

შეამცირეთ ხარჯები

თუ ხარჯების თავისებურებას კარგად შეისწავლით, დაინახავთ, რომ არააუცილებელი ხარჯები ოჯახის ხარჯების ის ნაწილია, რომელითაც სურვილების დაფინანსება ხდება და შესაძლებელია მისი კორექტირება ისე, რომ ცხოვრების ხარისხი არავისთვის გაუარესდეს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ხარჯების შეკვეცა მხოლოდ ერთი წევრის სურვილების ხარჯზე არ მოხდეს და თუ შესაძლებელი იქნება, ცვლილება ოჯახის წევრებს თანაბრად შეეხოს;

ისაუბრეთ ოჯახის წევრებთან

ხარჯების კონტროლის ერთი ნაწილი ხარჯების დეტალური აღწერა და მისი ანალიზია, ხოლო მეორე - ამ ხარჯების მართვა. სამართავად მნიშვნელოვანია ხარჯებზე პასუხისმგებლობა ოჯახის ყველა წევრს ჰქონდეს, ხოლო მიმდინარე ხარჯებზე, მათი შემცირების პერსპექტივასა თუ სხვა ფინანსურ საკითხებზე ოჯახის წევრებს შორის ღია კომუნიკაცია არსებობდეს.

როგორ შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯების მართვა?

შექმენით გადაუდებელი საჭიროებების "ფონდი"

გაუთვალისწინებელი ხარჯები ყოველი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, დაუგეგმავი სტუმრობა, ავადმყოფობა,  მოვლენათა ის მცირე ჩამონათვალია, რაც ოჯახის ყოველდღიურობას ახლავს თან. იმისთვის, რომ ამ სიტუაციების უმტკივნეულოდ მართვა იყოს შესაძლებელი, მნიშვნელოვანია დანაზოგის, ფონდის შექმნა ამგვარი სიტუაციების დასაფინანსებლად.

გაატარეთ პრევენციული ღონისძიებები

არსებობს ისეთი ტიპის ხარჯები, რომლის თავიდან არიდება შეიძლება. მაგალითად, სამედიცინო საჭიროებები, ავტოსაგზაო შემთხვევები, ბინის დაზიანება მეზობლის დაუდევრობის გამო ის მოვლენებია, რომელთა მიზეზით ზარალის თავიდან არიდებას ან შემცირებას შესაბამისი სადაზღვევო მომსახურების შეძენით შეძლებთ. 

დაფიქრდით გადაუდებელი ხარჯების გასასტუმრებლად სესხის აღებაზე

გაუთვალისწინებელი ხარჯების გასტუმრების არსებული, თუმცა ნაკლებად სასურველი, გზა - სესხის აღებაა. მაგალითად, თუ სამსახურში მისასვლელად უცილებლად გჭირდებათ მანქანა, რომელიც დაზიანდა და დაზღვევა და/ან თქვენი დანაზოგი ზარალს ვერ ფარავს, შეიძლება, მანქანის სესხის თანხით შეკეთება ერთადერთი სწორი გამოსავალიც იყოს. თუმცა, როგორიც უნდა იყოს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, სესხის აღება ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილების და სწორი ფინანსური გათვლების საფუძველზე უნდა მოხდეს.

რა ფაქტორები მოქმედებს ხარჯვაზე და როგორ შეიძლება მათი გათვალისწინება საოჯახო ბიუჯეტის მართვის დროს?

ხარჯვის ქცევაზე გავლენას ახდენს პიროვნული და გარე ფაქტორების რთული კომბინაციები, მათ შორის, შემოსავლის დონე, საზოგადოებრივი სიმდიდრე, ოჯახის ფინანსური მიზნები, ეკონომიკის მდგომარეობა, საზოგადოების კულტურული ნორმები, მარკეტინგული კამპანიები და სხვა. სწორედ ეს ფაქტორებია, რომელებიც ადამიანს ხშირად რაოდენობრივად და თანხობრივად საჭიროზე მეტი ან ნაკლები შენაძენის განხორციელებისკენ, არასასურველი ნივთების შეძენისა თუ სურვილებზე უარის თქმისკენ უბიძგებს. ეს ყველაფერი საბოლოოდ ოჯახის ხარჯების ნაწილზე მოქმედებს და მის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება. განვიხილოთ ზოგიერთი ფაქტორის გავლენა ოჯახის ბიუჯეტზე:

შემოსავალი

შემოსავლის დონე ხშირად პირდაპირ განსაზღვრავს ხარჯების დონესაც. მაღალი შემოსავლის პირობებში ადამიანები მიდრეკილები არიან დახარჯონ უფრო მეტი, ხოლო შემოსავლების შემცირებისას, ამცირებენ მიმდინარე ხარჯებს. ოჯახის ფინანსების დაგეგმვისას სასურველია, გაზრდილი შემოსავალი დანაზოგებისკენ მიმართოთ, რათა შემოსავლის შემცირებისას ცხოვრების ხარისხის გაუარესება არ მოგიწიოთ;

ფინანსური მიზნები

ფინანსური მიზნების არსებობა, ხშირად შეუცვლელი დამხმარეა ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლისთვის. ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ფინანსური მიზანი და იციან რა სტრატეგიით სურთ მისი მიღწევა, ნაკლებად დგებიან გადახარჯვის რისკის წინაშე. მათ შეუძლიათ არასასურველი ხარჯების შეკვეცა. ოჯახის ხარჯების კონტროლისა და უკეთესი მართვისთვის შეგიძლიათ, გრძელვადიანი ფინანსური მიზნები დასახოთ;

ეკონომიკის მდგომარება

ოჯახების ხარჯვითი გადაწყვეტილებები ხშირად დამოკიდებულია ეკონომიკის მდგომარეობაზე. თუ ქვეყნის ეკონომიკა მზარდია, ერთ სულზე საშუალო შემოსავალი იზრდება, ეკონომიკაში უფრო მეტი პროდუქტი და მომსახურება იწარმოება, შესაბამისად, შესყიდვის გაზრდის მოტივაციაც იმატებს. ამის საპირისპიროდ, რეცესიულ ანუ დაღმავალ ეკონომიკაში საზოგადოებას ხარჯვის უფრო ნაკლები მოტივაცია აქვს.

მარკეტინგული კამპანიები

შესყიდვის გადაწყვეტილებებს ხშირად წაახალისებს აგრესიული მარკეტინგული კამპანიები. ხშირი, აქტიური მარკეტინგული კამპანია, უმეტესად ადამიანებს არასაჭირო შესყიდვებისკენაც კი უბიძგებთ. როდესაც ადამიანი მხოლოდ თავის პირად ფინანსებს აკონტროლებს, უფრო მარტივია მარკეტინგულ ცდუნებას გაუმკლავდეს, ხოლო როდესაც ოჯახში სხვადასხვა ასაკის და ინტერესების ადამიანები ერთიანდებიან, უფრო დიდია ალბათობა, თუნდაც ერთმა წევრმა მაინც გაზარდოს ხარჯვა. ოჯახის ფინანსების კონტროლისას მნიშვნელოვანია, ყოველთვის განიხილოთ ახალი შესყიდვების საჭიროება და შესაბამისობა;

დასაქმებისა და ხელფასების დონე

თუ თქვენი ოჯახი იმ საზოგადოების ნაწილია, სადაც დასაქმების და ხელფასების დონე მაღალია, მოსალოდნელია, ადრე თუ გვიან თქვენი ხარჯვითი ქცევა შეიცვალოს და მეტად მხარჯველი გახდეთ, ვიდრე იყავით. მაღალი და სტაბილური შემოსავალი უფრო მეტად წაახალისებს ადამიანებს, შეისყიდონ არაპირველადი საჭიროების ნივთები და გააკეთონ კაპიტალური დაბანდებები; 

ფასები და საპროცენტო განაკვეთები

თუ სამომხმარებლო ბაზარზე ფასები და საპროცენტო განაკვეთები დაბალია ან შემცირების ტენდენცია ახასიათებს, გარკვეულ პერიოდში მეტი სტიმული გენებათ, შეიძინოთ ის ნივთები, რომელთა ყიდვისგან მანამდე თავს იკავებდით ან მიიღოთ საცხოვრებლის გაუმჯობესების გადაწყვეტილება. ეს კი ნიშნავს, რომ გაზრდით თქვენს საოჯახო ხარჯებს.