კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?

რა არის საკრედიტო ისტორია?

საკრედიტო ისტორია ეს არის ინფორმაცია მსესხებლის მიერ აღებული სესხებისა და მათი გადახდის შესახებ. საკრედიტო ისტორია გროვდება და ელექტრონულად  ინახება სპეციალიზებული ორგანიზაციის, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროს ერთიან მონაცემთა ბაზაში. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ისტორია მოიცავს არა მხოლოდ მომხმარებლის მიერ აღებული სესხების, არამედ მისი თავდებობით გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციასაც. 

საკრედიტო ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის, ვინაიდან ის აჩვენებს, თუ რამდენად დროულად ფარავს მომხმარებელი საკუთარ ვალდებულებებს. 

საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროსთან მსესხებლის შესახებ მონაცემების მიმოცვლას, მსესხებელთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკები, მიკროსაფინანსო  და სხვა ტიპის სესხის გამცემი ორგანიზაციებიც ახორციელებენ. 

ამჟამად, საქართველოში ერთი საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო - სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო - ფუნქციონირებს. საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროსთან დაკავშირების გზით მომხმარებლებს საკუთარი საკრედიტო ისტორიის ამონაწერი შეუძლიათ მიიღონ, მათ შორის წლის განმავლობაში სამჯერ - უფასოდ. 

ვინ არის თავდები და რას ნიშნავს თავდებობა?

თავდები - ეს არის პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე თავის თავზე იღებს სხვა პირის მიერ აღებული სესხის დაბრუნების პასუხისმგებლობას, თუ ამას თვითონ მსესხებელი არ/ვერ გააკეთებს. თავდებობა სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის თანხის დაბრუნების დამატებითი გარანტიაა: თუ მსესხებელი ვერ დაფარავს სასესხო ვალდებულებას, მაშინ გამსესხებელს აქვს უფლება თავდებისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა. თავდებობა უდიდესი პასუხისმგებლობაა; შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც თანხმობას აცხადებს იყოს თავდები, აუცილებლად ყურადღებით უნდა აწონ-დაწონოს როგორც მსესხებლის, ისე საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები.

ვის უწოდებენ თანამსესხებელს?

სესხი შეიძლება არამხოლოდ მარტო, არამედ სხვებთან, მაგალითად, ოჯახის წევრთან ერთადაც აიღოთ. თანამსესხებელს უწოდებენ პირს, რომელიც ხელშეკრულებას მსესხებელთან ერთად აწერს ხელს. 

სესხის აღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც შეიძლება მოგიწიოთ და მას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. დღესდღეობით, სესხებს ბევრი ფინანსური ორგანიზაცია გასცემს, მათ შორის ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემი სუბიექტები. თითოეული მომხმარებლის პასუხისმგებლობაა რეალისტურად შეაფასოს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები როგორც სესხის აღების მომენტისათვის, ისე სესხის დაფარვის მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიძიოს დეტალური ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შეთავაზების შესახებ, რომლისგანაც ფულის სესხებას აპირებს, ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა შემოთავაზება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.