ამ სტატიაში გთავაზობთ მოკლე რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ სესხითა თუ სხვა ფინანსური პროდუქტებით სარგებლობის შემთხვევაში მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები და დაიცვათ ფინანსური უსაფრთხოება.
სესხის დაფარვის რიგითობის არჩევისას გაარკვიეთ, რომელ არხში უნდა დააფიქსიროთ თქვენი მოთხოვნა
სესხის წინსწრებით დაფარვისას შესაბამისი ფორმა გამოიყენეთ
სესხის წინსწრებით დაფარვის დროს აუცილებლად მოითხოვეთ აღნიშნულის რამე ფორმით დაფიქსირება. მაგალითად, თუ სესხის დაფარვას ფინანსური ორგანიზაციის სერვის-ცენტრში ითხოვთ, მოითხოვეთ წერილობითი განაცხადი, რათა მოგვიანებით შეძლოთ ამ მოთხოვნის არსებობის დადასტურებაც. გახსოვდეთ, მხოლოდ ანგარიშზე თანხის შეტანა არ არის საკმარისი სესხის წინსწრებით დასაფარად. ფინანსური ორგანიზაცია თქვენი მოთხოვნის გარეშე ანგარიშზე დადებული თანხით სესხს ვადაზე ადრე არ დაგიფარავთ, თუ ამისთვის რამე სპეციალური მიზეზი არ გააჩნია.
იზრუნეთ საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე
შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია
გარკვეული პერიოდულობით შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია, რათა დარწმუნდეთ, რომ მასში მოცემული მონაცემები ზუსტია. გაითვალისწინეთ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებულია, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, წელიწადში 3-ჯერ დამატებითი საფასურის გარეშე მოგემსახუროთ და გაგაცნოთ თქვენ შესახებ არსებული ჩანაწერები.
პრეტენზიის დაფიქსირებისას მოითხოვეთ მისი მიღების დამადასტურებელი ინფორმაცია
პრეტენზიის დაფიქსირებისას მოითხოვეთ მისი მიღების დამადასტურებელი ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება, მაგალითად, პრეტენზიის განცხადების ასლი შესაბამისი მითითებით, რომ ის ჩაბარებულია, ან თქვენი პრეტენზიისთვის მინიჭებული ნომერი. ეს დაგეხმარებათ მოგვიანებით მოიკითხოთ ამ პრეტენზიის განხილვის მიმდინარე სტატუსი.
პროდუქტის გაუქმებისას მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განაცხადს ნუ დასჯერდებით
ანგარიშის დახურვისას და ან რომელიმე პროდუქტის გაუქმებისას მოითხოვეთ აღნიშნულის წერილობით/ელექტრონულად დაფიქსირება და შემდეგ დასტურის მიღება.
გაუფრთხილდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს
გაიგეთ მეტი პერსონალური მონაცემების არასათანადო დაცვასთან დაკავშირებულ რისკებზე.
გაითვალისწინეთ ფინანსური უსაფრთხოების ძირითადი წესები
ყურადღებით იყავით ვალუტის გადაცვლისას
ვალუტის გადაცვლის/კონვერტაციის დროს ყურადღება მიაქციეთ გამოქვეყნებულ კურსებს. ამასთან, დაინტერესით, გექნებათ თუ არა დამატებით გადასახდელი მომსახურების საკომისიოც. ეს ინფორმაცია ტრანზაქციის შესრულებამდე კიდევ ერთხელ დააზუსტეთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელთან. მოითხოვეთ ტრანზაქციასთან დაკავშირებული ქვითარიც. გაითვალისწინეთ, ვალუტის გაცვლითი ოპერაციის განხორციელებიდან ნახევარ საათში, თუ თანხა 5,000 ლარს არ აღემატება, თქვენ უფლება გაქვთ, გააუქმოთ ტრანზაქცია. თუმცა, ამისთვის დაგჭირდებათ შესაბამისი ქვითრის წარდგენაც.
ყურადღებით იყავით გზავნილის განხორციელებისას
ფულადი გზავნილის განხორციელებისას, არ გაუზიაროთ გზავნილის ქვითარი, კოდი და სხვა მონაცემები მესამე პირებს.
ყურადღებით იყავით თანხების ინვესტირებისას
გადაამოწმეთ ინფორმაცია ორგანიზაციასთან დაკავშირებით
ნებისმიერ ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობის დაწყებამდე გადაამოწმეთ მისი მონაცემები, რეპუტაცია, გამოხმაურებები და, მათ შორის, არის თუ არა აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი, ხოლო, ასეთ შემთხვევაში, რა სახის რეგულაცია ვრცელდება მასზე.