საბრუნავი საშუალებებისთვის მიღებული სესხი, ხშირ შემთხვევაში, მოკლევადიანია (1-3 წელი), მაშინ როდესაც საინვესტიციო სესხის ვადა 4-დან 15 წლამდე მერყეობს. სესხის თანხა დამოკიდებულია კომპანიის არსებულ ფინანსურ მაჩვენებლებზე, წარმოდგენილ უზრუნველყოფასა და სამომავლო გეგმებზე.
მაგალითად, თუ თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით 100 000 ლარია, ამ ქონების უზრუნველყოფით 70 000-80 000 ლარამდე ოდენობის სესხით სარგებლობას შეძლებთ (იხ. სესხის უზრუნველყოფა).
როგორც წესი, საფინანსო ინსტიტუტები სესხის ოდენობასა და ვადას იმ პრინციპით განსაზღვრავენ, რომ სესხის ყოველთვიური შენატანი ბიზნესის წმინდა მოგების 80%-ს არ აღემატებოდეს. სესხის ვადის დადგენისას მნიშვნელოვანია იმის დათვლა, თუ რა თანხის გადახდას შეძლებს ბიზნესი ყოველთვიურად ისე, რომ შენატანებმა მასზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.
მნიშვნელოვანია მეწარმემ ფინანსურ ინსტიტუტს დაუდასტუროს მოთხოვნილი თანხის მიზნობრიობა, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რაში და როგორ დაიხარჯება მიღებული თანხა. კერძოდ:მოთხოვნილი თანხის მოცულობა - რა თანხას ითხოვს მეწარმე სესხის სახით ფინანსური ორგანიზაციისგან.
კონკრეტული ჩამონათვალი - რაში აპირებს მეწარმე თანხის დახარჯვას: დეტალური ინფორმაცია შესაძენი საშუალებების შესახებ (მათ შორის, საქონლის, მომსახურების შესყიდვის და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების შესახებ: ტრანსპორტირება, განბაჟება, მონტაჟი და სხვა).
ინვესტიციის მთლიანი თანხა და ხარჯთაღრიცხვა - ბიზნესის წამოსაწყებად ან ბიზნესში დაგეგმილი ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო მთლიანი თანხა (ინვესტიცია). ინვესტიციის განსახორციელებლად შესაძლოა სესხის თანხა არ იყოს საკმარისი და საჭირო იყოს სხვა ფულადი რესურსიც, როგორიცაა საკუთარ ბიზნესში არსებული თანხა ან გარე წყაროდან (კერძო ინვესტორი, სხვა ფინანსური ორგანიზაცია, დონორი ორგანიზაცია და სხვა) მოზიდული დამატებითი სახსრები. ამ შემთხვევაშიც სესხის განაცხადს თან უნდა ერთოდეს დეტალური ინფორმაცია შესაძენი საშუალებების შესახებ.
სამუშაოების შესრულების განრიგი, ვადები - ხარჯის გაწევასთან დაკავშირებული ყველა ქმედება და საჭირო ამოცანების შესრულება დეტალურად უნდა იყოს გაწერილი დროში. ვადები უნდა იყოს რეალური, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული სამუშაოს შესრულება მოცემულ დროში უნდა იყოს შესაძლებელი. მაგალითად, მშენებლობის დროს საქმიანობის ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს გარე ფაქტორები, როგორიცაა: მასალების შეძენა-მობილიზაციისათვის საჭირო ვადა, სეზონი, ამინდი, გაუთვალისწინებელი შემთხვევები და სხვ.
მაგალითი: გსურთ შეიძინოთ დანადგარი, რომლის ღირებულება 50 000 ლარია. ინვესტიციის ნაწილი, 15 000 ლარი, უკვე გაქვთ (ბიზნესიდან რეინვესტირებით ან საკუთარი სახსრებით) და დარჩენილი 35 000 ლარისთვის მიმართავთ ფინანსურ ინსტიტუტს. იმისათვის, რომ მიიღოთ სესხი, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ინფორმაციის მიწოდება არამხოლოდ მოთხოვნილ 35 000 ლარზე, არამედ მთლიანი ინვესტიციის ღირებულებაზე, ანუ 50 000 ლარზე. ეს ინფორმაცია მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, მონაცემებს ინვესტიციის ჯამური ღირებულებით შესაძენი დანადგარის შესახებ (რას ყიდულობთ 50 000 ლარით) და 15 000 ლარის წარმომავლობას, ანუ რა წყაროებით აპირებთ დარჩენილი 15 000 ლარის მოძიებას.
მიზნობრიობის წარდგენისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია განისაზღვროს მეწარმის სამომავლო მიზანი - კერძოდ, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ რისი მოლოდინი აქვს მეწარმეს? ეს შეიძლება იყოს შემოსავლის გაზრდა, ხარჯებისა და თვითღირებულების შემცირება, ხარისხის გაუმჯობესება და, შესაბამისად, მოგების მაჩვენებლის ზრდა. ყოველივე ეს განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტურია ინვესტიციის განხორციელება ბიზნესისთვის.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაფინანსების მიღების შემთხვევაში დამფინანსებელი მოითხოვს სესხის ათვისებასთან/დახარჯვასთან დაკავშირებულ ყველა დამადასტურებელ ფინანსურ დოკუმენტაციას, მათ შორის, აქტივის შეძენის შემთხვევაში - შესყიდვის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (ზედნადები, ინვოისი ან ქვითარი), ასევე, შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში - შედეგების ამსახველ ფოტომასალას.