საკრედიტო ქულა
საკრედიტო ქულა კრედიტინფოს მიერ დამუშავებული მაჩვენებელია, რომელიც არაერთი ფაქტორის ანალიზს და დათვლის სტატისტიკურ მოდელს ეფუძნება.
დაკრედიტების პროცესში საკრედიტო ქულის გამოყენება გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამიტომაც მისი ნიუანსების ცოდნა ბევრი მომხმარებლისთვის საინტერესოა, ამდენად მას ჩვენც შევეხებით, თუმცა, ჩვენ განვიხილავთ კრედიტინფოს მიერ მიმდინარე მომენტისათვის გამოყენებულ და შესაბამისად, საქართველოში დღეისათვის მოქმედ პრაქტიკას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს საერთაშორისო პრაქტიკისგან.
რა დატვირთვა აქვს საკრედიტო ქულას?
საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობისა და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. კრედიტინფოში საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდემერყეობს. რაც უფრო მაღალია საკრედიტო ქულა მით უფრო მცირეა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობა.
რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას საკრედიტო ქულაზე?
საკრედიტო ქულას განსაზღვრავს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა ვალდებულებების მოცულობა, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა, საკრედიტო პროდუქტების მოხმარების სიხშირე და სხვა. თუმცა, თქვენს საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე ყველაზე მეტად გადახდების ისტორია მოქმედებს. გადახდების ისტორია აჩვენებს, რამდენად კარგად ასრულებთ ვალდებულებებს, მიუთითებს რა დრო დაგჭირდათ წარსული ვალდებულებების შესასრულებლად, გქონდათ თუ არა და როდის გქონდათ ვადაგადაცილებული სესხი, ან თუ გერიცხებოდათ ჯარიმა. საკრედიტო ქულის გამოყენებით დგება საკრედიტო რეიტინგი. რაც მაღალია საკრედიტო ქულა, მით უკეთესია თქვენი საკრედიტო რეიტინგი.
საკრედიტო რეიტინგი
კრედიტინფოს სისტემაში საკრედიტო რეიტინგი რისკის ხარისხის შეფასების ერთგვარი მარტივი ინტერპრეტაციაა – ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ალბათობა A საფეხურიდან E-მდე.
კრედიტინფოში დღეისათვის არსებობს 11 საფეხური:
რეიტინგი:
- A - 334-400 (საკრედიტო ქულა)
- B - 321-333 (საკრედიტო ქულა)
- C1 - 308 – 320 (საკრედიტო ქულა)
- C2 - 296-307 (საკრედიტო ქულა)
- C3 - 285- 295 (საკრედიტო ქულა)
- D1 - 273- 284 (საკრედიტო ქულა)
- D2 - 260-272 (საკრედიტო ქულა)
- D3 - 235-259 (საკრედიტო ქულა)
- E1 - 210-234 (საკრედიტო ქულა)
- E2 - 190- 209 (საკრედიტო ქულა)
- E3 - 0-189 (საკრედიტო ქულა)
აღსანიშნავია, რომ სხვა საკრედიტო ბიუროს შემთხვევაში აღნიშნული რეიტინგების სისტემა შეიძლება განსხვავებულადაც იყოს წარმოდგენილი.
არსებობს თუ არა საკრედიტო შავი სია?
შესაძლოა ხშირად გსმენიათ „შავი სიის“ არსებობის. თითქოს არსებობს ადამიანების სია, რომლებზეც დაუშვებელია სესხის გაცემა და თუ ამ სიაში ერთხელ აღმოჩნდით, სესხს ვერ აიღებთ. რეალურად ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და „შავი სია“ არ არსებობს. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მოხდა საკრედიტო რეიტინგის არსის არასწორი გაგება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელიც აფასებს თქვენს გადახდისუნარიანობას. დაბალი საკრედიტო რეიტინგი ან საკრედიტო ქულა არ ნიშნავს, რომ მომავალში თქვენ ვერ შეძლებთ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობას. მომხმარებლის დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილებას კონკრეტული ორგანიზაცია თავისი საკრედიტო რისკების პოლიტიკის შესაბამისად იღებს.
მსგავსი თემები
- საკრედიტო რეპორტი (ანგარიშგება)
- რა ინფორმაციას მოიცავს საკრედიტო რეპორტი?
- ვის აქვს თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის უფლება?
- ობლიგაციის ღირებულების განსაზღვრა
- რის საფუძველზე ხდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში თქვენი მონაცემების გადამოწმება?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას
- რჩევები საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად
- როდესაც სესხის მიმდინარე შენატანის გადახდას ვეღარ ახერხებთ