კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

შინაური ცხოველი და მასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია შინაური ცხოველის სახლში ყოლასთან, ის ფინანსური ხარჯებია, რომლის გაწევაც გარკვეული პერიოდულობით მოგიწევთ. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ცხოველის მოვლასთან დაკავშირებული ხარჯები მხოლოდ საკვებისა და აცრების ჩატარების ხარჯებით შემოიფარგლება, რაც საკმაოდ შორს არის სინამდვილისგან. 

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ხარჯები, რომლების გაწევაც მოგიწევთ თქვენი პატარა მეგობრის ჯამრთელობისა და კეთილდღეობისათვის. გაეცანით მათ, დააზუსტეთ და ჩამოწერეთ მათი სავარაუდო მოცულობა და დაფიქრდით, რამდენად შეგიძლიათ გამოყოთ თქვენი პირადი ან საოჯახო ბიუჯეტიდან ცხოველის მოვლისათვის საჭირო ხარჯები. ამ მენიუში ფასებს მხოლოდ საორიენტაციო ხასიათი აქვს და მოყვანილია მხოლოდ იმისთვის, რომ დაახლოებითი წარმოდგენა შეგექმნათ ცხოველების ყოლისთვის საჭირო ბიუჯეტზე. რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ სად და როგორ შენაძენს გააკეთებთ, ეს ხარჯებიც შესაძლოა განსხვავებული იყოს და საბოლოოდ მათი მოძიება და გათვლების გაკეთება ის საქმეა, რომელიც თავად მოგიწევთ.

შინაური ცხოველის შეძენა

ერთ-ერთი პირველი ხარჯია, რომლის გაწევაც ცხოველის შეძენის შემთხვევაში მოგიწევთ, თუ რა თქმა უნდა, მას ვინმე არ გჩუქნით. ამ ხარჯის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ცხოველს ყიდულობთ. მაგალითად, თუ ზაზუნას შეძენას გეგმავთ, ხარჯი ათეული ლარის ფარგლებში იქნება, ხოლო თუ გარკვეული ჯიშის ძაღლის, კატის ან სხვა ცხოველის ყიდვა გადაწყვიტეთ, თქვენმა ხარჯმა რამდენიმე ასეულ ლარსაც კი შეიძლება მიაღწიოს. მოიკვლიეთ მათი გასაყიდი ფასები და შესაბამისად გადაწყვეტთ რა ჯიშის თუ სახეობის ცხოველის ყოლა გსურთ.

ცხოველის პირადი სივრცის მოწყობა

თქვენს ახალ მეგობარს აუცილებლად დასჭირდება პირადი სივრცე და ნივთები, იმისათვის რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, დაიძინოს, მიიღოს საკვები და მისი ჰიგიენა იყოს დაცული. 

მღრღნელების ან კურდღლის ყოლის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ შესაბამისი ზომის გალიის შეძენა. საშუალოდ გალიის და საჭირო აქსესუარების შეძენა დაახლოებით 50-დან - 100 ლარამდე შეიძლება მერყეობდეს. ზაზუნას შედარებით პატარა გალია აკმაყოფილებს, ხოლო ზღვის გოჭს და კურდღელს კი, უფრო დიდი გალიები ესაჭიროებათ. გალიის არჩევისას გაითვალიწინეთ, რომ მღრღნელი იოლად დაღრღნის ხის ან მუყაოს ყუთს. მას შეუძლია ვიწრო ღრიჭოებშიც ადვილად გაძრომა, ამიტომ მისი ყოლა უფრო მოსახერხებელია, ლითონის ან პლასტმასის გალიაში, რომლის ღრიჭოებს შორის მანძილი დაახლოებით 2 სანტიმეტრამდე იქნება. ასევე, შესაძლებელია მღრღნელების ბადით გადაფარებულ ტენტორიუმში განთავსება. გალიის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მღრღნელები საკმაოდ აქტიურები არიან და მათ მოძრაობისათვის სივრცე სჭირდებათ.

ზაზუნის გალიისთვის კარგია, თუ ასევე შეიძენთ პატარა "სახლს". (ზოგჯერ ეს „სახლი“ გალიასაც მოყვება).  მის ნაცვლად უბრალო ყუთი, ქილა ან ქოთანიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელსაც გალიაში იმ მიზნით განათავსებს, რომ პატარა ბინადარმა მასში დაიძინოს. მას, ასევე, დასჭირდება პატარა ჯამი, სადაც საკვებს დაუყრით. ასევე, კარგი იქნება თუ ზაზუნას გალიას სარბენი ბილიკით, თოკებით, ან კიბის მაგვარი საძრომიალოთი დაამშვენებთ.

ზღვის გოჭის და კურდღლის გალიის მოწყობაც ისეა სასურველი, რომ მათ ძილისთვის და თამაშისთვის სხვადასხვა სივრცე ჰქონდეთ. გალიაში ასევე უნდა იყოს: ყუთი ქვიშით ტუალეტისთვის, საჭმლის ადგილი. კარგია, თუ გალიის ზომა მოგცემთ საშუალებას საძრომიალოებითა და სათამაშოებით გააწყოთ იგი.   

თევზებისთვის აკვარიუმის შეძენა დაგჭირდებათ. ის შეიძლება მინის იყოს, ან პლასტმასის, მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმის. აკვარიუმში თევზებს ესაჭიროებათ განათება, ელექტროგამათბობელი, მცენარეები, წყლის თერმომეტრი, ფილტრი, გრუნტი აკვარიუმის ძირზე. სინათლე აუცილებელია აკვარიუმის თითქმის ყველა ბინადრისთვის. თუ აკვარიუმის განათება სუსტია, მასში განთავსებული მცენარეები ნელა იზრდება და იკიდებს ნადებს. ელექტროგამათბობელი აუცილებელია წყლის გასათბობად, განსაკუთრებით ზამთარში. გრუნტის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მდინარის ქვიშა ან ხრეში. ფილტრი აკვარიუმს ჟანგბადით ავსებს, რომელიც აუცილებელია თევზების ზრდისა და გამრავლებისთვის. აკვარიუმის და სხვა აქსესუარების ფასები შეიძლება მერყეობდეს 100 ლარიდან ზევით, რაც დამოკიდებულია მათ ზომასა და ხარისხზე. 

თუ სახლის პირობებშძაღლის ან კატის ყოლას აპირებთ, შეგიძლიათ სპეციალური საწოლი შეიძინოთ, რომელიც არის რბილი, თბილი და მოხერხებული თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ასეთი საწოლების ფასი საშუალოდ 50-100 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუ მსგავს საწოლს თავად შეუკერავთ ან უბრალოდ თბილ და რბილ პლედს დაუფენთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს მისთვის განკუთვნილ კუთხეში, მაშინ ეს ხარჯი დაგეზოგებათ. თუ საკუთარ სახლში ცხოვრობთ, ძაღლისთვის პატარა სახლის შეძენა ან საკუთარი ხელით აგებაც დაგჭირდებათ,  რომელსაც ეზოში განათავსებთ. 

ძაღლს და კატას საკვების მისაღებად საკუთარი ჭურჭელი ესაჭიროებათ. მათთვის სპეციალური ჯამების ყიდვა ზოომაღაზიებშია შესაძლებელი, თუმცა თქვენს მეგობარს შესაბამისი ჭურჭელი საკვებისა და წყლის მისაღებად შეგიძლიათ საკუთარი ჭურჭლის მარაგიდანაც გამოუყოთ. მიღებულია, რომ ძაღლი პირად ტუალეტს გარეთ სეირნობისას იკმაყოფილებს, კატები კი უმეტეს შემთხვევაში ამას სახლში აკეთებენ. თქვენ მოგიწევთ სპეციალური ყუთის შეძენა და ქვიშის მომარაგება კატის პირადი ტუალეტისათვის. ასევე, დაგჭირდებათ სპეციალური ნიჩაბი, რომლის დახმარებითაც უნდა მოახდინოთ ქვიშის ყოველდღიური დასუფთავება. ჩამოთვლილი აქსესუარების შეძენა, საშუალოდ, 50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

ფრინველის გალია უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ ჩიტს ჰქონდეს საკმარისი სივრცე შიგნით.  ზაზუნის გალიის ანალოგიურად, რეკომენდებულია ისიც უჟანგავი ლითონის ან პლასტმასისგან იყოს დამზადებული, რადგან, მღრღნელების მსგავსად ხშირად ფრინველებიც,  მაგალითად, თუთიყუშები გალიას თამაშის დროს ღრღნიან.  სასურველია, ფრინველის გალიაში ორი ქანდარა მაინც იყოს, ხოლო თუ გალია დიდია - უფრო მეტიც. ნაყიდი ქანდარის მაგივრობა შეიძლება გაგიწიოთ შესაბამისი ზომის ხის ტოტმაც. რა თქმა უნდა, გალიაში უნდა იყოს სათამაშოებიც: კიბეები, სარკე, ბურთები ზარით და სხვა. ფრინველებისთვის დაგჭირდებათ, ასევე, საკვებურის და წყლის კოლბის შეძენა. გალიის ფასები იწყება დაახლოებით 30 ლარიდან და 100 ლარამდეც აღწევს. ჩამოთვლილი აქსესუარების ფასები კი საკმაოდ მცირე ბიუჯეტს მოითხოვს და თითოეულის შეძენა მაქსიმუმ 10 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. 

საკვები

ადამიანების მსგავსად, ცხოველებსაც დაბალანსებული, ნოყიერი და ვიტამინებით სავსე საკვები ესაჭიროებათ. მას შემდეგ, რაც გაერკვევით, თუ რასახის საკვების მიღებაა მიზანშეწონილი თქვენი შინაური ცხოველისთვის, დაგჭირდებათ, მოიკვლიოთ და ჩამოწეროთ საკვების სავარაუდო ღირებულებაც. ცხოველის ტიპის, ჯიშის და ზომის მიხედვით, ეს ხარჯი, რათქმაუნდა, განსხვავებული იქნება. 

კატების და ძაღლების კვება განსხვავებულია მათი განვითარების ეტაპის მიხედვით. მაგალითად, ლეკვის და კნუტის კვება უფრო მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ცხოველების ზრდის დროს მათ უფრო მრავალფეროვანი და ვიტამინებით სავსე საკვების მიღება ესაჭიროებათ. კვების ხარჯი დამოკიდებული იქნება ცხოველის ზომასა და ჯიშზე და ყოველთვიურად მან შესაძლოა რამდენიმე ასეული ლარიც შეადგინოს.

მღრღნელების და კურდღლების გამოკვება ბევრად უფრო ნაკლებ ხარჯებს უკავშირდება. ზოომაღაზიაში შეძენილი საკვების გარდა, რომელიც არც თუ ისე ძვირია, და, ყოველთვიურად, შესაძლოა 10-20 ლარიც კი ეყოს, მღრღნელები და კურდღლები, ჩვეულებრივ, ბოსტნეულსაც მიირთმევენ, მაგალითად სტაფილოს,  მწვანილს, ასევე, ზოგიერთი მათგანი ხილსაც მიირთმევს ვაშლს, მსხალს და ა.შ., ბურღულეულიდან უყვართ ფეტვი, ხორბალი, ქერი. იშვიათად, შეგიძლიათ მზესუმზირაც აჭამოთ. გარდა ამისა, ძალიან მოსწონთ - ხაჭო, ყველი, მოხარშული კვერცხის ცილა.

ფრინველის განვითარებისთვისაც სწორი კვება ძალზედ მნიშვნელოვანია. მათაც დაბალანსებული, მინერალებით და ვიტამინებით სავსე საკვები სჭირდებათ. მარცვლეულის ნარევის გარდა სასარგებლოა, აგრეთვე, სხვადასხვა სახის დამატებითი საკვები: ხილი, ბოსტნეული, ხაჭო, კვერცხის გული. ფრინველის გამოკვება თვის განმავლობაში შესაძლოა 10-20 ლარის ფარგლებში დაგიჯდეთ. 

რეგულარული ვიზიტი ვეტერინართან

ცხოველი, რომლის შეძენასაც გადაწყვეტთ, სახლში მიყვანამდეც და შემდეგ, გარკვეული პერიოდულობით უნდა შეამოწმებინოთ ვეტერინარს, რათა დარწმუნდეთ მის ჯანმრთელობაში. ვეტერინართან ვიზიტები, ასევე, გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. გარდა პროფილაქტიკური შემოწმებებისა, ვეტერინარი გაგაცნობთ ასევე, საჭირო პერიოდული აცრების, ჭიებსა თუ სხვა პარაზიტებზე მკურნალობის კალენდარსაც. ექიმის კონსულტაციისა და აცრების საფასური განსხვავებულია და დამოკიდებულია, ვეტერინარულ კლინიკასა  ცხოველის სახეობაზე. ყველაზე ოპტიმალური ფასი, მაგალითად აცრისთვის, დაახლოებით 25-30 ლარია. უფრო დეტალური კონსულტაციისთვის, უმჯობესია, წინასწარ მიმართოთ ვეტერინარს ან შესაბამის დაწესებულებას, სადაც ცხოველებს უწევენ სამედიცინო მომსახურებას. 

სხვადასხვა აქსესუარები და ცხოველის მოვლის საშუალებები

შინაური ცხოველის ყოლისას პერიოდული ხარჯების გაწევა ისეთ ნივთებზეც მოგიწევთ, როგორიცაა ჰიგიენური საშუალებები, სათამაშოები, საყელური და სხვა. შამპუნი, სავარცხელი და სხვა მოვლის საშუალებები ერთმანეთისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს ცხოველების სახეობისა და ჯიშის მიხედვით. ძაღლის ყოლის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, პერიოდულად, მის ვარცხნილობაზეც მოგიწიოთ ზრუნვა და წელიწადში რამდენჯერმე დაგჭირდეთ სპეციალისტის მომსახურება მისი ბეწვის გასაკრეჭად. ამასთან, ძაღლის, კატის, ზღვის გოჭის და კურდღლის ბრჭყალების მოსავლელად დაგჭირდებათ სპეციალური მაკრატლის შეძენაც. ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ნივთის ფასი 5-15 ლარის ფარგლებში მერყეობს.   

იმისათვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი საოჯახო ნივთების უნებლიე გამანადგურებლად არ იქცეს, მათი ყურადღების სპეციალურ სათამაშოებზე გადატანა დაგჭირდებათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძაღლებს და კატებს ერთი და იგივე სათამაშოები მალევე ბეზრდებათ და საჭირო გახდება პერიოდულად მათი ახალი სათამაშოებით გართობა. სათამაშოების ფასი კი, ხშირად მათი ხარისხის პირდაპირ პროპორციულია. თუ დაბალფასიანი სათამაშოს შეძენას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ მისი დათვალიერება, რათა დარწმუნდეთ, რომ მისი დაღეჭვით ან განადგურებით თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯამრთელობას  საფრთხე არ დაემუქრება. ზაზუნების და სხვა მღრღნელების შემთხვევაში, დაგჭირდებათ გალიაში დასადგამი სათამაშო სახლის და საძრომიალოებისა თუ ბორბლის შეძენა - სათამაშოები, ერთი მხრივ, ამხიარულებთ მათ, მეორე მხრივ, კი ენერგიის დახარჯვაში ეხმარებათ.

საყელური და ღვედი - კატის და ძაღლის ყოლის შემთხვევაში, ამ აქსესუარების შეძენა თქვენს მეგობართან ერთად ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის დაგჭირდებათ. მათი შერჩევისას  საჭიროა ცხოველის ზომის გათვალისწინება. ამ აქსესუარების ფასი 10 ლარიდან იწყება და დაახლოებით 50 ლარამდე აღწევს.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - ძაღლის და კატის ყოლის შემთხვევაში ცივ ამინდში სეირნობისათვის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენაც,

შეიძლება, დაგჭირდეთ. ნაქსოვი თუ დუტის ჟილეტის, ქურთუკისა თუ ფუმფულა ფეხსაცმლის ფასები, როგორც წესი, 20 ლარიდან იწყება. თუ ფიქრობთ მათთვის მრავალფეროვანი გარდერობის შექმნაზე, მაშინ ზამთრის სეზონზე ამ მიზნით დაახლოებით 100 ლარიანი ბიუჯეტი მაინც უნდა გაითვალისწინოთ. 

თუ თქვენს კატას ქუჩაში გასვლის ეშინია, მაგრამ მისი წაყვანა გჭირდებათ, შეგიძლიათ კატის და ძაღლის გადასაზიდი სპეციალური ჩანთა შეიძინოთ. ის საკმაოდ კომფორტული საშუალებაა ცხოველის გადასაადგილებლად, აღჭურვილია ბადით იმისათვის რომ შიგნით სინათლე შედიოდეს, მარტივად იხსნება, აქვს ჯიბეები საკვების ან სხვა ნივთის  შესანახად. მისი ფასი 20-დან 50 ლარამდე მერყეობს.

 

ძიძების, კინოლოგის და ცხოველების მოვლის მომსახურება

ძაღლები და, იშვიათად, კატებიც ყოველდღიურ გასეირნებას საჭიროებენ. თუ პატარა ლეკვი გეყოლებათ, მაშინ მისი გარეთ გაყვანა სასეირნოდ და სათამაშოდ დღეში რამდენჯერმეც შეიძლება დაგჭირდეთ. ამიტომ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების თავისუფალი დრო ამის საშუალებას არ მოგცემთ, მოგიწევთ სხვა ადამიანის მოძიება, ვინც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ამ საქმეს თქვენს მაგივრად გააკეთებს.  მომსახურების ფასები განსხვავებულია და დამოკიდებულია, როგორც წესი, ძაღლის ჯიშსა და სეირნობის ხანგრძლივობაზე. 

შაბათ-კვირას შესაძლოა, ქალაქიდან გასვლა დააპიროთ, ოთხფეხა მეგობრის თან წაყვანა კი ვერ მოახერხოთ. შვებულების დროს კი, უფრო ხანგრძლივი დროით მოგიწევთ სახლიდან წასვლა, თქვენი მეგობრის დატოვების საკითხიც უფრო აქტუალური ხდება. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ცხოველების სასტუმროს მომსახურებით ისარგებლოთ.  სასტუმროში ძაღლის ან კატის 24 საათიანი განთავსება საშუალოდ 20-30 ლარი ჯდება, ფასში ძირითადად კვება და გასეირნებაც შედის.

ამასთან, თუ გსურთ, თქვენს ძაღლს ესმოდეს ადამიანის ენა, შეიძლება, კინოლოგის სერვისითაც ისარგებლოთ. კინოლოგის მომსახურება საქართველოში არც თუ ისე იაფია და რამდენიმე ასეულ ლარიან ხარჯს უკავშირდება.

ცხოველების მოვლის გაუთვალისწინებელი ხარჯები

თქვენ მიერ ცხოველის მოვლისთვის საჭირო ხარჯების დაანგარიშებისას სახსრები ცხოველთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ ხარჯებზეც უნდა გადადოთ. ოპერაცია, კბილის ტკივილი, მოწამვლა, ქრონიკული დაავადების და სხვა ნებისმიერი სახის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესება საჭიროებს ვეტერინარის მიერ შესაბამის დაწესებულებაში ცხოველების მკურნალობას. შესაბამისად, ნუ იქნებით იმის იმედად, რომ თქვენს ცხოველს არასდროს შეექმნება ჯანმრთელობის გაუთვალისწინებელი პრობლემები ან არასდროს აღმოჩნდება უბედური შემთხვევის წინაშე. ამიტომაც გირჩევთ, მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც გადადოთ გარკვეული თანხა თქვენი ბიუჯეტიდან.