რა არის სესხი?
სესხი, იგივე კრედიტი, ეს არის თანხა, რომელსაც გამსესხებლისგან, იგივე კრედიტორისგან, დროებით იღებთ და შეთანხმებულ ვადებში დამატებით სარგებელთან ერთად უკან აბრუნებთ. თანხის სესხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სესხის აღება დამატებითი, მათ შორის კრედიტორთან სესხის პირობების დაზუსტების პასუხისმგებლობის აღებასაც უკავშირდება.
სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა სურვილისა თუ საჭიროების დაფინანსებასთან არის დაკავშირებული, მაშინ, როცა ამისთვის თავად მსესხებელს საკმარისი სახსრები არ გააჩნია. მაგალითად, როდესაც საჭიროა სწავლის დაფინანსება, სახლის შეძენა, მოგზაურობის დაფინანსება, საოჯახო ტექნიკის შეძენა და სხვა.
სესხის აღება საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. თუ აღებულ სესხს შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად იხდით, ამით თქვენ დადებით საკრედიტო ისტორიას იქმნით. კარგი საკრედიტო ისტორია კი შესაძლებლობას გაძლევთ ყოველი შემდგომი სესხი გაცილებით მარტივად და უფრო ხელსაყრელი პირობებით აიღოთ. გარდა ამისა, იმის მიხედვით, თუ რისთვის ითხოვთ თანხას, რა დროში გეგმავთ მის დაბრუნებას და რა მოცულობის თანხა გესაჭიროებათ, კრედიტორმა შეიძლება უზრუნველყოფა, ანუ სესხის დაბრუნების ერთგვარი გარანტია მოგთხოვოთ. ეს შეიძლება იყოს თანამსესხებლისა თუ თავდებობის მოთხოვნა ან უზრუნველყოფად უძრავ-მოძრავი ქონების წარდგენა. შესაბამისად, სესხის აღება ქონების თუ პიროვნული ურთიერთობების შენარჩუნების პასუხისმგებლობასაც უკავშირდება.
რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებამდე?
იმისთვის, რომ სესხის აღების გადაწყვეტილება ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ანუ გონივრულად მიიღოთ და იმისათვის, რომ აღებული სესხი მომავალში მძიმე ტვირთად არ დაგაწვეთ, პირველ რიგში, საჭიროა თქვენს ბიუჯეტს გადახედოთ, სწორად გადაანაწილოთ შემოსავლები და დაგეგმოთ ხარჯები. ასე სწორად განსაზღვრავთ, თუ რა თანხის გადახდას შეძლებთ პერიოდულად სესხის დასაფარად. შენატანის შესაძლო მოცულობის წინასწარი განსაზღვრა დაფარვის გრაფიკზე საკრედიტო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებში დაგეხმარებათ. სესხზე შენატანის მოცულობა სესხის დაფარვის ვადას განსაზღვრავს. თუ თქვენთვის საჭირო სესხის თანხის დაფარვას თქვენს ხელთ არსებული თავისუფალი სახსრებით შემოთავაზებულ ვადაში ვერ შეძლებთ, ორ ალტერნატივაზე მოგიწევთ დაფიქრება - სესხის დაფარვის ვადა გაზარდოთ ან სესხის თანხა შეამციროთ. მათ შორის არჩევანის გასაკეთებლად დამატებით უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ სესხის ვადას გაზრდით, სესხზე გადასახდელი თანხის ჯამური მოცულობა გაიზრდება, ხოლო თუ სესხის თანხის შემცირებას გადაწყვეტთ, ის შესაძლოა თქვენი საჭიროების, რისთვისაც სესხის აღებას აპირებდით, დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღარ იყოს. სესხზე შენატანის ხელსაყრელი მოცულობის დასაანგარიშებლად სესხის ვალუტაც უნდა გაითვალისწინოთ. სავალუტო რისკისგან თავის დასაცავად რეკომენდებულია სესხი იმ ვალუტაში გქონდეთ, რა ვალუტაშიც შემოსავალს იღებთ. სხვა შემთხვევაში, კურსის ცვლილებამ შესაძლოა თქვენი შემოსავლების ვალუტაში გამოხატული სესხის შენატანის მოცულობა გაზარდოს, მაშინ, როცა ბიუჯეტის განხილვის ეტაპზე ეს თანხა სესხის აღების მომენტისთვის არსებული კურსით გქონდათ დაანგარიშებული.
სესხის მიზნობრიობა
სესხის აღებისას მნიშვნელოვანია სესხის მიზნობრიობაზე დაფიქრება. მიზნობრიობის მიხედვით სესხის გამცემი ორგანიზაციები შეგირჩევენ სესხის ტიპსა და სესხის პირობებს. ზოგადად, ყველაზე კარგ სესხად ისეთი სესხი ითვლება, რომლის აღების შედეგადაც თქვენი ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება და მომავალში უფრო მეტი შემოსავლის მიღების შანსი იზრდება, მაგალითად, შეიძენთ უძრავ ქონებას, ინვესტიციას გააკეთებთ განათლებაში ან დაიწყებთ ბიზნესს. ხოლო ისეთი სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც დამატებითი ღირებულებას არ ქმნის, კიდევ უფრო მეტ დაფიქრებას მოითხოვს.
საჭიროებისა და სურვილის გამიჯვნა
მიზნობრიობის განსაზღვრისას უმჯობესია დაფიქრდეთ საჭიროებას აფინანსებთ თუ სურვილს. საჭიროების დასაფინანსებლად აღებული სესხი ის ვალდებულებაა, რომლის აღებაც ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებოდათ. მაგალითად, თუ საცხოვრებელი არ გაქვთ, სახლის შესაძენად აღებული სესხით ამ საჭიროებას დაიკმაყოფილებთ. რაც ეხება სურვილებს, მათ დასაფინანსებლად თანხის აღება შესაძლოა გადახედვას საჭიროებდეს, რადგან ხშირად, სურვილების გადახედვით და მათი მნიშვნელობის შეფასებით, შეგიძლიათ გადაწყვეტილება შეცვალოთ და თავიდან აიცილოთ დამატებითი ვალდებულების აღება. თუ თქვენ მიხვდებით, რომ სესხის აღება ნამდვილად გჭირდებათ, მაშინ სასურველია, კრედიტორებთან მოიძიოთ ისეთი სესხი, რომელიც თქვენს საჭიროებას მაქსიმალურად მოერგება. მაგალითად, თუ თქვენ თანხის აღება სწავლის დაფინანსებისთვის გსურთ, შეიძლება არჩევანი სამომხმარებლო და სტუდენტურ სესხებს შორის გააკეთოთ. არჩევისას სასურველია გაარკვიოთ გადახდის ყველაზე მოქნილ გრაფიკს რომელი პროდუქტი გთავაზობთ.
ალტერნატივების შედარება
გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა ალტერნატივის მოძიება და მათი ერთმანეთთან შედარება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სესხთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ყველა სხვა პირობა, რითიც დარეგულირდება თქვენი და კრედიტორის ურთიერთობა სესხის აღებიდან მის დაფარვამდე პერიოდში.
იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებული იყოთ სესხის გაცემის პროცესისა და სესხის მომსახურების პერიოდისთვის, მნიშვნელოვანია წარმოდგენა გქონდეთ სესხის დამუშავება-გაცემის პროცესზე და გაითვალისწინოთ ის შესაძლო დრო, რაც საჭირო იქნება სესხის განაცხადის გაკეთებიდან სესხის მიღებამდე. თუ სესხი ისეთი მიზნობრიობით გჭირდებათ, რომლისთვისაც სესხის მიღების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ალტერნატივების მოძიებისას ეს პირველი შეკითხვა იქნება, რაც კრედიტორ ორგანიზაციას უნდა დაუსვათ.
კრედიტორის შერჩევა
სესხის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყურადღება გაამახვილოთ იმაზეც, თუ ვის უნდა მიმართოთ სესხის მისაღებად. თქვენ ირგვლივ მრავალი ალტერნატივა არსებობს, თუმცა ისინი 2 ძირითადი მიმართულებით შეიძლება დავაჯგუფოთ: ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საკრედიტო ორგანიზაციები და კერძო პირები. რა თქმა უნდა, შესაძლოა თანხა ახლობელმა დამატებითი სარგებლის გარეშეც გასესხოთ, თუმცა, თუ ამ ალტერნატივას გამოვრიცხავთ, როდესაც რეგისტრირებულ გამსესხებელსა და კერძო პირს შორის არჩევანზე დაფიქრდებით, ძირითადი განსხვავება სესხის გაცემის დროსა და პროცესშია, ხშირად ფასებიც განსხვავებულია. არარეგისტრირებული გამსესხებლებისგან სესხის აღებას, როგორც წესი, შედარებით ნაკლები დრო სჭირდება, ძირითადად არც მსესხებლის შემოსავლების გაანალიზება ხდება, სამაგიეროდ საპროცენტო სარგებელი, დიდი ალბათობით, უფრო მაღალია და არც ხელშეკრულების გაფორმების სპეციალური სტანდარტის დაცვა მოითხოვება. რიგ შემთხვევებში, ხელშეკრულება, შესაძლოა, საერთოდაც არ გაფორმდეს, გაფორმების შემთხვევაში კი, ხშირად ძირითადი აქცენტი მხოლოდ გამსესხებლის უფლებებსა და მსესხებლის ვალდებულებებზე კეთდება. გაურკვევლობის შემთხვევაში, თუ ჩათვლით, რომ დაირღვა თქვენი, როგორც მსესხებლის უფლებები, სადავო საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის ალტერნატივა გაქვთ. მეორე მხრივ, რეგისტრირებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობები უფრო ფორმალიზებულია, ძირითად შემთხვევებში შესწავლილ იქნება თქვენი გადახდისუნარიანობა, რისთვისაც, შესაძლოა თქვენი შემოსავლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტებიც მოგთხოვონ, არასაკმარისი შემოსავლის პირობებში კი, შესაძლოა, დაფინანსებაზე საერთოდ უარი გეთქვათ ან თქვენ მოთხოვნილ თანხაზე ნაკლები ოდენობის სესხი შემოგთავაზონ. ამასთან, რეგისტრირებულ საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობით იქმნით საკრედიტო ისტორიას, რომელიც სამომავლო დაკრედიტებას ამარტივებს და უკეთესი შეთავაზებების მიღების შანსს ზრდის. გარდა ამისა, თქვენთან ურთიერთობისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სტანდარტი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით და თქვენი, როგორც მომხმარებლების უფლებების დაცვის მიზნით შესაძლებლობა გაქვთ სასამართლო დავის დაწყებამდე მიმართოთ როგორც უშუალოდ სესხის გამცემ ორგანიზაციას, ასევე ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას.
რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას?
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას მიიღებთ თუ სად, რა მოცულობით და რა პირობებით იღებთ სესხს, ბოლო ეტაპი შეთანხმებული პირობების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იურიდიულად ნიშნავს თქვენს თანხმობას მასში მოცემულ ყველა პირობაზე. ამიტომ, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ეს სწორედ ის პირობებია, რაზეც გამსესხებელს შეუთანხმდით, აუცილებელია წაიკითხოთ მისი ყველა პუნქტი, გაარკვიოთ თქვენი რეალური უფლებები და პასუხისმგებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსიროთ ხელმოწერა დოკუმენტზე. გასათვალისწინებელია, რომ თუ ხელშეკრულებას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სესხის გამცემ ორგანიზაციასთან დებთ, მოქმედი კანონმდებლობით მათ შორის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე მისი ნიმუშის მოთხოვნის უფლება გაქვთ, რაც საშუალებას მოგცემთ ხელშეკრულების დეტალებს საფუძვლიანად გაეცნოთ, გაარკვიოთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროთ ხელი მას.
ამგვარად, სესხის მიღება, ერთი მხრივ, თქვენი საჭიროებების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა, მეორე მხრივ კი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელიც სპონტანურად არ უნდა მიიღოთ, არამედ, მნიშვნელოვანია, მოიძიოთ და სწორად შეაფასოთ შესაძლო ალტერნატივები და აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი.