გადახედეთ და განაახლეთ პირადი ბიუჯეტი
განქორწინების შემდეგ პირადი ბიუჯეტის განახლება აუცილებელია. ამ პერიოდში ყველა ძირითად ფინანსურ ვალდებულებაზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ, შესაბამისად, საჭირო იქნება თქვენი ხარჯებისა და შემოსავლის ინდივიდუალურად აღრიცხვა და ხელახლა დაგეგმვა.
განაახლეთ ფინანსური მიზნები
განქორწინების შემდეგ, შესაძლოა, ახალი ფინანსური მიზნების დასახვის საჭიროება დადგეს. ფინანსური მიზნების განსაზღვრისას გამოიყენეთ S.M.A.R.T. მეთოდი, რათა თქვენი მიზნები მდგრადიც იყოს და მიღწევაც უფრო ადვილად შეძლოთ. რაც შეეხება ერთობლივ ფინანსურ მიზნებს, რომლებიც განქორწინებამდე ყოფილ მეუღლესთან გქონდათ, სასურველია, თუ მათ ისე განაცალკევებთ, რომ ფინანსური ხარჯიც და სარგებელიც თქვენი ინდივიდუალური კონტრიბუციის შესაბამისი იყოს.
დაზოგეთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის
დაზოგეთ თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და შეიქმენით ე.წ. „ფინანსური უსაფრთხოების ბალიში“. სასურველია, თუ ამ მიზნით 3-6 თვის საცხოვრებლად სამყოფ თანხას გადადებთ. ეს რჩევა ნებისმიერი სიტუაციისთვის შესაფერისია, თუმცა, განქორწინების შემთხვევაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. რადგან თუ ერთად ცხოვრებისას მეუღლეები ერთმანეთის ფინანსურ რისკებს მეტ-ნაკლებად აბალანსებენ, განქორწინების შემდეგ დამოუკიდებლად გამკლავების მზაობა უნდა არსებობდეს. შ თქვენი შემოსავალი შემცირდა ან დროებით შეჩერდა, შესაბამისი დანაზოგი გაძლევთ შესაძლებლობას, მშვიდად ეძებოთ შემოსავლის ახალი წყარო.
განაახლეთ დოკუმენტები
განქორწინების შემდეგ მნიშვნელოვანიაერთობლივი ცხოვრების პერიოდში დადებული ფორმალური დოკუმენტების განახლება. ასეთი შეიძლება იყოს სესხის, დაზღვევის და სხვა ფინანსური თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებები. მათი განახლების საჭიროება პასუხისმგებლობების გამიჯვნას უკავშირდება. მაგალითად, დაზღვევის შემთხვევაში, შეიძლება თქვენ აღარ იყოთ სადაზღვევო ანაზღაურების მოსარგებლე ყოფილ მეუღლესთან ერთად, ამიტომ ამის დოკუმენტურადაც დადასტურება მნიშვნელოვანია. ასევე, თუ სესხი თქვენს მეუღლესთან ერთად აიღეთ, და ახლა აღარ ხართ პასუხისმგებელი პირი, აუცილებლად აცნობეთ ბანკს, რათა ხელშეკრულება შესაბამისად დაკორექტირდეს. განქორწინება ქორწინების პერიოდში ნაკისრი ყველა ვალდებულებისგან არ გაგათავისუფლებთ, მაგრამ ამ საკითხების გათვალისწინება, მინიმუმ სწორ მოლოდინებს შეგიქმნით, ზოგჯერ კი ზედმეტი ფინანსური ვალდებულებისაგან დაგიცავთ, მოგცემთ საშუალებას, სწორი ინფორმაცია გქონდეთ თქვენი მიმდინარე ხარჯებისა თუ შემოსავლის შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ ამა თუ იმ ფინანსური საკითხის შესახებ თქვენი უფლების დაზუსტების ან ამა თუ იმ გადაწყვეტილების კანონიერების დასაზუსტებლად, შეგიძლიათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ან სხვა პროფილურ ფინანსურ დაწესებულებას მიმართოთ. მეტი ინფორმაციისთვის გიზიარებთ სასარგებლო ბმულების მისამართს.
საჭიროებისამებრ, მიმართეთ იურისტს
თუ თქვენსა და თქვენს ყოფილ მეუღლეს შორის რაიმე ტიპის დავა წარმოიშვა: შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო კონსულტაცით, რომელსაც ამ თემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციაგვთავაზობს.
ამგვარად თქვენ მეტ ინფორმაციას მიიღებთ როგორც ფინანსურ, ისე სამართლებრივ უფლებებზე.