ამ სტატიაში გთავაზობთ მოკლე რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში ფინანსური პროდუქტის შერჩევისას.
გადაწყვეტილების მიღებამდე ერთმანეთს შეადარეთ სხვადასხვა ალტერნატივა
გაეცანით ფინანსური პროდუქტის პირობებს და დასვით შეკითხვები
პროდუქტის შეძენამდე დეტალურად გაეცანით მის პირობებს. ამ მიზნით, სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციის წყაროსთან (მაგ. ვებგვერდი, ხელშეკრულების ნიმუში) ერთად გამოიყენეთ კომუნიკაცია ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელთან და დაუსვით მას შეკითხვა თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალზე. გახსოვდეთ, თქვენი უფლებაა ფლობდეთ სრულ ინფორმაციას შესაძენ პროდუქტზე, ხოლო ორგანიზაციის ვალდებულებაა, თქვენთვის მოსაწოდებელ სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, ცხადად და გასაგებად განგიმარტოთ ყველა თქვენთვის საინტერესო პასუხი. მიღებული პასუხები დაგეხმარებათ მიხვდეთ, ნამდვილად ეს პროდუქტი გჭირდებათ თუ არა და ნამდვილად ხელსაყრელი იქნება თუ არა თქვენთვის მისი შეძენა.
დასვით შეკითხვები ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებულ რისკებზე
დასვით შეკითხვები ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებულ რისკებზე, დააზუსტეთ, რა შედეგები მოყვება, თუ ეს რისკები მართლაც რეალიზდება. მაგალითად, როცა სესხს გარკვეული მიზნობრიობით იღებთ - პირობითად სახლის მშენებლობისთვის - დააზუსტეთ, რა მოხდება თუ თქვენი მხრიდან მიზნობრიობის დაცვა ვერ მოხერხდა ან ვადების დაცვა გაგიჭირდათ, იქნება თუ არა ეს დამატებით ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებული. რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის ცოდნა, დაგეხმარებათ აწონ-დაწონოთ ის ფაქტორები, რომლებიც თქვენი მხრიდან ამ პირობის შესრულებას განაპირობებს. ამის შემდეგ უკვე ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებას და პროდუქტსაც იმ შემთხვევაში შეიძენთ, როცა დარწმუნდებით, რომ რისკები მისაღებია და სწორედ ეს პროდუქტი გჭირდებათ.
გაეცანით ხელშეკრულების პირობებს მის ხელმოწერამდე
წინასწარ მოითხოვეთ ხელშეკრულების ნიმუში
თუ ხელშეკრულება მოცულობითია და არ გაქვთ საკმარისი დრო მისი ადგილზე გაცნობისათვის, ან ეს რამე სხვა უხერხულობას გიქმნით, ხელშეკრულების დადებამდე მოითხოვეთ ხელშეკრულების ნიმუში, წაიღეთ ის სახლში, ოფისში და მშვიდად და დეტალურად გაეცანით მას. გახსოვდეთ, რომ ეს ის ხელშეკრულებაა, რომლითაც არც თუ ისე ხანმოკლე დროით, ზოგჯერ წლობითაც, უნდა იურთიერთოთ ფინანსურ ორგანიზაციასთან, ამიტომ ნამდვილად ღირს, მას თუნდაც რამდენიმე საათი ან დღეც კი დაუთმოთ, რათა მერე დროდადრო არ აღმოჩნდეთ მოულოდნელი "სიურპრიზების" წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ეს დოკუმენტი კარგად არ წაგიკითხავთ.
ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულების თავსართში მოცემულ პირობებს
სესხისა და დეპოზიტის ხელშეკრულების გაცნობისას (გარკვეული ლიმიტის ფარგლებში) ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულების თავსართში მოცემულ პირობებს, მათ შორის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. გაითვალისწინეთ, ხელშეკრულების თავსართი ეს ხელშეკრულების პირველი გვერდ(ებ)ია, სადაც ხელშეკრულებაში ჩადებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოტანილი უნდა იყოს წაკითხვადი ფონტით, გასაგებად და ცხადად, შეძლებისდაგვარად მარტივი ენით. თავსართის დანიშნულებაა, ნებისმიერი მომხმარებლისათვის მარტივად გასაგები გახადოს ხელშეკრულების იურიდიული ტერმინოლოგიით აღწერილი ძირითადი პირობები.
რეკლამებსა და პირად შემოთავაზებებში ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ
გაითვალისწინეთ, სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთი ლიმიტირებულია
მოქმედი კანონმდებლობით, 2018 წლის სექტემბრის შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებზე, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. გაითვალისწინეთ, სესხების ან დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთების დათვლა ჩვენი ვებგვერდის კალკულატორებითაც შეგიძლიათ.
ხელშეკრულების დადებისას მოითხოვეთ შეტყობინების არხის არჩევა
სესხისა და დეპოზიტის ხელშეკრულების დადებისას მოითხოვეთ საჭიროების შემთხვევაში, თქვენთვის გამოსაგზავნი შეტყობინების არხის არჩევა. ეს ის არხი იქნება, რომლითაც ფინანსური ორგანიზაცია თქვენს ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეგატყობინებთ. მაგალითად, ინფორმაციას ხელშეკრულების პირობებში ცალმხრივ ცვლილებებთან, ასევე, ვადაგადაცილების, გადახარჯვის ან სესხის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევებთან დაკავშირებით. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ საკონტაქტო ინფორმაციას შეიცვლით, აღნიშნულის ინფორმირების შესახებ პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ და შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ახალი საკონტაქტო მონაცემები უმჯობესია, დროულად გაუზიაროთ ფინანსურ ორგანიზაციას.
წინასწარ გაეცანით თავდებობის და ქონების უზრუნველყოფის ხელშეკრულებას