დეპოზიტის არჩევისას სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ დამატებით დეტალებზეც:
დეპოზიტის მოხერხებულობა
მუდმივად ცვალებადი გარემო პირობების გათვალისწინებით, ზოგჯერ ყველაზე ხელსაყრელი სადეპოზიტო პროდუქტის ასარჩევად მნიშვნელოვანია, გააანალიზოთ რამდენად მოქნილია პროდუქტი მისი გააქტიურების, თანხის განთავსება-დამატების კუთხით. დეპოზიტზე თანხის განთავსების არხების არჩევა და დასამატებელი თანხის მოცულობის განსაზღვრა იმის მიხედვით უნდა შეძლოთ, თუ როგორ იღებთ შემოსავალს, მუდმივად და თანაბარი თანხით, თუ პერიოდულად და არათანაბარი მოცულობით.
დეპოზიტის ხელმისაწვდომობა
მნიშვნელოვანია დეპოზიტის თანხის ხელმისაწვდომობა ანუ როდის და რა პირობებით შეძლებთ თქვენ მიერ დეპოზიტზე განთავსებული თანხის გამოყენებას. სანამ დეპოზიტს აირჩევდეთ, მნიშვნელოვანია დააზუსტოთ, შეგიძლიათ თუ არა საჭიროების შემთხვევაში თანხის გატანა. ზოგი დეპოზიტის შემთხვევაში თანხის გატანა ხელშეკრულების პირობებით დასაშვებია, სხვა შემთხვევაში კი თანხის გატანა დეპოზიტის ხელშეკრულების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. საყურადღებო საკითხია თანხობრივი ლიმიტებიც, ანუ რა თანხის გატანის უფლებას მოგცემთ დეპოზიტიდან ბანკი. ხელმისაწვდომობის ჭრილში საინტერესოა ისიც, თანხის ათვისებას რა არხებით შეძლებთ, მხოლოდ ორგანიზაციაში ვიზიტით თუ ანგარიშიდან გადარიცხვისა და საბანკო ბარათიდან განაღდების გზით.
დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი
როდესაც დაზოგვასა და სარგებლის მიღებას გეგმავთ, აუცილებლად უნდა დააზუსტოთ, რა სარგებელს მოგიტანთ კონკრეტული პროდუქტით სარგებლობა. თქვენს თანხაზე მისაღები სარგებელი გამოიხატება ნომინალური საპროცენტო განაკვეთით. გონივრული იქნება, თუ დეპოზიტის შერჩევამდე რამდენიმე ალტერნატივას განიხილავთ და საბოლოო ჯამში არჩევანს იმ პროდუქტზე გააკეთებთ, რომელზეც საპროცენტო სარგებელი უფრო მაღალია.
საპროცენტო განაკვეთის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ბანკები საპროცენტო განაკვეთს, ძირითადად წლიური სახით გთავაზობენ. ამასთან, ხშირად დეპოზიტის ვადის ზრდასთან ერთად გთავაზობენ უფრო მაღალ საპროცენტო სარგებელს. მაგალითად, 3 თვიან ვადიან ანაბარზე შეიძლება შემოგთავაზონ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე 1 წლიან ანაბარზე. როგორ დავიანგარიშოთ წლიური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით სარგებლის თანხა? მაგალითად, თუ ანაბარზე განათავსებთ 1000 ლარს, სამი თვით, წლიური სარგებლით - 5%. ეს ნიშნავს რომ 1000 ლარზე დაგერიცხებათ წლიურად დასარიცხი 5%-ის (ანუ, 1000*5%=50 ლარის) 3 თვეზე გაანგარიშებული წილი (50 ლარი /12 თვე * 3 თვე =12.5 ლარი). ზოგჯერ სარგებლის დაანგარიშება ხდება არა თვეების, არამედ დღეების სიზუსტითაც. ამ შემთხვევაში 3 თვეზე ან პირობითად 90 დღეზე გასაცემი სარგებლის დაანგარიშება განხორციელდება შემდეგი ფორმული: 50 ლარი/365 დღე*90 დღე=12,3 ლარი
პროცენტის დარიცხვის მეთოდი
მისაღები საპროცენტო სარგებლის მიხედვით დეპოზიტის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ პროცენტის დარიცხვის მეთოდსაც. არსებობს დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვის მარტივი და რთული მეთოდები. მარტივი მეთოდით პროცენტის დარიცხვისას თქვენ სარგებელს იღებთ მხოლოდ შეტანილ თანხაზე. ხოლო რთული პროცენტით სარგებლის დარიცხვისას სარგებელს იღებთ დაგროვებულ პროცენტზეც. მაგალითად, თუ გახსენით ანაბარი 100 ლარით, რომელზეც ყოველთვე ამატებთ 10 ლარს, ხოლო წლიური საპროცენტო სარგებელი 12%-ია. მარტივი პრინციპით პროცენტის დარიცხვისას, პირველი თვის ბოლოს, 100 ლარზე დაგერიცხებათ 1 თვის სარგებელი 1 ლარი (100 ლარზე დაანგარიშებული წლიური 12% ერთი თვის ჭრილში), ხოლო მომდევნო თვეს, როდესაც დაამატებთ 10 ლარს, სარგებელი დაერიცხება 110 ლარს. თუ თქვენს დეპოზიტს თანხა რთული მეთოდით და ყოველთვიური კაპიტალიზაციით (ანუ სარგებლის ყოველთვიური ჩარიცხვის პირობით) ანგარიშდება, ჩვენი მაგალითი შემდეგ სახეს მიიღებს: მეორე თვეს, როდესაც თქვენ გაქვთ 100 ლარი, 1 ლარი მიღებული სარგებელი და 10 ლარი ანაბარზე დამატებული თანხა, მომდევნო თვის საპროცენტო სარგებელი დაანგარიშდება 111 ლარზე, ანუ მომდევნო თვეს სარგებელს მიიღებთ იმ 1 ლარზეც, რომელიც წინა თვეში საპროცენტო სარგებლის სახით მიიღეთ. დეპოზიტზე შეგროვებული თანხის და მისაღები საპროცენტო სარგებლის გამოთვლა შესაბამისი კალკულატორითაც შეგიძლიათ.
დეპოზიტის შერჩევისას გასათვალისწინებელია დეპოზიტების პირობების დარღვევის შემთხვევაში რა სარგებელს მიიღებთ. მაგალითად, თუ გახსენით ვადიანი დეპოზიტი და ხელშეკრულებით დადგენილი პირობები დაარღვიეთ (ვადაზე ადრე გაიტანეთ თანხა, არ გადაიხადეთ სავალდებულო მინიმალური შენატანი), ბანკი როგორც წესი, დაგარიცხავთ უფრო ნაკლებ საპროცენტო სარგებელს, ეს პირობა ჩადებული იქნება დეპოზიტის ხელშეკრულებაში.
დეპოზიტის გახსნასა და მომსახურებასთან დაკავშირებული საკომისიოები
მას შემდეგ, რაც მოიძიებთ ინფორმაციას დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთების შესახებ, კონკრეტული დეპოზიტის არჩევამდე მნიშვნელოვანია მოიძიოთ ინფორმაცია დეპოზიტთან დაკავშირებული ხარჯების შესახებაც. შეიძლება კონკრეტულ დეპოზიტზე წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი იყოს, თუმცა მისი მომსახურების და/ან გახსნის და/ან თანხის განაღდების ხარჯებმა საგრძნობლად შეამციროს რეალური სარგებელი. შესაბამისად, დეპოზიტის გახსნამდე მნიშვნელოვანია ამ დეტალის დაზუსტება.
თანაბარი ვადის მქონე დეპოზიტების შედარებისას, ფინანსური სარგებლის თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელი არჩევანის გაკეთებაში, დაგეხმარებათ დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი . ეს მაჩვენებელი მოიცავს დეპოზიტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და მისაღებ სარგებელს ამ ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების ვადების გათვალისწინებით. დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება შესაბამისი კალკულატორითაც შეგიძლიათ.
დეპოზიტით სარგებლობის დამატებითი უპირატესობები
დეპოზიტის შერჩევისას სასურველია ყურადღება გაამახვილოთ იმ დამატებით სარგებელზე, რაც თქვენ მიერ შერჩეულ დეპოზიტთან ერთად შეიძლება გთავაზობდეთ ბანკი. ისინი დეპოზიტის განთავსების სანაცვლოდ ხშირად გთავაზობენ სხვა საბანკო პროდუქტებს დამატებითი საკომისიოს გარეშე ან შეღავათიან ფასად. მაგალითად, შეიძლება შემოთავაზებულ იქნეს საბარათე ანგარიშის გახსნა, სადებეტო ან საკრედიტო ბარათების დამზადება და სხვა. ვადიანი ანაბრის გახსნის შემთხვევაში ხშირია ასევე, შეღავათიანი პირობებით ანაბრით უზრუნველყოფილ სესხი შეთავაზების შემთხვევები.
მსგავსი თემები
- რატომ არის მნიშვნელოვანი, წინასწარ მოემზადოთ საპენსიო ასაკისთვის?
- როგორი ტიპის დეპოზიტები არსებობს?
- სტუდენტობის დროს გასათვალისწინებელი რჩევები
- ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
- რა ხარჯი გემატებათ
- რჩევები ფინანსური პროდუქტის შეძენამდე
- დანაზოგების უსაფრთხოება
- საპროცენტო სარგებელი და მისი დაანგარიშება