კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო)

მომხმარებლებს ფინანსურ მომსახურებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც სთავაზობენ. მისო-ს საქმიანობის არეალი ბანკებთან შედარებით უფრო შეზღუდულია და მას მხოლოდ გარკვეული ტიპის საქმიანობების განხორციელების უფლება აქვს. ერთ-ერთი ფუნქცია, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საკრედიტო პროდუქტების გაცემაა. საკრედიტო პროდუქტი შეიძლება იყოს სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხი, ასევე, საკრედიტო ბარათი.

გარდა საკრედიტო პროდუქტების გაცემისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საქმიანობები:

  • ფულადი გზავნილების განხორცილება;
  • სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
  • საკონსულტაციო მომსახურების გაწევა მიკროდაკრედიტების მიმართულებით;
  • სესხების მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით საქმიანობის უფლებამოსილების მოსაპოვებლად, სავალდებულოა ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის კი, სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მსგავსად, მოითხოვება შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა და მინიმუმ 1 000 000 ლარის ოდენობის საზედამხედველო კაპიტალის არსებობა. 

თუ სესხის აღებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან დააპირებთ, უნდა გაითვალისწინოთ მისი საქმიანობის შემდეგი თავისებურებები:

სესხის თანხის ლიმიტი

მისოს ერთ მსესხებელზე ჯამურად მხოლოდ 100 000 ლარის გაცემა შეუძლია. თუ თქვენ უფრო დიდი თანხით სარგებლობა გსურთ, მასთან თანამშრომლობას ვერ შეძლებთ. მაგალითად, თუ ბინა 80 000 ლარად შეიძინეთ და რემონტისთვის დამატებით 30 000 ლარი გჭირდებათ, მისო ვერ შეძლებს თქვენს სრულად დაფინანსებას.

სესხთან დაკავშირებული ხარჯები

თუ საკრედიტო ისტორია ჯერ არ გაქვთ, კომერციულ ბანკთან შედარებით სესხი შესაძლოა მისო-ში უფრო სწრაფად და მარტივად მიიღოთ. ამავდროულად, გასათვალისწინებელია სესხთან დაკავშირებული ხარჯები. უფრო ხშირად, მარტივად გაცემულ სესხებს უფრო მაღალი ხარჯებიც ახლავს თან. 

ფინანსური პროდუქტების სიმწირე

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისო საფინანსო პროდუქტების ისეთ მრავალფეროვნებას ვერ შემოგთავაზებთ, როგორსაც კომერციული ბანკები. 

სად შეიძლება ვნახო საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩამონათვალი?

მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ.