კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

როგორ შექმნათ რთული პაროლები

როდესაც ფინანსურ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მის დაცვაში რთულად გამოსაცნობი პაროლების გამოყენებას ენიჭება.

გთავაზობთ რჩევებს, როგორ შექმნათ რთული პაროლები და ამით გაუძნელოთ თაღლითების მისი გამოცნობა.

გამოიყენეთ გრძელი და კომპლექსური პაროლები
 

პაროლი მინიმუმ 10-12 სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს და მოიცავდეს დიდი და პატარა რეგისტრის ასოებს, რიცხვებს და სიმბოლოებს. მარტივი პაროლი შეიძლება რამდენიმე წუთში გატყდეს, მაშინ, როდესაც რთული და გრძელი პაროლის გატეხვას შეიძლება თვეზე მეტიც დაჭირდეს. 

იყავით უნიკალური

არ გამოიყენოთ სტანდარტული პაროლები, როგორიცაა qwerty, 12345678 და ა.შ. არ გამოიყენოთ მარტივი სიტყვები, ასევე რიცხვები ასოების ნაცვლად, მაგალითად, passw0rd - ასეთი პაროლები მარტივი გამოსაცნობია. პაროლი უნდა შედგებოდეს შემთხვევითი, ერთმანეთთან კავშირის არმქონე ასოების, რიცხვებისა და სიმბოლოებისგან.

გაითვალისწინეთ შემდეგი მითითებები

  • არ გამოიყენოთ პაროლში ისეთი პერსონალური მონაცემები, როგორიცაა პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, ოჯახის წევრის სახელი და ა.შ.
  • გამოიყენეთ სხვადასხვა პაროლები სხვადასხვა ანგარიშებისთვის. მაგალითად, ინტერნეტბანკისთვის, სოციალური ქსელისა და ელექტრონული ფოსტისთვის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა პაროლი
  • არ შეინახოთ პაროლები დაუშიფრავი სახით, მაგალითად, არ ჩამოწეროთ ბლოკნოტში ან მობილურის „ნოუთში“ 
  • რაც არ უნდა რთული იყოს პაროლი, მაინც არსებობს მისი გატეხვის რისკი, ამიტომ, სადაც შესაძლებელია, გამოიყენეთ 2 დონიანი ავთენტიფიკაცია (two-factor authentication), რომელიც წარმოადგენს დაცვის დამატებით დონეს. 

მოიფიქრეთ თქვენთვის ადვილად დასამახსოვრებელი პაროლები

პაროლი უნდა იყოს ადვილად დასამახსოვრებელი თქვენთვის, მაგრამ რთულად გამოსაცნობი სხვებისთვის. უბრალოდ ცნობილი ფრაზები ან სიმღერის ტექსტები აქ არ გამოგადგებათ. უმჯობესია, თუ მათ ტრანსფორმაციას გაუკეთებთ, მაგალითად შეამოკლებთ, დაამატებთ სხვა სიტყვებს და სიმბოლოებს.

დაამატეთ დაცვის კიდევ ერთი დონე

გარდა სხვადასხვა ანგარიშისთვის სხვადასხვა რთული პაროლის მოფიქრებისა, გამოიყენეთ მრავალდონიანი დაცვა, რაც გულისხმობს თქვენი იდენტიფიკაციისთვის ერთზე მეტი გზის გამოყენებას. ასევე გაააქტიურეთ ბიომეტრიული მონაცემებით, მაგალითად, თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაცია.

პერიოდულად შეცვალეთ პაროლები

რაც არ უნდა რთული იყოს თქვენი პაროლი, რეკომენდებულია, რომ პერიოდულად შეცვალოთ ის. როგორც წესი, ინტერნეტბანკი ავტომატურად ითხოვს თქვენგან თვეში ერთხელ პაროლის განახლებას. არ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი და აუცილებლად შეცვალეთ პაროლი. ასევე სასურველია სოციალური ქსელის, ელექტრონული ფოსტის და სხვა ანგარიშების პაროლების პერიოდულად შეცვლა.

არავის გაუზიაროთ არცერთი პაროლი

დაბოლოს, გახსოვდეთ, არავის გაუზიაროთ არცერთი პაროლი - ეს შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, თანამშრომლებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.