რა არის სტუდენტური სესხი?
სტუდენტური სესხის მიზნობრიობა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაფინანსებაა. შესაბამისად, მისი გაცემა სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ხორციელდება. სესხის თანხა სწავლის გადასახადის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, თუ სტუდენტური სესხი საზღვარგარეთ სწავლისთვის გაიცემა, სესხით თანხით შესაძლოა სტუდენტის საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებიც დაფინანსდეს.
რა პირობებით გაიცემა სტუდენტური სესხი?
სესხის გაცემის პირობებს ბანკები ინდივიდუალურად ადგენენ. ზოგი სწავლის მხოლოდ ერთი წლის საფასურს გასცემს სესხად, ზოგი კი აკადემიური საფეხურის დასახურად საჭირო სრული თანხით აფინანსებს მომხმარებლებს. განსხვავებულია სესხის დაფარვის პირობებიც. სტუდენტური სესხის გადახდა შესაძლოა მისი აღებისთანავე დაიწყოთ - ეს განსაკუთრებით მაშინაა რელევანტური, როცა მსესხებელი არა უშუალოდ სტუდენტი, არამედ მისი ოჯახის წევრია, რომელსაც აქვს შემოსავალი და სესხის დაფარვის დაწყება მისი აღებისთანავე შეუძლია. თუმცა, თუ მსესხებელი სტუდენტია, ბაზარზე ისეთი შეთავაზების მოძიებაც შეიძლება, რომლის მიხედვითაც მსესხებელს სტუდენტობის პერიოდის მანძილზე საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ პროცენტს გადაიხდის, სესხის ძირითადი თანხის გადახდას კი სწავლის დასრულების შემდეგ დაიწყებს. ასეთი პირობებით სესხის გაცემა მორგებულია მომხმარებელზე და ითვალისწინებს, რომ სწავლასთან მუშაობის შეთავსება რთული იქნება, თუმცა, სწავლის დასრულების შემდეგ, უფრო მაღალი კვალიფიკაცია მსესხებელს საშუალებას მისცემს უკეთ ანაზღაურებადი სამუშაო მოძებნოს და სესხიც სირთულეების გარეშე დაფაროს.