რა არის გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია?
სიტყვა დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio - განსხვავება)ადამიანების უთანასწორო, უსამართლო მოპყრობას ნიშნავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ.
სიტყვა გენდერი (ლათ. genus - გვარი) სოციალურ მეცნიერებებში გამოყენებული ტერმინია, რომელიც სქესს აღნიშნავს, მისი არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური როლიდან (სპეციფიკური სოციალური ფუნქციები საზოგადოებაში, კულტურული სტერეოტიპები და ა.შ.) გამომდინარე.
შესაბამისად, გენდერის (ნიშნით) დისკრიმინაცია დისკრიმინაციის ისეთი სახეა, როცა განსხვავების საფუძველს გენდერი წარმოადგენს და სწორედ ამ ნიშნით ხდება ადამიანების განსხვავება და ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა თუ შესაძლებლობის შეზღუდვა.
გენდერული დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს ოჯახში, სამსახურში ანდა ნებისმიერი სხვა სოციუმში.
რას გულისხმობს სამუშაო ადგილზე ქალების გენდერული დისკრიმინაცია?
სამუშაო ადგილზე გენდერული დისკრიმინაცია გულისხმობს ისეთ მოპყრობას, როდესაც ქალი გენდერის ნიშნით იჩაგრება. ეს შეიძლება მოხდეს სამსახურში აყვანის პროცესში, უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან/და გათავისუფლებისას. სამუშაო ადგილას გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითი შეიძლება იყოს: ერთი სამუშაოს შესრულებისას განსხვავებული ხელფასი ქალსა და მამაკაცს შორის, სამსახურში აყვანის დროს მამაკაცისთვის პრიორიტეტის მინიჭება მხოლოდ გენდერის ნიშნით, განსხვავებული მოტივაციური მიდგომები გენდერის ნიშნით და სხვ.
რას გულისხმობს ოჯახში გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია?
არაერთი გოგონა თუ ქალი ხდება ოჯახში დისკრიმინაციის მსხვერპლი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქონების გადაცემის დროს, როდესაც მამაკაცს პრიორიტეტი ენიჭება მხოლოდ გენდერის ნიშნით, ან მაშინ, როდესაც განათლების მიღების უფლება მხოლოდ ბიჭებს ეძლევათ და საოჯახო საქმეების გაკეთება გოგონებს ევალებათ.
როგორ ეხმარება ფინანსური განათლება ქალებს გენდერული დისკრიმინაციის თავიდან არიდებაში?
ფინანსური განათლების მქონე ქალები ინფორმირებული არიან საკუთარი უფლებების შესახებ. შესაბამისად, შესაძლო ჩაგვრის შემთხვევაში იციან, ვის მიმართონ. გარდა ამისა, ფინანსური განათლების მქონე ქალებს აქვთ მეტი ფინანსური რესურსი, არ იყვნენ სხვაზე დამოკიდებულები და მიიღონ მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ფინანსურად განათლებულ ქალებს აქვთ სათანადო ცოდნა, ახასიათებთ ისეთი ქცევა და დამოკიდებულებები, რაც მათ ეხმარებათ: გახდნენ ეკონომიკურად უფრო ძლიერები, იყვნენ მეტად რისკიანები, პასუხისმგებლობიანები და დაიცვან საკუთარი უფლებები.
როგორ ვმოქმედებთ, თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ან/და შემსწრე გავხდით?
თქვენ უფლება გაქვთ, სასამართლოში შეიტანოთ სარჩელი იმ პირის ან/და დაწესებულების წინააღმდეგ, რომლებიც გენდერის ნიშნით დისკრიმინაციას ახორციელებენ. ასევე, თუ მეტი ინფორმაცია, რჩევა გჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული დახმარების ცენტრებს, რომლებიც უფასო კონსულტაციებს სთავაზობენ ქალებს. ასეთი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ღიად ხელმისაწვდომია, ამიტომ მოიძიეთ ის ინტერნეტ სივრცეში ან თქვენს გარშემომყოფებს ჰკითხეთ.