კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ცვლადი. ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მაგალითია ე.წ ინდექსირებული განაკვეთი, რაც გულისხმობს, რომ ის მიბმულია რომელიმე საჯარო ინდექსზე და ამ ინდექსის ცვლილების შესაბამისად იცვლება. როდესაც სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებთ, თითოეული ტიპის საპროცენტო განაკვეთის შესაბამისი მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ.

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ იცვლება. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ზუსტადაა ცნობილი, რა საპროცენტო ხარჯის გაწევა იქნება საჭირო სესხის მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, თუ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, შემცირებული განაკვეთით სარგებლობისთვის მომხმარებელს კრედიტორთან დამატებითი შეთანხმება მოუწევს. 

ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი

ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისთვის ბაზარზე არსებულ რომელიმე ინდექსს იყენებენ, რომელზეც გარკვეული ოდენობის პროცენტის დამატებით გასცემენ სესხს. პირობითად, თუ ინდექსი 10%-ს შეადგენს, სესხის შეიძლება გაიცეს ინდექსის განაკვეთს დამატებული 4 პროცენტული პუნქტი, ანუ 14%-ად. გასათვალისწინებელია, რომ ინდექსის ცვლილებასთან ერთად ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთიც შესაბამისად იცვლება. ამასთან, იმის გამო, რომ ინდექსის ცვლილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ინდექსირებულგანაკვეთიანი სესხების შემთხვევაში სესხის მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში გასაწევი ხარჯის მოცულობის განსაზღვრა რთულია.

ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული ინდექსირებულგანაკვეთიანი სესხებისთვის,  ძირითადად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის, ანუ რეფინანსირების განაკვეთი გამოიყენება. რეფინანსირების განაკვეთის შესახებ სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ. 

ინდექსის ცვლილების შემთხვევაში სესხის საპროცენტო განაკვეთის ცვლილების პირობები და ვადები სასესხო ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი. 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით დაანგარიშებული თანხა სესხის ძირითადი ხარჯია, პრაქტიკაში სხვა სახის ფინანსური ხარჯებიც არსებობს, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია სხვადასხვა ალტერნატივის შესადარებლად. ამ მიზნით გამოიყენება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომლის დაანგარიშებისას სესხის აღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ამ ხარჯების გადახდის დრო არის გათვალისწინებული. ამდენად, სხვადასხვა ალტერნატივის შედარებისას სწორედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი პროდუქტის ფასის ერთგვარი პროცენტული გამოხატულებაა, რომლის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია სესხის მომსახურების პერიოდში თქვენ მიერ გასაწევი ყველა ხარჯი ამ ხარჯების გაწევის დროის გათვალისწინებით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აერთიანებს არამარტო ნომინალურ პროცენტს, არამედ ყველა იმ გადასახდელსა თუ საკომისიოს, რომლის გადახდაც სესხის აღებიდან მის დაფარვამდე გიწევთ. 

ორი სხვადასხვა შეთავაზების შედარებისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ერთ სესხზე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი უფრო მცირეა, ვიდრე მეორეზე, თუმცა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ორივე შეთავაზების შემთხვევაში თითქმის იდენტურია. ამის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ პირველ სესხს, გარდა საპროცენტო ხარჯისა, სხვა ტიპის ხარჯიც ახლავს თან, როგორიცაა მაგალითად სესხის გაცემის საკომისიო. 

ეფექტურსა და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებას ის დამატებითი ხარჯები ქმნიან, რომლებიც მომხმარებელს სესხის დამუშავების, გაცემისა და მომსახურებისთვის ეკისრება. 

იმისთვის, რომ გამოითვალოთ, რამდენი იქნება თქვენი სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, შეგიძლიათ შესაბამისი კალკულატორით ისარგებლოთ.