კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მომხმარებელთა ძირითადი უფლებები

რა ტერმიმები გვხვდება კანონში?

მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

მოვაჭრე - ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით.

საქონელი - ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე. 

ხელშეკრულების დადება - მომხმარებლის მიერ მოვაჭრისგან საქონლის ან მომსახურების შეძენა. 

რა უფლებები აქვს მოხმარებელს საქონლის ან მომსახურების შეძენისას?

მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს სრული და უტყუარი ინფორმაცია გასაყიდი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ. 

რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოვაჭრემ მომხმარებელს საქონლის ან მომსახურების შეძენისას?

 მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის ან მომსახურების მახასიათებლები;
  • მოვაჭრის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • საქონლის და მომსახურების ღირებულება ან გამოთვლის წესი;
  • საგარანტიო პირობები;
  • ვალდებულებათა შესრულების პირობები და ვადები;
  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები; 
  • მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

რა შემთხვევაში აქვს მოვაჭრეს უფლება,  არ მიუთითოს ფასი საქონელსა ან მომსახურებაზე?

მოვაჭრე არ არის ვალდებული, მიუთითოს საქონლისა და მომსახურების ფასი, თუ:

  • საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;
  • საქონელი საჯარო აუქციონზე იყიდება; 
  • გასაყიდად წარდგენილია ხელოვნების ნიმუში ან ანტიკვარული ნივთი.

რა ვადაში უნდა მიაწოდოს მოვაჭრემ მომხმარებელს საქონელი და რა შედეგები მოჰყვება მის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობას?

მოვაჭრე ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში მიაწოდოს მომხმარებელს საქონელი, თუ  ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ვადის დარღვევისას მომხმარებელიმა  მოვაჭრეს  გონივრული, დამატებითი ვადა უნდა განუსაზღვროს.

დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, თუ მოვაჭრემ კვლავ არ მიაწოდა მომხმარებელს  საქონელი, მას უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ვის ეკისრება საქონლის შემთხვევითი დაღუპვის რისკი?

შეძენილი საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის მომხმარებლისთვის გაგზავნა, იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი (გარდა გადამზიდავისა) საქონელზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს, საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.

თუ გაყიდულ საქონელს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის, საქონლის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.

რა სახის დამატებითი ხარჯების გადახდევინების მოთხოვნა ეკრძალება მოვაჭრეს?

მოვაჭრეს ეკრძალება:

  • მომხმარებელს გადაახდევინოს  უფრო მეტი, ვიდრე თავად იხდის საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებისთვის;
  • მომხმარებელს  გადაახდევინოს მითითებულ სატელეფონო ნომერზე კომუნიკაციის დამყარებისას, პროვაიდერი კომპანიის მიერ დადგენილ ტარიფზე მეტი;
  • მომხმარებლის თანხმობის გარეშე, ძირითადი ხარჯების გარდა, აანაზღაურებინოს დამატებითი ხარჯები.