კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

როგორ მართოთ ფინანსები Covid-19ის დროს?

კორონავირუსის გავრცელებამ შეცვალა მსოფლიო წესრიგი, იმოქმედა ჩვენს პროფესიულ, სოციალურ თუ ფინანსურ გარემოზე. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც სამედიცინო და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას და ბევრი ფაქტორი კონტროლს არ ექვემდებარება, ფინანსური განათლება დაგეხმარებათ არა მხოლოდ რთულ პერიოდებში, არამედ მშვიდ და სტაბილურ დროსაც უკეთ მართოთ თქვენი პირადი ფინანსები და მიიღოთ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეინარჩუნოთ ფინანსური სიჯანსაღე პანდემიის პირობებში:

არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები

უჩვეულო, ემოციებით დატვირთულმა სიტუაციებმა და ნაჩქარევმა ქმედებებმა, შესაძლოა, არაგონივრულ ფინანსურ გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანოთ. ყოველთვის მოიძიეთ მეტი ინფორმაცია, გაითვალისწინეთ პროფესიონალთა რჩევები, დაფიქრდით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის მიხედვით იმოქმედეთ.

გაიგეთ, რა დახმარებას გთავაზობთ მთავრობა

ფიზიკურ პირებზე გაწეული სოციალური დახმარების მიღების ინსტრუქციის, ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათებისა და ზოგადად, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ინფორმაციას შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ გაეცნოთ:

გაიგეთ, რა შეღავათებს გთავაზობენ ფინანსური ორგანიზაციები

ბევრმა კომერციულმა ბანკმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მომხმარებლებს სესხებზე საშეღავათო პერიოდი შესთავაზა, რაც უმეტესად გულისხმობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი სესხის რეგულარულ შენატანებს არ იხდის და გადახდას სამი თვის შემდეგ აგრძელებს. შესაბამისად, სესხის ვადაც სამი თვით იზრდება. ამასთან, რადგან სესხის ძირი თანხა არ მცირდება, მასზე ყოველთვიურად დარიცხული პროცენტიც არ მცირდება. ამ პერიოდში დაგროვილი პროცენტის თანხა მომსახურე ბანკთან შეთანხმებული სქემით გადანაწილდება არსებულ გრაფიკზე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში პროცენტის დარიცხვა არ ჩერდება. რამდენადაც სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საშეღავათო სქემა, შესაძლოა, განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მნიშვნელოვანია, კარგად გაეცნოთ თქვენი მომსახურე საფინანსო ინსტიტუტის შემოთავაზებას, მათ შორის, სესხის განახლებულ გრაფიკს.

დაუკავშირდით სესხის გამცემ ორგანიზაციას მანამ, სანამ ვადაგადაცილებაში აღმოჩნდებით

თუ ფიქრობთ, რომ მომავალ თვეს, შესაძლოა, სესხის შენატანის გადახდაზე პრობლემა შეგექმნათ, უმჯობესია, მაშინვე დაუკავშირდეთ სესხის გამცემ ორგანიზაციას და გაიგოთ, შეუძლია თუ არა მას გარკვეული შეღავათის თქვენთვის შეთავაზება. ეს შეიძლება იყოს სესხის რესტრუქტურიზაცია, როდესაც სესხზე რეგულარული შენატანის მოცულობის შემცირების მიზნით, სესხის ვადის გაგრძელება ან რამდენიმე სესხის გაერთიანება ხორციელდება; ასევე, სესხზე საშეღავათო პერიოდის გავრცელება, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს რეგულარული შენატანის გაკეთება არ უწევს.

როდესაც სესხის გამცემ ორგანიზაციასთან რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებას აწარმოებთ, წინასწარ მოემზადეთ და გააანალიზეთ შემდეგი: თქვენი მიმდინარე ფინანსური სიტუაცია და დასაქმების სტატუსი; რამდენის გადახდა შეგიძლიათ ყოველთვიურად; როდის გექნებათ სტაბილური შემოსავლები, რომ ძველებურად შეძლოთ სესხის გრაფიკის მიხედვით გადახდა; ასევე, მზად იყავით თქვენს შემოსავლებზე, ხარჯებსა და აქტივებზე სასაუბროდ.

შექმენით "კრიზისული" ბიუჯეტი

  • თუ მიმდინარე პერიოდში შემოსავლები შეგიმცირდათ ან სამომავლოდ ელოდებით მის შემცირებას, სიტუაციაზე მოსარგებად, გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს ან შექმენით ახალი, კრიზისული სიტუაციის შესაბამისი ბიუჯეტი, რათა უფრო ეფექტურად მართოთ თქვენი შემცირებული შემოსავალი. პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, რა შემოსავლები და ხარჯები გექნებათ კრიზისულ პერიოდში: ჩამოწერეთ ყველა აუცილებელი ხარჯი, რაც საჭიროებებს ხმარდება და რისი შემცირებაც შეუძლებელია. თუ ხარჯებს აქამდეც აღრიცხავდით, შენიშნავთ, რომ ხარჯის კატეგორიების მიხედვით თანხები ადრინდელთან შედარებით შეიცვლება ან სხვა კატეგორიებში გადანაცვლდება. მაგალითად, შემცირდება ტრანსპორტირებისა და გარეთ კვების ხარჯი, მაგრამ შესაძლოა, გაიზრდოს სურსათზე დახარჯული თანხები, რადგან ახლა საკვების მომზადება უმეტესად სახლში მოგიწევთ. ასევე, შემცირდება, მაგალითად, გართობის, მოგზაურობისა და სილამაზის სალონის ხარჯები, მაგრამ შესაძლოა, გაიზარდოს კომუნალური ხარჯები, მაგალითად, ინტერნეტის მოხმარების ხარჯი, თუ ონლაინ მუშობის დატვირთვის ზრდასთან ერთად ინტერნეტის გაზრდილ სიჩქარეს შეიძენთ ან სულაც ინტერნეტ მომსახურებას გაიაქტიურებთ და ა.შ.
  • ფოკუსირდით მიმდინარე საჭიროებებზე. განსაზღვრეთ, რა არის ამ ეტაპზე აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მოახდინეთ ხარჯების პრიორიტიზირება; უარი თქვით არააუცილებელ ხარჯებზე
  • არააუცილებელი ხარჯების შემცირებით გამოთავისუფლებული მცირე თანხაც კი გადადეთ
  • თუ აქამდე არ გქონიათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის შეგიძლიათ ახლა შექმნათ, რაც მომავალში ფინანსურ სიძნელეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ

სიფრთხილით მოეკიდეთ სესხის აღებას

სანამ სესხის აღებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ის, რის დაფინანსებასაც სესხით აპირებთ, ნამდვილად გჭირდებათ და, მეორე მხრივ, ამ საჭიროებების დასაფინანსებლად ყველა სხვა შესაძლო გზა სცადეთ. შემცირებული შემოსავლის პირობებში ახალი ფინანსური ვალდებულება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება თქვენს ბიუჯეტს. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის გადახდას როგორც ახლა, ისე მომავალში.

თავიდან აირიდეთ COVID-19-თან დაკავშირებული თაღლითობები

ახლა, როდესაც საქმიანი კომუნიკაციის უდიდესმა ნაწილმა დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა, კიბერთაღლითებიც გააქტიურდნენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დაიცვათ ფინანსური უსაფრთხოება. ყოველთვის გულდასმით გადაამოწმეთ ტელეფონზე, სოციალურ ქსელსა და ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული ინფორმაცია. არ გადახვიდეთ მათში მოცემულ ბმულებზე და არ შეიყვანოთ თქვენი პირადი და საბანკო მონაცემები. ერიდეთ პირებს, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას ან სამკურნალო წამალს გთავაზობენ, ინფორმაციას სანდო წყაროებზე გაეცანით,  გადაამოწმეთ წაკითხული, რათა არ გახდეთ ყალბი ახალი ამბების მსხვერპლნი.

ბანკებთან ურთიერთობისას გამოიყენეთ დისტანციური არხები

თუ საბანკო მომსახურება გჭირდებათ, მოერიდეთ ბანკის ფილიალებში ვიზიტს და მაქსიმალურად ეცადეთ, დისტანციური სერვისები გამოიყენოთ - სატელეფონო მომსახურების ცენტრი საკონტაქტოდ, ინტერნეტ და მობაილბანკი სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესასრულებლად. დაეხმარეთ და ასწავლეთ ოჯახის ასაკოვან წევრებს საბანკო მომსახურების დისტანციური არხების გამოყენება.

დაეხმარეთ მას, ვინც ამას საჭიროებს

სამწუხაროდ, პანდემიამ უამრავი ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე. შეეცადეთ, დაეხმაროთ მათ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში. თუმცა, ქველმოქმედებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყოველთვის გადაამოწმეთ, სინამდვილეში ვისთან მიდის თქვენი დახმარება და რას მოხმარდება ის, რათა დასახმარებლად განკუთვნილი ფული თუ სხვა ნივთები თაღლითის ხელში არ აღმოჩნდეს.

როგორ შეიძლება დაზოგოთ სურსათზე:

  • საყიდლებზე წასვლამდე ჩამოწერეთ შესაძენი საქონლის სია და აუცილებლად ამ სიით იხელმძღვანელეთ
  • საყიდლებზე დანაყრებული და დასვენებული წადით, რათა მეტის შეძენის სურვილმა არ წაგძლიოთ და ამავე დროს, დასვენებულ გონებაზე ფასები უკეთ შეადაროთ, კარგად აწონ-დაწონოთ რა გჭირდებათ და ზუსტად ის იყიდოთ
  • წინასწარ დაგეგმეთ რამდენიმე დღის მენიუ - განსაზღვრეთ რის მომზადებას აპირებთ სახლში და ინგრედიენტებიც ამის მიხედვით იყიდეთ
  • ივაჭრეთ მხოლოდ კვირაში ერთხელ - ეს კარგია თქვენი უსაფრთხოებისთვის, რადგან ნაკლებად მოგიწევთ სხვა ადამიანებთან, თუნდაც დისტანციური კონტაქტი და ამავე დროს, ყოველდღიურად საყიდლებზე სიარულის შემთხვევაში უფრო დიდი შანსია, მეტი თანხა დახარჯოთ
  • ზედმეტი სურსათი შესაძლებელია გაყინოთ, რათა არ გაფუჭდეს და გაუმართლებელი ხარჯი არ აღმოჩნდეს
  • გაასუფთავეთ მაცივარი - ასე უკეთ ნახავთ, რა პროდუქტები გაქვთ, რისი მარაგი გაქვთ და გამოყენება შეგიძლიათ ჯერ კიდევ. ნუ იყიდით პროდუქტებს მხოლოდ ჩვევის გამო, ჯერ ბოლომდე გახარჯეთ ყველა პროდუქტი და ამის შემდეგ იყიდეთ ახალი
  • დაალაგეთ მაცივარი, კარადები და დაახარისხეთ პროდუქტი, რათა იცოდეთ, რა გაქვთ მარაგში და შემთხვევით იგივე პროდუქტი არ იყიდოთ
  • იყიდეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ და რისი საშუალებაც გაქვთ. თუ საჭიროება არ გაქვთ და არ გამოიყენებთ, მოერიდეთ ფასდაკლებული პროდუქტის შეძენას ან ისეთი ტიპის აქციებს, როგორიცაა, მაგალითად, "სამი ერთის ფასად"
  • ისარგებლეთ დაგროვების/ფასდაკლების ბარათებით

დაბოლოს, რჩევები ზოგადი კეთილდღეობისთვის:

  • ფოკუსირდით ჯანსაღ კვებაზე და თავად მოამზადეთ გემრიელი, სასარგებლო საკვები
  • ივარჯიშეთ როგორც შინ, ისე სუფთა ჰაერზე
  • მედიკოსების რეკომენდაციით, ვირუსთან ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, შეამციროთ ან სულაც მოერიდოთ ალკოჰოლის გამოყენებას
  • დაიცავით ფიზიკური და არა სოციალური დისტანცია - ეკონტაქტეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს ვიდეოზარითა თუ ტელეფონით
  • დაეხმარეთ ასაკოვან და სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს საჭირო პროდუქტებისა თუ წამლების შეძენაში - სხვისი დახმარება თქვენს განწყობასაც აამაღლებს
  • დაკავდით იმით, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ და ამისთვის, დრო არ გქონდათ ან გამონახეთ ახალი ჰობი, საქმიანობა, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ და განწყობას აგიმაღლებთ
  • ითამაშეთ და გაატარეთ მეტი დრო თქვენს შვილებთან - ერთად მოიფიქრეთ სახალისო აქტივობები

გაეცანით სასარგებლო ინფორმაციას კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე: https://stopcov.ge/