მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს სადაზღვევო მომსახურების თითოეული ეტაპის შესახებ სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მოწოდება, რაც არ გიბიძგებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც არ მიიღებდით უტყუარი და სრული ინფორმაციი ფლობის პირობებში.
მომხმარებლისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის სტანდარტების დაცვის პასუხისმგებლობა
სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების ეტაპზე მზღვეველი ვალდებულია გადმოგცეთ საინფორმაციო ფურცელი, ხოლო ხელშეკრულების დადების ეტაპზე - სადაზღვევო პოლისი, ხელშეკრულების თავსართი, ხელშეკრულების ზოგადი პირობები და თავსართში მითითებული სხვა დოკუმენტები (უფრო დაწვრილებით იხილე მენიუს შესაბამის გვერდზე).
მომხმარებლის ინფორმირების წესი და პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით
მზღვეველი ვალდებულია, უზრუნველყოს შეცვლილი/განახლებული პირობების თქვენთვის გაცნობა და განმარტება, თუ სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების შემდეგ დაზღვევის ხელშკრულების დადებამდე დაზღვევის პირობები შეიცვალა და მზღვეველმა იცის, რომ თქვენ კეთილსინდისიერად ეყრდნობით მათ.
იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია ხელშეკრულების პირობების ცვლილება, მზღვეველი ვალდებულია, თქვენთან შეთანხმებული წინასწარი შეტყობინების ფორმით გაცნობოთ ხელშეკრულების პირობების ცალმხრივ ცვლილებასთან დაკავშირებით. შეტყობინება უნდა მოგეწოდოთ უშუალოდ თქვენ. ამ შემთხვევაში, დაუშვებელია შეტყობინების მხოლოდ საჯარო სივრცეში, მაგალითად, მზღვეველის ვებ-გვერდზე განთავსება.
მზღვეველსა და თქვენ შორის შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს მზღვეველი ცალმხრივად ცვლის თქვენ სასარგებლოდ.
მომხმარებლის პრეტენზიების მიღებასა და მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
მზღვეველი ვალდებულია, ჰქონდეს მომხმარებლის პრეტენზიების მიღების და განხილვის პროცედურა, რომელსაც შეგიძლია გაეცნოთ მის ვებ-გვერდზე.
მზღვეველი ვალდებულია, ჰქონდეს პრეტენზიის წარდგენის სტანდარტული წერილობითი ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მომხმარებლისთვის.
მზღვეველი ვალდებულია, ელექტრონული პრეტენზიის მიღებისას ელექტრონულად დაგიდასტუროთ პრეტენზიის მიღება.
მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე მისი ინფორმირებისა და დოკუმენტების ასლების გადაცემის პასუხისმგებლობა
მზღვეველი ვალდებულია, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწოდოთ სადაზღვევო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია (დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სტანდარტული ინფორმაცია) და დაზღვევის პირობებთან დაკავშირებული ყველა თანმხლები დოკუმენტის ასლი (დაზღვევის ხელშეკრულება, დაზღვევის პოლისი, დანართები) გონივრულ ვადაში, დამატებითი გადასახადის გარეშე.
მსგავსი თემები
- ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან ურთიერთობისას
- რჩევები ფინანსური პროდუქტით სარგებლობისას
- როგორ მართოთ აღებული ვალდებულება?
- მომხმარებლის უფლებები ფინანსურ ორგანიზაციებთან
- რჩევები ფინანსური პროდუქტის შეძენამდე
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პრეტენზია გაქვთ?