დანაზოგების შენახვის ან შეგროვების როგორ მიმზიდველ და მოსახერხებელ პირობებზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, დეპოზიტის მფლობელისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, თუ რამდენად უსაფრთხოა თავისი თანხის სხვა პირისთვის სამართავად მინდობა და რა მოხდება თუკი სარისკო სიტუაცია წარმოიქმნება.
დანაზოგის უსაფრთხოება ბანკში
დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სადეპოზიტო პროდუქტს ბანკის დეპოზიტები წარმოადგენს. ერთი მხრივ, კომერციული ბანკი სტაბილური ინსტიტუციაა და მის შეუფერხებელი ფუნქციონირება ეროვნული ბანკის მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს კომერციულ ბანკში გახსნილი ყველა დეპოზიტი ავტომატურად დაზღვეულია გახსნისთანავე.
კომერციული ბანკის მიერ საქმიანობის განხორციელება მხოლოდ ეროვნული ბანკის მხრიდან საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემდეგაა შესაძლებელი. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სხვა პირობების დაკმაყოფილების გარდა, იურიდიულმა პირებმა უნდა წარადგინოს საზედამხედველო კაპიტალი 50 მილიონი ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ ბანკს შექმნის მომენტში განსაზღვრული აქვს თანხა, რომელსაც გამოიყენებს საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა რისკის დასაბალანსებლად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტარების თანხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკს უდგენს მთელი რიგ მოთხოვნებს, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და პერმანენტულ ზედამხედველობას უწევს მას ამ მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც განაპირობებს საბანკო სექტორის სტაბილურობასა და სანდოობას.
დეპოზიტების დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშესაწყობად 2018 წლიდან საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩაერთო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტორებს ბანკში განთავსებული თანხები მინიმალურ ვადებში - 20 დღის განმავლობაში -აუნაზღაურდებათ. ანაზღაურება მოხდება დაწესებული ლიმიტის ფარგლებში, საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში სპეციალურად ამ მიზნით დაგროვებული თანხიდან.
ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც დება თანხის ანაზღაურება საერთოა ყველა ბანკისთვის და განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. ეს ლიმიტი წლიდან წლამდე იზრდება. ასე მაგალითად, თუ 2020 წლისთვის ეს თანხა 15 000 ლარამდე განისაზღვრებოდა, 2024 წელს - 30 000 ლარამდე, ხოლო 2026 წლიდან კი 50 000 ლარამდე გაიზარდა. მიმდინარე ეტაპზე მოქმედი ლიმიტის ოდენობაზე ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება აქვთ კომერციულ ბანკებს, სადაც დეპოზიტორს თანხა აქვს განთავსებული, ასევე, ამ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე (www.diagency.ge/)
მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური სისტემის სტაბილურობისა და ბანკებში განთავსებული თანხების უსაფრთხოდ დაბრუნების ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია და ბანკისთვის შექმნილი ფინანსური სირთულეების შემთხვევაში თანხის ანაზღაურების სხვა არაერთი მექანიზმი არსებობს. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მხოლოდ ამ თანხების სწრაფ, პრაქტიკულად დაუყოვნებლივ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
დეპოზიტების დაზღვევის სქემაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებათ შეგიძლიათ ესტუმროთ სააგენტოს ვებგვერდს.
საქართველოში დეპოზიტების ავტომატური დაზღვევის სისტემა მოქმედებს მხოლოდ მოქმედ კომერციულ ბანკებში გახსნილ ანაბრებზე.
სხვა არასაბანკო დაწესებულებაში ინვესტირებული თანხები ამ სქემით დაზღვეული არ არისდა და ამ შემთხვევაში თქვენი თანხის სტაბილურ და უსაფრთხო განთავსებას ძირითადად, ორგანიზაციის გამოცდილება და ბაზარზე არსებული რეპუტაცია განაპირობებს.
დანაზოგის უსაფრთხოება სახლში
ვინაიდან თანხის შენახვის ერთ-ერთი გზა შეიძლება სახლში ფულის დაგროვებაც იყოს, საინტერესოა მისი უსაფრთხოების საკითხიც. გარდა იმისა, რომ სახლში შენახულ ფულზე არ დაგერიცხებათ საპროცენტო სარგებელი და დროთა განმავლობაში თქვენ მიერ შეგროვებული ფული ღირებულებას დაკარგავს, სახლში თანხის გაჩერებას ფიზიკური უსაფრთხოების საკითხებიც მწვავედ ეხება. საფინანსო ორგანიზაციებში შენახული ფული მკაცრად კონტროლირებად და დაცულ საცავებში ინახება და დაზღვეულიცაა მოპარვისა თუ განადგურებისგან. სახლში შენახული ფული კი, არა თუ ასე მკაცრად დაცული, არამედ ხშირად საერთოდ დაუცველადაცაა შენახული.
სახლში ფულის შენახვას თან ახლავს სხვადასხვა რისკები, მათ შორის:
- ფულის ფიზიკური დაზიანების და/ან განადგურების რისკი, მაგალითად, წყალდიდობის, ხანძრის ან დაუდევარი ქმედებების გამო.
- სახლში შენახულ ფულს ქურდობისა და არამიზნობრივად ხარჯვის რისკიც ემატება. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიები უძრავი ქონების დაზღვევისას ხშირად უარს ამბობენ ამ ტიპის დანაზოგის დაზღვევაზე და სახლში შენახულ ფულთან დაკავშირებული რისკები დაზღვევის გარეშე რჩება.