ბიუჯეტი ოჯახის წევრთა ფინანსური ქცევის კარგი ილუსტრაციაა. თუ ოჯახში ორიენტირებულნი არიან გრძელვადიანი მიზნების დასახვა-შესრულებაზე, მაშინ ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გაწერილი შესაბამისი დანაზოგი და მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ხარჯები. ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი კარგი დამხმარეა ოჯახის ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად, ყველა წევრის ფინანსური ქცევების შესასწავლად, მათ გასაჯანსაღებლად და ინდივიდუალური ინტერესების მაქსიმალურად გასათვალისწინებლად.
ხარჯების შესამცირებლად, დანაზოგებისათვის დამატებითი სახსრების გამოსათავისუფლებლად და ოჯახის წევრთა სურვილების და საჭიროებების ოპტიმალურად დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტის პუნქტების ჩამოწერამდე გარკვეული მომზადება დაგჭირდებათ.
ხარჯებისა თუ დანაზოგების გრაფაში თანხების შეყვანამდე, სასურველია, კარგად იცნობდეთ ჯამურ ფინანსებს და ოჯახის წევრთა ფინანსურ საჭიროებებსა თუ ქცევის თავისებურებას. რთული იქნება ბიუჯეტის შესრულება, თუკი საოჯახო ბიუჯეტში გაწერილი ფინანსური მიზანი მნიშვნელოვნად სცდება ოჯახის რომელიმე წევრის მიზნებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დამატებითი მსჯელობები და შეჯერება ერთიან მიზნებზე, რაც არა მხოლოდ გააადვილებს მათ მიღწევას, არამედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების განვითარება-განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.
რჩევები ბიუჯეტის შედგენამდე
განსაზღვრეთ ბიუჯეტის შედგენასა და წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი
ოჯახის წევრების შემოსავლების, ხარჯების, საერთო თუ ინდივიდუალური მიზნების შეგროვებასა და მართვას საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება. სასურველია, ეს საკითხი იმ ადამიანს ანდოთ, ვისაც შეუძლია დეტალებზე ორიენტაცია, აქვს ოჯახის ფინანსების მართვისათვის საკმარისი დრო და სურვილი. შეიძლება ოჯახის ბიუჯეტს ტექნიკურად ერთი ადამიანი აწარმოებდეს, მაგრამ ოჯახის თითოეულ წევრს ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნების შესრულებასა თუ ხარჯების დაფინანსებაში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გააზრება გმართებთ.
გააანალიზეთ არსებული სიტუაცია
ვიდრე შემოსავლების და ხარჯების დაჯამებასა და ერთ ცხრილში თავმოყრას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრების ჩართულობით გააანალიზოთ არსებული სიტუაცია. არსებითია, ოჯახის ყველა წევრს ჰქონდეს თანაბარი სურვილი და მოტივაცია ინდივიდუალური შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაცია გააზიაროს და საკუთარი ხარჯვითი ქცევა საერთო მიზნებს შეუსაბამოს. ამასთან, დასაზუსტებელია მიმდინარე ვალდებულებები, ინდივიდუალური ფინანსური მიზნები და ის სურვილები თუ საჭიროებები, რომელთაც ოჯახის ცალკეული წევრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზევე უნდა განისაზღვროს სურვილებისა და საჭიროებების რა ნაწილი მოხვდება საერთო ბიუჯეტში, ასევე, ოჯახის ჯამური შემოსავალი სრულად დაფიქსირდება ბიუჯეტში თუ ოჯახის წევრები საერთო ფინანსების მართვაში მხოლოდ ნაწილობრივ ჩაერთვებიან;
განსაზღვრეთ ფინანსური მიზნები
ბიუჯეტის შედგენამდე მნიშვნელოვანია, ოჯახის ყველა წევრი ეთანხმებოდეთ იმ მიზნებს, რომლის მისაღწევადაც იწყება ბიუჯეტის წარმოება. იქნება ეს სტაბილურობისთვის "ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის" შექმნა, საოჯახო დასვენების დაფინანსება თუ შვილების სწავლისთვის თანხის შეგროვება. ამ მიზნებს ყველა წევრი მიმდინარე პერიოდისთვის შესაბამისად და ფასეულად უნდა თვლიდეთ. ხშირად, მიზნების მისაღწევად ხარჯების გადახედვა, შეკვეცა და გარკვეული სურვილების შესრულებაზე უარის თქმაც მოგიწევთ;
შეთანხმებული პერიოდულობით იქონიეთ კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან
ბიუჯეტის შედგენის გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგში დგება მისი შესრულების პროცესი, რისთვისაც ბიუჯეტის წარმოებასა და კონტროლზე პასუხისმგებელ ოჯახის წევრს დანარჩენ წევრებთან რეგულარული კომუნიკაცია მართებს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია იქნება შესაძლებელი ხარჯების ნაწილის დროული კონტროლი და დასახული ფინანსური მიზნების მიღწევა.
რა ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდება, თუ გადავწყვიტეთ ოჯახის ბიუჯეტის შედგენა?
თუ ფინანსური სიტუაცია შეისწავლეთ და მიზნებიც ჩამოაყალიბეთ, შეგიძლიათ ბიუჯეტის შედგენა დაიწყოთ და ქვემოთ ჩამოთვლილ 5 ნაბიჯს გაჰყვეთ:
- დაითვალეთ ოჯახის შემოსავალი - გააერთიანეთ ყველა შემოსავალი, რომელიც ოჯახის წევრებს აქვთ. ბიუჯეტის შედგენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ გრაფა, სადაც დაუგეგმავ შემოსავალსაც დათვლით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ჩამოწერეთ ყოველთვიური ხარჯები - საოჯახო ხარჯების აღრიცხვა სასურველია, ბიუჯეტის შედგენამდეც გააკეთოთ და ბიუჯეტის შედგენისას უკვე გაერთიანებული, მზა მონაცემი გადაიტანოთ;
- გამოიანგარიშეთ თავისუფალი თანხა - შემოსავლების ჯამს თუ გამოაკლებთ იმ ხარჯებს, რაც აუცილებლად და მნიშვნელოვნად მიიჩნიეთ, მიიღებთ თავისუფალ თანხას, რომლის განკარგვაც შეგეძლებათ;
- დასახეთ დაზოგვის სტრატეგია და შექმენით დანაზოგი - ისევე, როგორ პერსონალური ბიუჯეტის შედგენისას, საოჯახო ბიუჯეტის შედგენის მთავარი პრინციპი სასურველია იყოს "პირველ რიგში, გადაუხადე შენს თავს". ეს ჩანაწერი გულისხმობს, რომ შემოსავლის დათვლის შემდეგ, ხარჯების გაწევამდე უნდა დაზოგოთ თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ხარჯვა. თუ ოჯახს მკაფიოდ განსაზღვრული აქვს ფინანსური მიზანი და თანახმაა ხარჯების საჭიროებისამებრ შეკვეცაზე, უფრო ლოგიკურიცაა, ჯერ დაიზოგოს და არსებული შემოსავალი ხარჯებად მხოლოდ ამის შემდეგ გაიწეროს;
- გადახედეთ და მიჰყევით გეგმას - ბიუჯეტის წარმოების ერთ-ერთი მთავარი წესი მისი დაცვა და, საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილებების შეტანაა. ფინანსების მართვის ერთ-ერთი რთული გამოწვევა გაწერილი გეგმის მუდმივი კონტროლია. ბიუჯეტის მომზადება შეიძლება შრომატევადი აღმოჩნდეს და შემდეგში მისი პერიოდული მონიტორინგი სახალისოდ აღარც გამოიყურებოდეს. თუმცა მთავარია გახსოვდეთ, რომ ფინანსური მიზნების მისაღწევად და სწორი ფინანსური ჩვევების გამომუშავებისთვის, ფინანსების მართვა რეგულარულ პროცესად აქციოთ.
ბიუჯეტის შედგენა და ოჯახის რესურსებისა და ხარჯების თავმოყრა საკმაოდ შრომატევადი საკითხია. პროცესის დაგეგმვის გასამარტივებლად შეგიძლიათ, შემოსავლების განაწილების უკვე დამკვიდრებული მეთოდებიც გამოიყენოთ. საოჯახო ბიუჯეტის შედგენისთვის ხშირად გამოიყენება 50/30/20 -ის პრინციპი.
50/30/20 -ის პრინციპი თქვენი შემოსავლების განაწილებას შემდეგი სახით გულისხმობს:
- შემოსავლების 50 % ხარჯავთ აუცილებელ საჭიროებებზე;
- შემოსავლების 30%-ს ხარჯავთ სურვილებზე;
- შემოსავლების 20%-ს ზოგავთ.
თუ წინასწარ განსაზღვრავთ, რა თანხა შეგიძლიათ დახარჯოთ კონკრეტული დანიშნულებით, ხარჯების შეკვეცისა თუ ქცევის შეცვლის აუცილებლობას უფრო მარტივად დაინახავთ.