ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, საკრედიტო კავშირსა და სესხის გამცემ სუბიექტს საკუთარ მომხმარებლებთან ურთიერთობისას გარკვეული ვალდებულებები აქვთ. ქვემოთ მათ ერთად მოვიხსენიებთ, როგორც ფინანსურ ორგანიზაციას.
ფინანსურ პროდუქტზე ინფორმაციის მოწოდება
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია:
მოგაწოდოთ სწორი, აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია
პროდუქტის შეთავაზებისას და ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას
როდესაც ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ ამა თუ იმ პროდუქტს, ხელშეკრულების ხელმოწერამდე, მან უნდა მოგაწოდოთ პროდუქტის შესახებ ყველა აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია, მათ შორის:
- ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც ამ პროდუქტთან არის დაკავშირებული, სესხისა და დეპოზიტის შემთხვევაში, ასევე, მათი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი,
- რა სავალდებულო პირობებია გასათვალისწინებელი ამ პროდუქტით სარგებლობისთვის, მათ შორის, არის თუ არა დაზღვევა სავალდებულო,
- ყველა რისკი, რაც შეიძლება ახლდეს პროდუქტს. მაგალითად, თუ გთავაზობთ ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთიან კრედიტს, უნდა გაგიმჟღავნოთ ინფორმაცია, ამ ინდექსის შესაძლო ცვლილების შემთხვევაში თქვენს კრედიტზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, უპასუხოს თქვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
პროდუქტის დისტანციურად შეთავაზებისას
დამატებით, დისტანციურად, კერძოდ, სატელეფონო ზარით პროდუქტის შეთავაზებისას, ფინანსურმა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ცხადად და გასაგებად უნდა გაგაცნოთ ორგანიზაციის დასახელება და სატელეფონო ზარის მიზანი და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ შემოგთავაზოთ პროდუქტი. იმავდროულად, შემოთავაზებისას უნდა გაგაცნოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც საჭიროა აღნიშნული პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.
ასევე, შეთავაზების გაკეთებისას სხვა დისტანციურ არხებშიც (მაგალითად, ინტერნეტ ბანკი და სხვა), პროდუქტზე დათანხმებამდე თქვენ უნდა გამოგიჩნდეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც საჭიროა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
მოგაწოდოთ ინფორმაცია კრედიტზე უარის შესახებ, თუ ამის მიზეზი თქვენი საკრედიტო ისტორიაა
თუ კრედიტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს მხოლოდ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში თქვენზე არსებული მონაცემები წარმოადგენს, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.
მაგალითად, თუ ფინანსურმა ორგანიზაციამ თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, კრედიტის დამტკიცების განსახილველად გადაამოწმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში თქვენ შესახებ დაცული მონაცემები, რაც არ აღმოჩნდა მისთვის მისაღები თქვენი სასესხო განაცხადის დასაკმაყოფილებლად, ამასთან, თუ კრედიტის გაცემაზე უარი მხოლოდ ამ მიზეზით იყო გამოწვეული, ის ვალდებულია, აღნიშნულზე თქვენც მოგაწოდოთ ინფორმაცია.
გაგაცნოთ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, თუ სესხზე თავდები ან უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების მესაკუთრე ხართ
თუ გადაწყვიტეთ, რომ სხვა პირს დაუდგეთ თავდებად, სოლიდარულ თავდებად, ან მისი სესხის უზრუნველსაყოფად თქვენი ქონება იპოთეკით ან გირავნობით დატვირთოთ, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, ამ სესხთან დაკავშირებით:
- გაგაცნოთ/გაგიმჟღავნოთ ის რისკები, რაც დაკავშირებულია თავდებობასა და უზრუნველყოფის იპოთეკით/გირავნობით კრედიტის სასარგებლოდ დატვირთვასთან,
- გადმოგცეთ მსესხებელთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თავსართი (სადაც მითითებულია სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები) იმავე ფორმით, როგორც ის გაფორმებულია მსესხებელთან ისე, რომ არ დაელოდოს თქვენს მოთხოვნას,
- გადმოგცეთ სესხის მთლიანი ხელშეკრულების ასლი იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენ მოითხოვთ.
გენერალური ხელშეკრულების გაფორმებისას
გენერალური ხელშეკრულება გულისხმობს, რომ გარკვეული ლიმიტის და ვადის ფარგლებში, თავდები/უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე იღებს პასუხისმგებლობას, ფინანსურმა ორგანიზაციამ, თქვენი დამატებითი თანხმობის გარეშე გასცეს მსესხებელზე დამატებითი სესხი, რომელზეც ასევე გავრცელდება თქვენი თავდებობა/უზრუნველყოფის საშუალებით იქნება უზრუნველყოფილი.
თუ თქვენი თავდებობით ან თქვენი ქონების უზრუნველყოფით სხვა პირზე გასაცემი სესხი იდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნდა განათავსოს თქვენთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირველივე გვერდზე, ხოლო, ასეთი ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ყოველთვის გაცნობოთ აღნიშნული ფაქტის შესახებ, ასევე, ხუთი სამუშაო დღით ადრე გაცნობოთ ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში შესატანი ცვლილებების შესახებ.
უფრო კონკრეტულად, განვიხილოთ პირობითი მაგალითის მიხედვით.
ვთქვათ, თქვენი მეგობარი იღებს 2 ათას ლარიან სესხს, ერთი წლის ვადით, და თქვენც თანახმა ხართ მას თავდებად დაუდგეთ. თუმცა, სესხის გაცემამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ გაცნობათ, რომ მისი გაცემა ხდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს 10 ათას ლარიან ლიმიტს მომავალი 3 წლის განმავლობაში. ამგვარ გენერალურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში თქვენ განაცხადებთ თანხმობას, რომ იყოთ პასუხისმგებელი თქვენი მეგობრის 10 ათას ლარამდე ვალდებულებაზე მომავალი 3 წლის განმავლობაში.ასეთ შემთხვევაში, ფინანსურ ორგანიზაციას:
- ექნება ვალდებულება, თქვენთან გასაფორმებელი თავდებობის ხელშეკრულების პირველივე გვერდზე დაწეროს შემდეგი ტექსტი: „სესხის გაცემა ხდება გენერალური ხელშეკრულების 10 ათასი ლარის ფარგლებში, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზემოაღნიშნული ლიმიტის ფარგლებში მსეხებელზე დამატებით კრედიტის გაცემის შემთხვევაში, კრედიტის გაცემაზე თქვენი დამატებითი თანხმობა არ იქნება საჭირო და თქვენი თავდებობა გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის ფარგლებში გაცემულ ყველა კრედიტზე“.
- ექნება უფლება, გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, დამატებითი სესხი ისე გასცეს, რომ თქვენგან დამატებითი წინასწარი თანხმობა აღარ მოიპოვოს,
- ექნება ვალდებულება, ყოველი ცალკეული კრედიტის გაცემის შემდეგ არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, მოგაწოდოთ ინფორმაცია კრედიტის გაცემის შესახებ,
- ექნება ვალდებულება, არანაკლებ ხუთი სამუშაო დღით ადრე გაცნობოთ თუ მოქმედ ხელშეკრულებაში (უკვე გაცემულ კრედიტზე) იცვლება მნიშვნელოვანი პირობები (გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვან პირობებში იგულისხმება ის პირობები, რაც მოცემულია მსესხებელთან გაფორმებულ თავსართში).
შეგატყობინოთ ხელშეკრულების პირობების ცვლილება ქვემოთ მოცემული ვადების დაცვით
ფინანსურ ორგანიზაციებმა შესაძლოა, ცალმხრივად ანუ თქვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, მხოლოდ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შეცვალოს პირობები. თუმცა, ამ შემთხვევაში მან გარკვეული პირობები უნდა დაიცვას. კერძოდ:
1 მილიონ ლარამდე გაფორმებული სასესხო ან სადეპოზიტო პროდუქტის ხელშეკრულების რომელიმე მნიშვნელოვანი პირობის (ეს ის პირობებია, რომლებიც მოცემულია ხელშეკრულების თავსართში) ცვლილებისას, ის ვალდებულია ცვლილების შესახებ არანაკლებ ორი თვით ადრე შეგატყობინოთ.
სხვა ნებისმიერი საფინანსო პროდუქტის, მათ შორის, 1 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხისა და დეპოზიტის, ფასის ზრდის შემთხვევაში ის ვალდებულია, ცვლილების შესახებ არანაკლებ ერთი თვით ადრე შეგატყობინოთ.
მაგალითად, თუ სარგებლობთ 50 ათას ლარიანი სესხით და ფინანსურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ვადაგადაცილებისას დასარიცხი პირგასამტეხლოს ცვლილება, ის ვალდებულია, ამ ცვლილებამდე არანაკლებ 2 თვით ადრე გაცნობოთ. ხოლო თუ სარგებლობთ სმს მომსახურებით და ფინანსურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა აღნიშნული სერვისის საკომისიოს გაზრდა, ამის უფლება მხოლოდ მას მერე მიენიჭება, რაც ამის თაობაზე არანაკლებ ერთი თვით ადრე შეგატყობინებთ.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ ცვლილების შეტყობინების არხზე ფინანსური ორგანიზაცია შესაბამისი პროდუქტის ხელშეკრულების დადებისას უნდა შეგითანხმდეთ და მოგცეთ საშუალება, აირჩიოთ შეტყობინების თქვენთვის მისაღები მინიმუმ ერთი უფასო არხი. შესაბამისად, ინფორმაცია ცვლილების შესახებ უნდა მიიღოთ პერსონალურად და სწორედ ამ არხის საშუალებით.
სესხის დაზღვევა
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია:
სესხის დაზღვევისას, შემოგთავაზოთ მინიმუმ სამი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი
თუ ფინანსური ორგანიზაცია კრედიტის დაუბრუნებლობის რისკის დაზღვევისთვის ითხოვს, მაგალითად, სიცოცხლის ან ქონების ან ნებისმიერ სხვა დაზღვევას, მას მთელი რიგი ვალდებულებები ეკისრება იმისათვის, რომ თქვენ დაზღვევის ისეთი პროდუქტის შეძენა შეძლოთ, რომელიც თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება. კერძოდ, ამ შემთხვევაში ის ვალდებულია:
- ასარჩევად შემოგთავაზოთ მინიმუმ სამი სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი;
- შემოთავაზებულ სადაზღვევო პროდუქტებთან ერთად, გადმოგცეთ ე. წ. „საინფორმაციო ფურცელი“, სადაც მოცემული იქნება ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით;
- თუ თქვენთვის კრედიტორის არც ერთი შეთავაზება არ აღმოჩნდება მისაღები და გსურთ, თავად წარადგინოთ სხვა რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი, გაგაცნოთ ის მინიმალური პირობები/კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მისთვის მისაღები დაზღვევის პოლისი;
- თუ თქვენ მიერ წარდგენილი პოლისი არ იქნება ფინანსური ორგანიზაციისთვის მისაღები, მან წერილობით უნდა გაცნობოთ ის მიზეზი, თუ რის გამო ამბობს უარს პოლისის მიღებაზე.
სესხის დაფარვა
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია:
მოგაწოდოთ ინფორმაცია ვადაგადაცილების, გადახარჯვისა და სესხის მესამე პირზე გასხვისების შესახებ
შეტყობინება სესხზე ვადაგადაცილებისას
თუ ხართ მსესხებელი ან თავდები ან უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე და სესხზე დაფიქსირდა ვადაგადაცილება, ორგანიზაცია ვალდებულია, ვადაგადაცილების დაწყებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღეში გაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.
შეტყობინება სესხის ხელშეკრულებებთან
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხუთ სამუშაო დღეში მოახდინოს თქვენი ინფორმირება, თუ თქვენ მიერ დადებულ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს:
- ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან სასესხო ხელშეკრულება შეწყდა ან შეჩერდა,
- თქვენი ანგარიში გავიდა მინუსში/გადაიხარჯა
- კრედიტი გასხვისდა მესამე პირზე.
ინფორმირება უნდა მოხდეს თქვენსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადებისას შეთანხმებული ინფორმირების არხით.
გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური ორგანიზაციისთვის სწორი საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდების პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. მათ შორის, თუ შეიცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია, მაგალითად, ტელეფონის ნომერი და არ მოგიხდენიათ ფინანსური ორგანიზაციის ინფორმირება, შემდგომში შეტყობინების მიუღებლობაზე პასუხისმგებლობა მას არ დაეკისრება.
მიიღოს სესხის შენატანი შემდეგი პირობების დაცვით
თუ სესხზე შეტანის დღე ემთხვევა უქმე ან ფინანსური ორგანიზაციისთვის არასამუშაო დღეს, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, გადახდა მიიღოს მომდევნო სამუშაო დღეს, ყოველგვარი პირგასამტეხლოს დარიცხვის გარეშე.
მაგალითად, თუ სესხზე გადახდა გიწევთ ყოველი თვის პირველ რიცხვში, თუ პირველი რიცხვი დაემთხვევა ოფიციალურ დასვენების დღეს (მაგალითად, 1-ლი იანვარი) ან ისეთ არასამუშაო დღეს, როდესაც უშუალოდ ორგანიზაცია არ მუშაობს (მაგალითად, თუ კვირა დღე ორგანიზაციისთვის არასამუშაოა დღეა), თქვენთვის თანხის გადახდის მოთხოვნამ უნდა გადაიწიოს მომდევნო სამუშაო დღეს, ისე, რომ მას არ დაერიცხოს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოსგან განსხვავებით ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს, შენატანის გაკეთების დღეს მოგთხოვოთ ამ დღეებზე დარიცხული პროცენტი.
თუ ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული გაქვთ კონკრეტული გადახდის თარიღი, თანხის ორგანიზაციაში შეტანა შეგიძლიათ იმ დღის ბოლომდე, კერძოდ, 24:00 საათის ჩათვლით. ამასთან, თუ აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელია, ფინანსური ორგანიზაციას არ შეუძლია დაგაკისროთ რაიმე სახის სანქცია ან პირგასამტეხლო.
სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში არ მოგთხოვოთ კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტებზე მეტი საკომისიო
კრედიტის წინსწრებით დაფარვა გარკვეულწილად ხელშეკრულების, უფრო კონკრეტულად კი სესხის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკის დარღვევაა. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება ხელსაყრელი უნდა იყოს ფინანსური ორგანიზაციისათვის, სინამდვილეში, ამ თანხის ვადაზე ადრე მიღება მისთვის გარკვეულ ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული, რადგან ის დაგეგმილ სარგებელს ვეღარ იღებს. ამიტომაც ხშირად ხელშეკრულებაში, სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მსესხებლისთვის დაწესებულია ე.წ. პირგასამტეხლოს ანუ ჯარიმის გადახდის პირობა. ეს ის თანხაა, რაც შესაძლოა, დაგაკისროთ ფინანსურმა ორგანიზაციამ მიმდინარე ანუ გადახდის დღემდე დარიცხული/გადასახდელი ხარჯების გარდა. თუმცა, ამ პირგასამტეხლოს მოცულობა კანონმდებლობითაა ლიმიტირებული და ფინანსური ორგანიზაციის შემთხვევაში, დამოკიდებულია სესხის ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილ ვადასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთის ტიპზე და შეადგენს:
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში:
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 0.5%;
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 1%;
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 2%.
ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში:
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 24 თვემდე, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 0.5%;
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 1%;
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში:
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 0.5%.
მეტი თვალსაჩინოებისათვის, ეს განაკვეთები შეგიძლიათ იხილოთ ამ ცხრილშიც:
დამატებით გასათვალისწინებელია, რომ სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილ ვადაზე დასარიცხი პროცენტის თანხას.
ფინანსურ ორგანიზაციას წინსწრებით დაფარვის პირგასამტეხლოს აღების უფლება საერთოდ არ აქვს, თუ:
- სესხის წინსწრებით დაფარვის მიზეზი იყო ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობის ცალმხრივი ცვლილება და/ან კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვა მისი მოთხოვნით ხდება,
- კრედიტს იმავე ორგანიზაციაში აღებული ახალი კრედიტით ფარავთ,
- ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები პერიოდი.
თქვენთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები
თქვენთან ურთიერთობისას, მათ შორის, ვადაგადაცილებული სესხის დაფარვის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა დაიცვას ეთიკური კომუნიკაციის ზოგადი ნორმები.
საკომისიოს დარიცხვა
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია:
შეწყვიტოს საკომისიოს დარიცხვა არააქტიურ ანგარიშებზე
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, შეწყვიტოს საკომისიოს დარიცხვა მიმდინარე ანგარიშებზე იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ქვემოთ მითითებულ ყველა გარემოებას:
- თქვენ არ გისარგებლიათ ამ ანგარიშით ბოლო 12 თვის განმავლობაში,
- მასზე არ ფიქსირდება დადებითი ნაშთი და
- პარალელურად არ სარგებლობთ სხვა აქტიური პროდუქტით.
განვიხილოთ 2 მაგალითი:მაგალითი #1
ვთქვათ, სარგებლობთ ვადიანი დეპოზიტით ბანკში და პარალელურად გახსნილი გაქვთ მიმდინარე ანგარიში. მიუხედავად იმისა, გქონდათ თუ არა ამ ანგარიშზე ბრუნვა ბოლო 12 თვის განმავლობაში, ის ვერ ჩაითვლება არააქტიურად და შესაძლებელი იქნება საკომისიოს დარიცხვის გაგრძელება 12 თვის შემდეგაც, რადგან პარალელურად თქვენ სარგებლობთ აქტიური დეპოზიტით.
მაგალითი #2
ვთქვათ, სარგებლობთ მხოლოდ მიმდინარე ანგარიშით, რომელზეც არც დადებითი ნაშთია და არც ბოლო 12 თვის განმავლობაში დაფიქსირებულა ბრუნვა. ამ შემთხვევაში, 12 თვის გასვლის შემდეგ ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს ამ ანგარიშზე საკომისიოს დარიცხვა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პირველი 12 თვის განმავლობაში დარიცხული საკომისიოს გადახდა მაინც გეკისრებათ.