კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სამსახურის შერჩევისას

რა გზითაც უნდა მიიღოთ სამსახურის შემოთავაზება, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, შესაბამისად მოემზადოთ ახალი გარემოსა და გამოწვევებისთვის და შეთავაზების განხილვისას, რეალური მოლოდინების შესაქმნელად, საჭირო კითხვები დასვათ.  კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია, გქონდეთ ის კრიტერიუმები, რომლებიც დაგეხმარებათ შეაფასოთ, რამდენად ემთხვევა შემოთავაზება თქვენს მოლოდინებს. შესაფასებელი კრიტერიუმები შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური. ამ მენიუში კი რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი განვიხილოთ.

ორგანიზაციული კულტურა 

ორგანიზაციული კულტურა ორგანიზაციის წევრების მიერ არჩეული და შეთანხმებული წესების, ეთიკის ნორმებისა და ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზაციის მთლიანობას უზრუნველყოფს.ორგანიზაციული კულტურის განუყოფელი ნაწილებია ღირებულება, რწმენა, შეხედულებები და სხვა. რეალურად ორგანიზაციული კულტურა არის ის გარემო, რომელშიც უნდა იმუშაოთ, თუ შეუერთდებით ამ კონკრეტულ ორგანიზაციას.  

ამ გარემოსთან შეუგუებლობამ შეიძლება, თქვენი დემოტივირება გამოიწვიოს და სამსახურიდან წასვლისკენაც გიბიძგოთ.  მაშინ, როდესაც თქვენი ღირებულებებისი შესაბამისი გარემო სამუშაო პროცესს გაცილებით ეფექტურსა და სასიამოვნოს გახდის. შესაბამისად, სასურველია, თუ მოიძიებთ ინფორმაციას ორგანიზაციულ გარემოზე, გაეცნობით თანამშრომლების დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და ისე მიიღებთ  თანამშრომლობის გადაწყვეტილებას.

სამუშაოს მიღმა აქტივობების შესაძლებლობა

ვინაიდან სამსახური თქვენი დროის საკმაოდ დიდ ნაწილს დაიკავებს, მნიშვნელოვანია, შესაძლებლობების არსებობისას დააზუსტოთ ინფორმაცია სამსახურს მიღმა აქტივობებთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თანამშრომლების ჩართულობით განტვირთვა და განსხვავებულ აქტივობაში ჩართვა ორგანიზაციის თანამშრომლებს ერთმანეთის მიმართ არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც სამუშაოს პროდუქტულობის ამაღლებასაც განაპირობებს. თუ თქვენთვის სასიამოვნო სამუშაო გარემო მნიშვნელოვანია, დააზუსტეთ იმ შესაძლებლობების არსებობის შესახებაც, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს თავის თანამშრომლებს.

ორგანიზაციის რეპუტაცია

იმისათვის, რომ სამსახურთან ემოციური ბმა გქონდეთ, ანუ თქვენი საქმე სიამოვნებასაც განიჭებდეთ, მნიშვნელოვანია, მინიმუმ, თავს კარგად გრძნობდეთ, როცა  ორგანიზაციის სახელით საზოგადოების დანარჩენ წევრებთან ურთიერთობთ. ეს კი მაშინაა შესაძლებელი, თუ ორგანიზაცია, თქვენი წარმოდგენების შესაბამისი, პოზიტიური რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში. ამიტომ ხშირად, როდესაც დასაქმებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, მოიძიოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ და გაიგოთ, რა რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.  

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახლად დაარსებულ კომპანიას შეიძლება არ ჰქონდეს მყარი რეპუტაცია ან საერთოდ არაფერი იყოს მასზე ცნობილი. ამის მიუხედავად, თუ თქვენ იზიარებთ ორგანიზაციის ღირებულებებს და თვლით, რომ მისი საქმიანობა ნამდვილად კარგ შედეგს გამოიღებს გარშემომყოფებისათვის, შეგიძლიათ გუნდთან ერთად იმუშაოთ და თავად გაზარდოთ და გააუმჯობესოთ მისი რეპუტაცია.

კომპანიის საქმიანობის სფერო 

კრიტერიუმების არამატერიალურ ნაწილს განეკუთვნება კომპანიის საქმიანობის სფერო. მაგალითად, თუ თქვენ ეწინააღმდეგებით აზარტული თამაშების პოპულარიზაციას, შესაძლებელია, თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს იმ ორგანიზაციაში მუშაობა, რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან ან თუ თქვენ ვეგეტარიანელი ხართ, შესაძლოა არ მოინდომოთ ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმება.

სამუშაო ადგილის მდებარეობა

ეს კრიტერიუმი ერთგვარ გარდამავალ საკითხს წარმოადგენს მატერიალურ და არამატერიალურ საკითხებს შორის. ერთი მხრივ, სამუშაო ადგილის მდებარეობა მიგანიშნებთ, როგორ გარემოში იქნებით, არის თუ არა შესაძლებლობა, იმ არეალში შეხვდეთ მეგობრებს და ნაცნობებს. ეს ფაქტორი განაპირობებს დღის დაგეგმვასაც. კერძოდ, რა დრო დაგჭირდებათ სამსახურში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად, ანუ რამდენი ხნით ადრე უნდა მოემზადოთ, რომ დროულად მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე. ეს ფაქტორი განაპირობებს სამსახურამდე მისვლის ნიუანსებსაც. თუ საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებით, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია და მხოლოდ ხარჯის თვალსაზრისით გექნებათ შესაფასებელი, ხოლო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით აპირებთ სარგებლობას, მაშინ თავიდანვე უნდა განსაზღვროთ, რა ტიპის ტრანსპორტი დადის კონკრეტულ ადგილამდე, რა სიხშირით და რა იქნება თქვენი ტრანსპორტირების დანახარჯი.

ფულადი სარგებელი ხელფასის, ბონუსის თუ პრემიის სახით

როგორც ადამიანთა უმრავლესობას, ალბათ, თქვენც არაერთი ფინანსური მიზანი გაქვთ. ეს ის მიზნებია, რომელთა  მიღწევაც გსურთ და რომელთა დასაფინანსებლადაც გარკვეული ფულადი რესურსი გესაჭიროებათ. გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, ხშირად, ამ მიზნების დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ამიტომ, როდესაც სამსახურს ირჩევთ, მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასოთ ის მატერიალური სარგებელი, რასაც ორგანიზაცია გთავაზობთ. მნიშვნელოვანია, კითხვები დასვათ ხელფასთან, საბონუსე თუ საპრემიო სისტემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, თავიდანვე იცოდეთ გარანტირებული და პოტენციური შემოსავლის ოდენობა, რათა უკეთ შეძლოთ ბიუჯეტის წარმოება და მიზნების დასახვა. ანაზღაურება ის საკითხია, რომელიც ბუნდოვანი ნამდვილად არ უნდა დატოვოთ. რასაკვირველია, საქმიანობა, თავის მხრივ, უნდა იყოს თქვენთვის საინტერესო, რომ ბოლომდე მოახდინოთ საკუთარი თავის რეალიზაცია, თუმცა, ფინანსური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია მატერიალური მოტივატორებიც გქონდეთ. სასურველია, სამუშაოს დაწყებისთანავე დასვათ კითხვები ხელფასის სამომავლო ცვლილების საფუძვლების შესახებ, რათა ზუსტად იცოდეთ, რას შეიძლება ელოდოთ კონკრეტულ პოზიციაზე გრძელვადიანი დასაქმების შემთხვევაში. 

სხვა მატერიალური თუ არამატერიალური სარგებელი

გარდა უშუალოდ ფულადი სარგებლისა, ორგანიზაციამ შეიძლება სხვა ტიპის სარგებელი შემოგთავაზოთ, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, უფასო ტრენინგები, სხვადასხვა ტიპის კორპორატიული შეთავაზებები, რომლებიც პირდაპირ ფულად სარგებელს არ წარმოადგენს, თუმცა დამატებითი სარგებელი იქნება თქვენთვის. მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების ანალიზიც, რადგან ერთის მხრივ, დამატებითი სარგებლის არსებობა მიუთითებს ორგანიზაციის დამოკიდებულებაზე თანამშრომლის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, რეალურად გიზოგავთ კიდეც თანხას, რადგან კომპანიის მხრიდან დაფინანსებულ მომსახურებაში იხდით უფრო მცირე თანხას, ვიდრე სხვა შემთხვევაში გადაიხდიდით.

სამსახურის არჩევასთან დაკავშირებული გასათვალისწინებელი ხარჯები 

მიუხედავად იმისა, რომ სამსახური შემოსავლის წყაროა, იგი გარკვეულ ხარჯებსაც უკავშირდება, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის საფუძველზე შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა, ნამდვილად სარგებლის მომტანია თუ არა თქვენთვის კონკრეტული შემოთავაზება.