კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სესხის იპოთეკით უზრუნველყოფა

იპოთეკა გულისხმობს ვალდებულების უზრუნველყოფად უძრავი ქონების გამოყენებას. 

ზოგადად, სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება შეიძლება წარადგინოს როგორც უშუალოდ მსესხებელმა, ისე სხვა პირმა. თუმცა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, სესხის გამცემი თავად განსაზღვრავს, მისაღებია თუ არა მისთვის მესამე პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უზრუნველყოფად გამოყენება. 

სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის პროცესი სესხის გამცემ ორგანიზაციებს შორის შესაძლოა განსხვავებული იყოს. რიგ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულება ნოტარიუსთან ფორმდება და ამის შემდეგ ხდება მისი დარეგისტრირება იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში - საჯარო რეესტრი), ხოლო რიგ შემთხვევებში, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ადგილზე, ანუ კრედიტორის წარმომადგენლობით ოფისშივე ხორციელდება. ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას შესაბამისი ვადები აქვს. წინასწარაა განსაზღვრული მომსახურების საფასურიც და ის დამოკიდებულია რეგისტრაციის ვადაზე - რაც სწრაფია მომსახურება, მით უფრო ძვირია ის. როგორც ნოტარიუსის მომსახურების, ისე, საჯარო რეესტრში იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია, სესხის აღებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯებია, რომლის გაღებაც, როგორც წესი, მსესხებლებს ეკისრებათ.

საყურადღებოა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისება არ არის აკრძალული. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, იპოთეკა გადადის ახალ მესაკუთრეზე ანუ უძრავი ქონება, მიუხედავად მესაკუთრის ცვლილებისა, ისევ სესხის უზრუნველყოფად რჩება.