კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საპროცენტო განაკვეთი

სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის - რისკისა და ამონაგების - გათვალისწინებით, ხოლო სესხის დაფარვის გრაფიკი, როგორც წესი, მორგებულია ბიზნესის ციკლზე. გარდა ფინანსური მაჩვენებლებისა, სესხის პირობები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კომპანიისა  და მფლობელების საკრედიტო ისტორიასა და უზრუნველყოფის ხარისხზე.

ბიზნესსესხის საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს როგორც  ინდექსირებული (განაკვეთი იცვლება - იმატებს  ან კლებულობს - სესხის ვადის განმავლობაში), ისე ფიქსირებული (განაკვეთი უცვლელია სესხის ვადის განმავლობაში). ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების შემთხვევაში ცვლადი საპროცენტო განაკვეთი მიბმულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე, ხოლო აშშ დოლარით გაცემული გრძელვადიანი სესხის განაკვეთი მიბმულია LIBOR-ის  ინდექსზე, რომელიც ასევე იცვლება გარკვეული პერიოდულობით. როგორც წესი, ლარში გაცემული გრძელვადიანი სესხები  ინდექსირებულგანაკვეთიანია. 

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ლარის, ისე უცხოური ვალუტის ფიქსირებულგანაკვეთიანი სესხები, ინდექსირებულგანაკვეთიან სესხებთან შედარებით, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა.

სესხის პირობების გაცნობისას აუცილებელია მეწარმემ ყურადღება მიაქციოს, თუ რა საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს საფინანსო ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არამხოლოდ ნომინალური, არამედ ეფექტური განაკვეთიც. 

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი - საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს უშუალოდ სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს. ეს საპროცენტო განაკვეთი არ ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ასევე მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, რომლებიც თან ახლავს სესხის აღებას, მაგალითად, სესხის დამტკიცებისა და გატანის საკომისიო, დაზღვევის საკომისიო, უზრუნველყოფის იპოთეკით დატვირთვის საფასური და სხვა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის შემოთავაზების ერთმანეთთან შედარების საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსით დაწესებულია მაქსიმალური ლიმიტები სესხის საპროცენტო განაკვეთებსა და სხვა ფინანსურ ხარჯებზე, მათ შორის, პირგასამტეხლოებზე. 

სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უმჯობესია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანალიზებით, ვინაიდან ის სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ასახავს.

სესხის აღებისას გასათვალისწინებელია ის ხარჯიც, რომელიც უკავშირდება სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, რამდენადაც ზოგიერთი დოკუმენტი ფასიანია და ეს ხარჯი ასევე გათვალისწინებულია ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში. ასეთია, მაგალითად, ქონების რეგისტრაციის, ამონაწერის განახლების ან უზრუნველყოფის იპოთეკით დატვირთვის ხარჯი, დავალიანების ცნობების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი და სხვა.

ყურადღებამისაქცევია ის, რომ, მეწარმისთვის შეთავაზების მომზადებისას ფინანსური ორგანიზაცია ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს, როგორიცაა: ბიზნესის სტაბილურობა, პოზიტიური საკრედიტო ისტორია, წარმოდგენილი უზრუნველყოფა, წარსულში მჭიდრო თანამშრომლობა ამ ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან და სხვ. რაც უფრო მეტ აღნიშნულ ფაქტორს აკმაყოფილებს ბიზნესი, მით უფრო მაღალია უკეთესი შემოთავაზების მიღების ალბათობა.