კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯები

სესხის არაპირდაპირი ხარჯები

გარდა  სესხთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯებისა, არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში სესხთან დაკავშირებული ხარჯები შესაძლებელია გაიზარდოს. მაგალითად:

სავალუტო რისკის რეალიზებასთან დაკავშირებული ხარჯი

თუ შემოსავალი და სესხი განსხვავებულ ვალუტაში გაქვთ, ვალუტის კურსის ცვლილება თქვენს ხარჯებზეც შესაბამისად აისახება. მაგალითად, თუ შემოსავალს ლარში იღებთ, სესხი კი უცხოურ ვალუტაში გაქვთ, უცხოური ვალუტის გამყარება თქვენს ხარჯს გაზრდის, რადგან სესხის შენატანის შესაძენად უფრო მეტი ლარი დაგჭირდებათ, ვიდრე ადრე გჭირდებოდათ. ლარში სესხების წახალისებისა და სავალუტო რისკის შემცირების მიზნით, 200 000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი.

სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების ცვლილების გამო გამოწვეული ხარჯი

სესხის გამცემის მიერ სპეციფიკურ მომსახურებასა თუ ინდივიდუალურ შეთავაზებას შესაძლოა განსხვავებული პირობები ჰქონდეს. შესაძლოა ამა თუ იმ პირობებით მომსახურება თქვენი მხრიდან გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდეს, სხვა შემთხვევაში კი გასაწევი ხარჯები გაგეზარდოთ. მაგალითად, სესხი შედარებით დაბალ ფასად იქნეს შემოთავაზებული, იქამდე, სანამ ანგარიშზე თქვენი სახელფასო ბრუნვა დაფიქსირდება, შემდეგ კი ის გაიზარდოს.  ეს დეტალები აუცილებლად უნდა დააზუსტოთ სესხის აღების პროცესში და სრულად გააცნობიეროთ ის ხარჯები, რაც სასესხო ვალდებულების აღებას ახლავს თან.

სესხის პირობების დარღვევის ხარჯები

როდესაც სესხის აღებას გადაწყვეტთ, საჭიროა გახსოვდეთ, რომ ნასესხები თანხა თქვენს საკუთრებას არ წარმოადგენს და თანხის მიღებას თან პასუხისმგებლობის აღებაც ახლავს. თუ სესხის დაფარვის პროცესში მნიშვნელოვან დეტალებს უყურადღებოდ დატოვებთ ან სესხის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს არასაკმარის მნიშვნელობას მიანიჭებთ, გახსოვდეთ, რომ ამით შესაძლოა სესხთან დაკავშირებული ხარჯი გაიზარდოს და მომავალში სესხის მიღების შესაძლებლობა გართულდეს. აღნიშნულის საპირისპიროდ, გონივრულად და პასუხისმგებლობით მართული სასესხო დავალიანება, ზედმეტ ტვირთად არ დაგაწვებათ და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნაშიც დაგეხმარებათ.

თუ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს, მათ შორის, გადახდის გრაფიკს დაარღვევთ, როგორც წესი, სესხის მომსახურების ხარჯებიც იზრდება. ამ შემთხვევაში სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია დამატებითი გადასახდელები, ერთგვარი სანქციები, რომლებიც სხვადასხვა ტერმინით/სახელწოდებით შეიძლება შეგვხვდეს, მაგალითად - ჯარიმა, პირგასამტეხლო, საურავი, საკომისიო. მათი დაკისრება, როგორც წესი, შემდეგ გარემოებებს უკავშირდება:

ვადაგადაცილება

გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ვადის გადაცილების ან სხვა რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში სანქციის ოდენობა, როგორც წესი, უშუალოდ ხელშეკრულებებშია გაწერილი. თუმცა, კანონმდებლობით მათი მოცულობა ლიმიტირებულია როგორც დღიურად, ისე ჯამურად. კერძოდ, ვადაგადაცილების შემთხვევაში, დღის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს სესხის ნარჩენი თანხის 0,27%-სა და ერთჯერადად დაკისრებულ 20 ლარზე მეტი.

ვადაგადაცილების ჯარიმა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად.
მაგალითად, თუ 1000 ლარის ოდენობის სესხი აიღეთ და მისი ვადაგადაცილებისას ნარჩენი ძირითადი თანხა 800 ლარს შეადგენდა,  ორგანიზაციას თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუძლია დაგაკისროთ  800*0,27%=2,16 ლარი და იმავდროულად, ერთჯერადი ფიქსირებული ჯარიმაც მაქსიმუმ 20 ლარის ოდენობით, ანუ ჯამში არაუმეტეს 22,16 ლარისა. ამასთან, თუ სესხის დაფარვა არ ხორციელდება, ჯამში სესხზე დაკისრებული დამატებითი ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილების დროს დარჩენილი ძირი თანხის 1,5-მაგ ოდენობას , ანუ ზემოხსენებულ მაგალითში 800*1,5=1,200 ლარს.

 

სესხის შეთანხმებულ ვადაზე ადრე დაფარვა

 

სასესხო ხელშეკრულებებში ხშირად გათვალისწინებულია სესხის წინსწრებით, ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიოც. ეს ის თანხაა, რაც შესაძლოა, დაგაკისროთ ფინანსურმა ორგანიზაციამ მიმდინარე ანუ გადახდის დღემდე დარიცხული/გადასახდელი ხარჯების გარდა. თუმცა, ამ პირგასამტეხლოს მოცულობა კანონმდებლობითაა ლიმიტირებული და ფინანსური ორგანიზაციის შემთხვევაში, დამოკიდებულია სესხის ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილ ვადასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთის ტიპზე და შეადგენს:

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში:

  • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 0.5%;
  • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 1%;
  • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 2%.

ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში:

  • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 24 თვემდე, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 0.5%;
  • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 1%;

ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში:

  • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი, პირგასამტეხლო შესაძლოა იყოს წინსწრებით დაფარული თანხის მაქსიმუმ 0.5%.

მეტი თვალსაჩინოებისათვის, ეს განაკვეთები შეგიძლიათ იხილოთ ამ ცხრილშიც:

წინსწრებისსაკომისიო

დამატებით გასათვალისწინებელია, რომ სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილ ვადაზე  დასარიცხი პროცენტის თანხას. 

ფინანსურ ორგანიზაციას წინსწრებით დაფარვის პირგასამტეხლოს აღების უფლება საერთოდ არ აქვს, თუ:

  • სესხის წინსწრებით დაფარვის მიზეზი იყო ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობის ცალმხრივი ცვლილება და/ან კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვა მისი მოთხოვნით ხდება,
  • კრედიტს იმავე ორგანიზაციაში აღებული ახალი კრედიტით ფარავთ, 
  • ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები პერიოდი.