რა არის ადამიანის უფლებები?
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა კონსტიტუციითა გარანტირებული და შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადგენილ სტანდარტებთან და ნორმებთან.
კონსტიტუციით მეორე თავით დაცულია:
- ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა;
- სიტყვის, აზრის, სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება;
- პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და შეტყობინებათა ხელშეუხებლობა;
- საკუთრების უფლება;
- თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებლის თავისუფალი არჩევის უფლება;
- ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, აზრების თავისუფლად გამოთქმისა და გავრცელების უფლება;
- შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
- გაერთიანებების შექმნის უფლება;
- პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება;
- ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება;
- შრომის თავისუფლება;
- განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები.
კონსტიტუცია უზრუნველყოფს ადამიანთა თანასწორობას:
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
რატომ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები?
ადამიანის უფლებების ცოდნა აუცილებელია, რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო ჩაგვრა და დისკრიმინაცია, ეს იქნება ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სოციალური.
ხშირ შემთხვევაში ქალების უფლებების შეზღუდვა სწორედ გენდერის ნიშნით ხდება, მაშინ როდესაც უფლებრივად ყველა ადამიანი თანასწორია. საკუთარი უფლებების ცოდნა ქალებს ეხმარება ადრეულ ეტაპზევე მიხვდნენ, ჩაგვრის რა ფორმასთან აქვთ საქმე და შესაბამისი ზომებიც მიიღონ.
არსებობს თუ არა უფასო იურიდიული დახმარების ცენტრები?
საქართველოში არაერთი კერძო თუ სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრი არსებობს, რომელიც უფასო კონსულტაციას უწევს და ეხმარება ქალებს. მსგავსი ორგანიზაციებისა და სერვისების შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტშიც.
რა თემებზე შეიძლება მიმართოთ იურიდიული დახმარების ცენტრებს?
ორგანიზაციებს ან დაწესებულებებს, რომლებიც ქალების უფლებებზე მუშაობენ, შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერი შესაძლო ან არსებული ჩაგვრის შემთხვევაში, ეს იქნება ოჯახში, სამსახურსა თუ სხვა სივრცეში.
რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ადამიანის უფლებების დაცვასა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას?
ქალები, რომლებიც ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ფინანსურ თუ ფსიქოლოგიურ თავისუფლებას უფრო ადვილად აღწევენ. მათ იციან, სხვადასხვა სიტუაციაში როგორ მიიღონ ეფექტიანი გადაწყვეტილებები და საჭირო შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართონ შესაბამის ორგანიზაციას ან პიროვნებას. გარდა ამისა, კარიერული წინსვლაც უფრო მეტად ახასიათებთ და იციან როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები სხვადასხვა გარემოში.