კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა უნდა იცოდეთ სადაზღვევო პროდუქტის შეძენამდე?

მას შემდეგ, რაც მიიღებთ გადაწყვეტილებას დაზღვევის საჭიროებაზე, ასევე, განსაზღვრავთ რისკებს, რომლისგანაც გსურთ დაზღვევა, გადასაწყვეტი ხდება - ვისგან შეიძინოთ დაზღვევა, რომელი შემოთავაზება იქნება თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი და რომელი მათგანი მოერგება ყველაზე უკეთ თქვენს მოთხოვნებს.

სად შეიძლება შეიძინოთ დაზღვევა

დაზღვევის შეძენა შესაძლებელია სადაზღვევო ორგანიზაციაში, დაზღვევის აგენტთან ანუ სადაზღვევო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ან სადაზღვევო ბროკერთან . ბროკერმა შეიძლება შემოგთავაზოთ რამდენიმე დამზღვევის პირობები. დაზღვევის შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე ვიზიტით, ასევე, დისტანციურად. 

საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო ორგანიზაციების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შეისწავლეთ და შეადარეთ შემოთავაზებები

სადაზღვევო პოლისის შეძენამდე, დარწმუნდით, რომ სადაზღვევო პირობები შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. გაიგეთ, რა აგინაზღაურდებათ და რა - არა. არ იჩქაროთ, ყურადღებით გაეცანით დაზღვევის პირობებს და დაუსვით ნებისმიერი თქენთვის მნიშვნელოვანი კითხვა მზღვეველს ან ბროკერს. დარწმუნდით, რომ პოლისი, რომლის შეძენასაც ფიქრობთ, მოიცავს ყველა იმ რიკს,  რომლებისგანაც გსურს თავის დაცვა.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა პოლისი არ მოიცავს ყველა რისკისაგან დაზღვევას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, როცა სადაზღვევო პოლისით თქვენთვის საინტერესო რისკები გათვალისწინებულია, როგორც წესი, იქვე აუცილებლად იქნება გაწერილი გამონაკლისებიც ანუ ისეთი პირობები ან გარემოებები, როდესაც მზღვეველი არ ანაზღაურებს თანხას. იმისათვის, რომ სწორი მოლოდინები შეიქმნათ, მოითხოვეთ, აგიხსნან და განგიმარტონ აღნიშნული საგამონაკლისო პირობები, კერძოდ, რა დროს, რა შემთხვევაში არ აგინაზღაურდებათ თანხა. 

გაიგეთ, რას არ ფარავს დაზღვევა

სადაზღვევო პოლისით თქვენ იძენთ მზღვეველის დაპირებას, გადაგიხადოთ თანხა წინასწარ შეთანხმებულ შემთხვევაში. თუმცა, ყველა ტიპის დაზღვევა მოიცავს ისეთ პირობებს ან გარემოებებს, რა დროსაც სადაზღვევო ორგანიზაცია თანხას არ გადაგიხდის, მათ „გამონაკლისები“ ეწოდება. დაზღვევის შეძენამდე, მოითხოვეთ დეტალურად აგიხსნან და განგიმარტონ გამონაკლისები და პირობები რა დროსაც არ აგინაზღაურდებათ თანხა, ამ გზით შეიქმნით სწორ მოლოდინს და თავიდან აიცილებთ  მოულოდნელ სტრესსა და იმედგაცრუებას. 

დააზუსტეთ ფრანშიზის პირობა და ოდენობა

დაზღვევა ხშირად ითვალისწინებს ფრანშიზას ანუ თანხას, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს. ამასთან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფრანშიზის ოდენობა, ასევე, თანხის ანაზღაურების პირობებიც. მაგალითად, სადაზღვევო პოლისი შეიძლება ითვალისწინებდეს უპირობო ფრანშიზას 1,000 ლარის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, 1,000 ლარამდე ზიანი არის თქვენი ხარჯი, რადგან მას მზღვეველი არ აანაზღაურებს. ხოლო თუ პოლისი მოიცავს პირობით ფრანშიზას იმავე თანხაზე, ეს ნიშნავს რომ თქვენ აგინაზღაურდებათ ზიანი სრულად თუ ზიანი გადააჭარბებს 1,000 ლარს. ფრანშიზის პირობა და ოდენობა გავლენას ახდენს სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე.

მოიძიეთ და შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზება

თქვენზე უფრო მეტად მორგებული და უფრო იაფი ალტერნატივის მოსაძიებლად, გონივრულია რამდენიმე შემოთავაზების მოძიება და მათგან საუკეთესოს შერჩევა. გარდა ამისა, თუ თქვენ აპირებთ რამდენიმე ტიპის დაზღვევის შეძენას (მაგალითად ქონება, პასუხისმგებლობა, უმუშევრობა), შესაძლოა, უმჯობესი იყოს ყველა პოლისის ერთ მზღვეველთან შეძენა, რათა ისარგებლოთ ფასდაკლებით ან სხვა სახის ბენეფიტით. 

პოლისის შეძენამდე მოთხოვნილი ინფორმაცია მზღვეველს ღიად მიაწოდეთ

გაითვალისწინეთ რომ, თქვენ გეკისრებათ ვალდებულება, მიაწოდოთ მზღვეველს ყველა თქვენთვის ცნობილი ინფორმაცია და გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს დაზღვევისათვის. თუ მზღვეველს დაზღვევის დროს არ მიაწვდით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, შესაძლოა, მზღვეველმა უარი გითხრათ დაზღვევის ხელშეკრულებას დადებაზე ან არ აგინაზღაუროთ ზიანი.