კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ზოგჯერ ფულის განკარგვა მისი განაღდების გარეშე უფრო მოსახერხებელი და ხელსაყრელიც კია. მაგალითად, მაღაზიებში საყიდლებზე სიარულისას ან მოგზაურობისას, მოხერხებულობისა და უსაფრთხოების მიზნით შეიძლება  საგადახდო ბარათები გამოიყენოთ. ამასთან, ბარათით გადახდები, როგორც წესი, დამატებით საკომისიოსთან არაა დაკავშირებული, მაშინ როცა თანხის განაღდება უმრავლეს შემთხვევაში ფასიანია.

საგადახდო ბარათი - ეს არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ანგარიშზე არსებული (ელექტრონულ საფულეში) თანხა გაანაღდოთ და, ასევე, სასურველი ნივთებისა და მომსახურებების საფასური ნაღდი ფულის გარეშე გადაიხადოთ. 

ბარათების დამზადება

საქართველოში არსებული საგადახდო ბარათების დიდ ნაწილს კომერციული ბანკები უშვებენ.  თუმცა, საგადახდო ბარათებს სხვა, არასაბანკო ორგანიზაციებიც გვთავაზობენ. იმისთვის, რომ რომელიმე კომპანიამ საგადახდო ბარათი შემოგთავაზოთ, ის ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად უნდა იყოს დარეგისტრირებული. 

ბარათის ვიზუალი

საგადახდო ბარათები ერთმანეთისგან ვიზუალურად,  ბარათის ტიპით, მფლობელის მონაცემების დატანის წესით და სხვა მახასიათებლებით განსხვავდება:  

ვიზუალური მხარე

ბარათის გამომშვები ინდივიდუალურად განსაზღვრავს ბარათის ვიზუალს. ბარათების დიზაინი ხშირ შემთხვევაში მოიცავს ორგანიზაციის კორპორატიულ ელემენტებსა და ფერებს. ბანკები ერთეულ შემთხვევებში საშუალებას  გაძლევთ ბარათის ვიზუალი თქვენი გემოვნებით შექმნათ და ორგანიზაციასთან შეათანხმოთ. იშვიათ შემთხვევაში, ბარათის ზედაპირზე ბარათის მფლობელის ფოტოსურათიც იბეჭდება ხოლმე, რაც მისი იდენტიფიკაციის, ანუ ამოცნობის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს.

მფლობელის  მონაცემები

ბარათის მფლობელის შესახებ დეტალები ბარათის გამომშვებმა საგადახდო ბარათებზე შეიძლება სხვადასხვა გზით დაიტანოს.  საბანკო საგადახდო ბარათების ნაწილი პერსონიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათზე მფლობელის მონაცემებია (მისი სახელი და გვარი) მითითებული. ბარათების მეორე ნაწილი არაპერსონიფიცირებულია, რომლებზეც მხოლოდ ბარათის გამცემის მონაცემებია მითითებული და ის კონკრეტული მომხმარებლისთვის არ მზადდება. ასეთია, მაგალითად, სასაჩუქრე ბარათები.  

საგადახდო ბარათის ორივე მხარეს ბარათის და, ხშირად, მისი მფლობელის სხვადასხვა მონაცემია დატანილი. 

ბარათის წინა ზედაპირზე მოცემულია შემდეგი მონაცემები:

  • ბარათის გამომშვები ორგანიზაციის დასახელება;
  • ბარათის ნომერი (ძირითადად 16 ნიშნა);
  • ჩიპი (არსებობის შემთხვევაში), რომელშიც შენახულია ბარათის მფლობელისა და მისი ანგარიშების შესახებ ინფორმაცია;
  • ბარათის მოქმედების ვადა (ფორმატი თთ/წწ ან თთ/წწწწ);
  • საგადახდო სისტემა (მაგალითად, Visa, MasterCard);
  • ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, თუ ბარათი პერსონიფიცირებულია ანუ დამზადებულია კონკრეტული მფლობელის სახელზე.

ბარათის უკანა მხარეს კი დატანილია:

  • მაგნიტური ზოლი - აქ განთავსებულია ბარათის მფლობელისა და შესაბამისი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია;
  • ჰოლოგრამა - ბარათის გაყალბებისგან დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია;
  • ბარათის მფლობელის ხელმოწერის ველი;
  • უსაფრთხოების კოდი (CVV / CVC) - ზოგიერთ ბარათზე ეს კოდი ბარათის წინა მხარესაც შეიძლება იყოს დატანილი;
  • ბარათის გამცემი დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია.

ბარათის ტიპები

საგადახდო ბარათების სხვადასხვა ტიპს შეხვდებით, ეს შეიძლება იყოს: სადებეტო ან საკრედიტო ბარათი, რომელსაც ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებლებს საკუთარი ან სესხად აღებული ფულის განკარგვისთვის სთავაზობენ, სასაჩუქრე ან დაგროვებითი ბარათები, რომლებსაც ორგანიზაციები მომხმარებლების მეტი კომფორტისა და მათ მიმართ ლოიალურობის გაზრდის მიზნით ამზადებენ და სხვა. მათგან შედარებით გავრცელებულია საკრედიტო და სადებეტო ბარათები. საკრედიტო და სადებეტო ბარათებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, თუ ვის თანხას ხარჯავთ - თქვენს ფულს თუ ნასესხებ თანხას. 

სადებეტო ბარათი

სადებეტო ტიპის საგადახდო ბარათი საშუალებას გაძლევთ ის თანხა ხარჯოთ, რაც თქვენს საბარათე ანგარიშზეა. მაგალითად, თუ საბარათე ანგარიშზე 100 ლარი გაქვთ, ბარათით გადახდას მხოლოდ ამ თანხის ფარგლებში შეძლებთ. სადებეტო ბარათით სარგებლობა შეგიძლიათ, როგორც უშუალო ბანკში ვიზიტისას, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების მიღებისასაც. მაგალითად, შეგიძლიათ ბარათით თანხა გაანაღდოთ ბანკომატიდან, გადაიხადოთ პროდუქტისა და მომსახურების ღირებულება პოსტერმინალებზე. ბარათებით ასევე შეძლებთ ინტერნეტმაღაზიებში შესყიდვების განხორციელებას. 

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სადებეტო ბარათით იმაზე მეტი თანხის დახარჯვა შეგიძლიათ, ვიდრე ანგარიშზე გაქვთ, არის ოვერდრაფტით სარგებლობის შემთხვევა.

რა არის ოვერდრაფტი?

ეს არის ბანკის მიერ მონიჭებული შესაძლებლობა თქვენს ანგარიშზე არსებულ ნაშთზე მეტი თანხა აითვისოთ. ის, თუ როგორ და რა პირობით დამტკიცდება  ოვერდრაფტის ლიმიტი,  დამოკიდებულია თავად ბანკზე. 

ოვერდრაფტი თავისი არსით განახლებადი, ანუ, როგორც მას უწოდებენ, რევოლვირებადი სესხია. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ათვისებულ ლიმიტს სრულად შეავსებთ, ანუ ოვერდრაფტის ლიმიტიდან გახარჯულ თანხას დააბრუნებთ, ამ თანხის გამოყენება კრედიტორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე თავიდან შეგიძლიათ.

ბანკები ინდივიდურად წყვეტენ, თუ რა მოცულობის ოვერდრაფტი დაუშვან მომხმარებლის ანგარიშზე. ის უმეტესად მომხმარებლის რეგულარულ შემოსავალზეა (მაგალითად, ხელფასი) დამოკიდებული და გარკვეული პროპორციულობით განისაზღვრება. მაგალითად, თუ ბანკში 1000 ლარის ოდენობის ხელფასი გერიცხებათ, ბანკმა შესაძლოა შემოგთავაზოთ თქვენი ხელფასის 50%-ის ოდენობის ოვერდრაფტი. ამ შემთხვევაში თქვენს ხელფასს დამატებული მისი 50%-ის, ანუ 1000 + 500 = 1500 ლარის ათვისებას შეძლებთ. 

ოვერდრაფტის ლიმიტის ყოველთვიურად სრულად ათვისებამ, ისევე როგორც სხვა საკრედიტო პროდუქტების გაუაზრებელმა გამოყენებამ, შესაძლოა ვალდებულებაზე დამოკიდებული გაგხადოთ. სასურველია, დაშვებული ოვერდრაფტის ლიმიტი მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას დახარჯოთ და პერიოდულად მისი ოდენობის შემცირებას შეეცადოთ. 

სანქცირებული და არასანქცირებული ოვერდრაფტი

ოვერდრაფტი შეიძლება იყოს სანქცირებული და არასანქცირებული. თქვენი მოთხოვნის საფუძველზე ბანკის მიერ დამტკიცებული ოვერდრაფტი სანქცირებული ოვერდრაფტია. არასანქცირებული ოვერდრაფტი კი ამა თუ იმ ტრანზაქციის განხორციელების შედეგად თქვენსა და ბანკს შორის წინასწარი შეთანხმების გარეშე, ავტომატურად ლიმიტს ზემოთ გადახარჯული თანხაა. მაგალითად, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სადებეტო ბარათით იმაზე მეტი თანხით ისარგებლეთ, ვიდრე ხელმისაწვდომი იყო. მაგალითად, თუ საგადახდო ბარათით გადახდისას ტექნიკური ხარვეზის გამო პროდუქტისა და მომსახურების ღირებულების ჩამოჭრა არ მოხდა და მოგვიანებით, როცა აღნიშნული ოპერაციის თანხა ანგარიშიდან ჩამოიჭრა, ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთი აღმოჩნდა, ან  ტრანზაქციის განხორციელებისა და ამ ტრანზაქციის თანხის ამონაწერში ასახვის დროს არსებული ვალუტების გაცვლით კურსებს შორის სხვაობის გამო უფრო მეტი თანხა ჩამოგეჭრათ, ვიდრე ანგარიშზე გქონდათ. ეს ნიშნავს, რომ ანგარიშზე არასანქცირებული ოვერდრაფტი გაჩნდა. 

არასანქცირებული ოვერდრაფტის თანხა ბანკის მიმართ თქვენი დავალიანებაა და, როგორც წესი, მასზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთია დაწესებული, ვიდრე სანქცირებულ, სტანდარტულ ოვერდრაფტზე. არასანქცირებული ოვერდრაფტი ისევე უნდა მართოთ, როგორც ბანკის მიმართ სხვა ნებისმიერი დავალიანება.

ოვერდრაფტის პირობები

ოვერდრაფტით სარგებლობამდე კარგად უნდა გაიაზროთ მისი პირობები და მასთან დაკავშირებული ხარჯები:

ოვერდრაფტის ლიმიტი

ეს არის ასათვისებელი თანხის მოცულობა, რომელიც ბანკმა წინასწარ დაგიმტკიცათ, ძირითადად თქვენი შემოსავლის გათვალისწინებით და რომელიც შემოსავლის ჩარიცხვისას ავტომატურად იფარება.

ოვერდრაფტთან დაკავშირებული ხარჯები

ისევე, როგორც სხვა ტიპის სესხებს, ოვერდრაფტსაც ერიცხება გარკვეული საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, ოვერდრაფტს შეიძლება ჰქონდეს ოვერდრაფტის დამტკიცების ან მომსახურების საკომისიო და სხვა დაკავშირებული ხარჯებიც.

ოვერდრაფტის გამოყენება

ის ფაქტი, რომ ოვერდრაფტის თანხას სადებეტო ბარათით განკარგავთ, არ ნიშნავს, რომ ეს თანხა თქვენი საკუთრებაა. ეს თანხა ნასესხებია ბანკიდან.  შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა მართოთ, როგორც სესხი და პირადი ფინანსების მართვისას ხარჯების ნაწილში გაითვალისწინოთ.  

ოვერდრაფტი სესხია, რომლის გამოყენებაც განსაკუთრებით მოქნილია იმ სიტუაციებში, როდესაც გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსება გიწევთ და ამ მიზნისთვის საკმარისი დანაზოგი არ გაქვთ. მაგალითად, თუ მოულოდნელად დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისთვის დამატებით 200 ლარი დაგჭირდათ, ამ ხარჯის დაფარვას ოვერდრაფტით შეძლებთ.

ოვერდრაფტზე გადასახდელი პროცენტი იმ თანხის მიხედვით დაიანგარიშება, რის ათვისებაც მოხდა და არა დამტკიცებული ლიმიტის სრული თანხიდან. მაგალითად,  თქვენი ხელფასი 1,000 ლარია და ხელფასის 50%-ის ოდენობის (500 ლარი) ოვერდრაფტით სარგებლობთ. თუ ოვერდრაფტის ლიმიტიდან მხოლოდ 200 ლარი დახარჯეთ, საპროცენტო განაკვეთი გახარჯული 200 ლარიდან, და არა 500 ლარიდან დაიანგარიშება.

თქვენი ხარჯების გათვალისწინებით, შეგიძლიათ ოვერდრაფტის ათვისებული ლიმიტი პერიოდულად შეავსოთ და, შესაბამისად, ოვერდრაფტთან დაკავშირებული ხარჯი შეამციროთ. 

საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათი - ეს არის საგადახდო ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სხვადასხვა პროდუქტი და მომსახურება სესხის თანხით შეიძინოთ. საკრედიტო ბარათით შეგიძლიათ როგორც თანხის გადახდა, ასევე თანხის განაღდებაც. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკრედიტო ბარათიდან ნაღდი ფულის გატანის საკომისიო მაღალია და თქვენთვის უფრო მოსახერხებელი და ყველაზე ეკონომიური მისი მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებისას გამოყენება იქნება. 

საკრედიტო ბარათი სესხია: თქვენ სესხულობთ და აბრუნებთ თანხას წინასწარ შეთანხმებული პირობებით. საკრედიტო ბარათის დამტკიცებისთვის თქვენ დაგჭირდებათ იმ პროცედურების გავლა, რაც სესხის დამტკიცებას სჭირდება და რომლებსაც ბანკები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ.

საკრედიტო ლიმიტი

როდესაც საკრედიტო ბარათს იღებთ, ფინანსური ორგანიზაცია საკრედიტო ლიმიტს გიმტკიცებთ.  ბარათის საკრედიტო ლიმიტი - ეს არის ასათვისებელი თანხის მოცულობა, რომელიც დაშვებულია ბარათზე და შეგიძლიათ მისი გახარჯვა. ისევე, როგორც სხვა სესხებზე, საკრედიტო ბარათის ლიმიტის ათვისებისასაც იხდით პროცენტს. თანხის ათვისების საკომისიო საკრედიტო ლიმიტის ათვისების არხების მიხედვით განსხვავებულია. საკრედიტო ბარათებისთვის განსაზღვრულია წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც გადაიხდით ბარათიდან ათვისებულ თანხაზე, თუ არ მოხდა საშეღავათო პერიოდში მისი სრულად დაფარვა.

საკრედიტო ბარათის მახასიათებლები

საშეღავათო პერიოდი

ხშირად საკრედიტო ბარათის გამცემი საშუალებას გაძლევთ ათვისებული თანხა უპროცენტოდ გამოიყენოთ. პერიოდს, რომლის განმავლობაში ბარათიდან დახარჯული ფულის დაბრუნების შემთხვევაში პროცენტს არ იხდით, საშეღავათო პერიოდი ჰქვია. საშეღავათო პერიოდი განსაკუთრებით სასარგებლოა მომხმარებლებისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც საკრედიტო ბარათით მოკლევადიან ფულად დანაკლისს ივსებენ. მაგალითად, თუ ხელფასამდე 1 კვირა დაგრჩათ და ამ პერიოდში დამატებით 100 ლარი გჭირდებათ, საკრედიტო ბარათით სარგებლობა შესაძლოა თქვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს. შეძლებთ, საჭირო თანხა აითვისოთ  საკრედიტო ლიმიტიდან, ხელფასის მიღების შემდეგ კი ეს თანხა დააბრუნოთ. თუ თანხის დაბრუნება შესძელით საშეღავათო პერიოდში, გამოყენებულ თანხაზე პროცენტსაც არ გადაიხდით. 

კრედიტის განახლებადობა

საკრედიტო ბარათი თავისი არსით განახლებადი, ანუ, როგორც მას უწოდებენ, რევოლვირებადი სესხია. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ათვისებულ ლიმიტს სრულად შეავსებთ, ანუ საკრედიტო ბარათიდან გახარჯულ თანხას დააბრუნებთ, ამ თანხის გამოყენება კრედიტორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე თავიდან შეგიძლიათ. მაგალითად, თუ გაქვთ 500-ლარიანი ლიმიტის მქონე საკრედიტო ბარათი და 200 ლარს გახარჯავთ, მას შემდეგ, რაც გახარჯულ თანხას დააბრუნებთ, 500 ლარიანი ლიმიტი ავტომატურად თავიდან გაგიაქტიურდებათ და შეძლებთ მის სრულად გამოყენებას.

მინიმალური შენატანი

ეს არის ის მინიმალური თანხა, რომელიც ყოველთვიურად აუცილებლად უნდა შეიტანოთ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე იმ შემთხვევაში, თუ ათვისებულ თანხას ერთიანად სრულად ვერ აბრუნებთ. მინიმალური შენატანის ოდენობას კრედიტორი განსაზღვრავს. ამ თანხაში გათვალისწინებულია როგოც საკრედიტო ბარათიდან ათვისებული თანხის ნაწილი, ასევე ის პროცენტი და საკომისიოები, რომელიც ათვისებულ თანხას გადახდის მომენტამდე დაერიცხა. საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ მინიმალური შენატანების განხორციელებისას ჯამურად გადახდილი თანხა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ათვისებული თანხის ერთიანად დაფარვის შემთხვევაში. თუ თქვენ გადაწყვეტთ, ბარათიდან ათვისებული თანხა სრულად დაფაროთ, იმ პროცენტის გადახდა აღარ მოგიწევთ, რომელსაც თანხის ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში გადაიხდიდით. 

ბარათის მოქმედების ვადა

ეს არის საკრედიტო ბარათის მოქმედების პერიოდი. ბარათის ვადის გასვლის შემდეგ აუცილებელია მის გამომშვებ ბანკს ახალი ბარათის დასამზადებლად მიმართოთ. ბარათის მოქმედების ვადა შესაძლოა არ იყოს იგივე, რაც საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა. შეიძლება ბარათს ვადა გაუვიდეს და მისი ხელახლა დამზადების შემდეგ ავტომატურად  მოხდეს ძველი ბარათის საკრედიტო ლიმიტის გააქტიურება და პირიქით, ბარათის ვადის გასვლამდე შესაძლებელია საკრედიტო ლიმიტი გაუქმდეს. როგორც ბარათის მოქმედების ვადას, ისე საკრედიტო ლიმიტის მოქმედების პერიოდს, ბანკები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

ბარათით სარგებლობის ხარჯები 

ბარათის აღება და სარგებლობა, როგორც წესი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა ან ზოგიერთ ხარჯთან:

  • ბარათის დამზადების საკომისიო 
  • ბარათის მომსახურების საკომისიო (ყოველთვიური ან ყოველწლიური)
  • ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო

იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო ბარათიდან ათვისებული თანხიდან მინიმალური შენატანის დაფარვა დათქმულ ვადაში ვერ მოახერხეთ, ვადაგადაცილების ჯარიმა დაგეკისრებათ. იმისათვის, რომ იცოდეთ, თუ რა იქნება თქვენი ხარჯი, როგორც აღებული თანხის დროულად დაფარვის, ისე, ვადაგადაცილების დროს, აუცილებელია გაეცნოთ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებას.  ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი თქვენი უფლებები და პასუხისმგებლობები საკრედიტო ბარათის გამოყენებისას. ამასთანავე, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ხელშეკრულების თავსართზე. ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, პროდუქტთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ, მოცემულია ხელშეკრულების თავსართში. მაგალითად, ინფორმაცია ბარათის ლიმიტის, ბარათის ნომინალური და ეფექტური საპრცენტო განაკვეთების შესახებ და სხვა.

წინასწარი გადახდის ბარათი

სადებეტო და საკრედიტო ბარათებისგან განსხვავებით, წინასწარი გადახდის ბარათზე არ დაიშვება საკრედიტო ლიმიტი და დასახარჯი თანხის შეტანა ბარათზე ხდება წინასწარ. 

გარდა ამისა, წინასწარი გადახდის ბარათზე კონკრეტული მფლობელის დარეგისტრირება სავალდებულო არ არის. ბარათი შეიძლება გადაეცეს ნებისმიერ პირს.  ამ ტიპის ბარათის საუკეთესო მაგალითია სასაჩუქრე ბარათი. თუ მეგობრისთვის საჩუქრის გაკეთება გსურთ, არ გჭირდებათ მისი პირადი მონაცემები, არც მის სახელზე ანგარიშის გახსნა. თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ იყიდოთ სასაჩუქრე ბარათი, რომელზეც განათავსებთ განსაზღვრულ თანხას. შესაბამისად, მეგობარს შეეძლება  მხოლოდ იმ თანხის გამოყენება, რომელიც თქვენ წინასწარ შეიტანეთ ამ ბარათზე. თუმცა, არსებობს ისეთი ტიპის სასაჩუქრე ბარათებიც, რომელზეც თანხის დამატებაც შეიძლება. ამასთან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი გადახდების ბარათზე თანხის დამატება დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როცა ის იდენტიფიცირებულ მომხმარებელზეა გადაცემული. 

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში,  ბარათის დაბლოკვას მხოლოდ იდენტიფიცირებული ბარათის მფლობელი შეძლებს. 

ვირტუალური ბარათი

ტექნოლოგიების განვითარებამ პოპულარული გახადა ვირტუალური ბარათები. ვირტუალური ბარათი ინტერნეტით გადახდებისთვის გამოიყენება, ამასთან შესაძლებელია მისი მობილურ აპლიკაციაში ინტეგრირებაც სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში უკონტაქტო გადახდებისთვის გამოყენების მიზნით.  ეს ბარათი ითავსებს ყველა იმ თვისებას, რაც სტანდარტულ საგადახდო ბარათს შეიძლება ჰქონდეს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბარათი ფიზიკურად არ მზადდება. ვირტუალური ბარათის გამომშვები ბარათის მფლობელს გადასცემს ყველა მონაცემს, რაც ბარათის გამოყენებისთვისაა საჭირო (მაგალითად, ბარათის ნომერს, მის მოქმედების ვადას, უსაფრთხოების კოდს და სხვა). მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულება ამ ბარათის გახსნის დროსაც ფორმდება.  ვირტუალური ბარათის  შეძენას და სარგებლობას  ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, როგორც ფიზიკური ბარათით სარგებლობას, გაეცნოთ ყველა პირობას და დაიცვათ ბარათის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესები.

ბარათის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება

საგადახდო ბარათის ტიპი, მისი მომსახურების პირობები, მასთან დაკავშირებული ხარჯი და ყველა დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია ბარათის გამოყენებისას, ბარათის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში იწერება, რომელიც მომხმარებელსა და ბარათის გამცემ დაწესებულებას შორის ფორმდება. 

სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასარიდებლად ხელშეკრულების წაკითხვა და მისი პირობების კარგად გააზრება აუცილებელია.  

მაგალითად, თუ ბანკში დეპოზიტი გახსენით და ბანკმა საჩუქრად სადებეტო ბარათი დაგიმზადათ, რომელზეც 1 წლის განმავლობაში მომსახურების საკომისიო არ გერიცხებათ, ამ 1 წლის გასვლის შემდეგ ეს პირობა შეიძლება შეიცვალოს და ბარათის მომსახურების საკომისიო დაგერიცხოთ. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ დამატებითი ხარჯები, მნიშვნელოვანია დეტალურად გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს, სანამ ხელს მოაწერდეთ მას. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც თქვენი ერთი ფინანსური პროდუქტი მეორეს უკავშირდება, მაგალითად, საგადახდო ბარათის პირობები დამოკიდებულია დეპოზიტის არსებობაზე, აუცილებელია როგორც ბარათის, ასევე დეპოზიტის ხელშეკრულებას გაეცნოთ.

ხელშეკრულების წინასწარ გაცნობა აუცილებელია, რადგან ასე თქვენ პროდუქტთან დაკავშირებული ყველა პირობის გაცნობას შეძლებთ და გააზრებულად დათანხმდებით პროდუქტით სარგებლობაზე.  

ბარათის უსაფრთხოება

საგადახდო ბარათის გამოყენებისას აქტუალურია ბარათის უსაფრთხოების საკითხი. ვინაიდან ბარათის გამოყენების არხები საკმაოდ მრავალფეროვანია (მაგალითად, ბანკომატით თანხის განაღდება, პოსტერმინალებზე ბარათით გადახდა, ინტერნეტით ონლაინ გადახდის განხორციელება და სხვა), არსებობს ბარათის მონაცემების დაკარგვისა და თაღლითობის რისკი, რომელიც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. 

ბარათისა და მისი მფლობელის მონაცემების დაცვისთვის შემუშავებულია უსაფრთხოების სისტემები და პროცედურები. 

პინკოდი

ეს არის ციფრების  კომბინაცია, რომელიც ბარათს დამზადების პროცესში იქმნება და ბარათთან ერთად მფლობელს გადაეცემა. პინკოდი ოპერაციის ნამდვილობის დასადასტურებელი კოდია. დაუშვებელია მისი მესამე პირისთვის გადაცემა. პინკოდი ბანკომატით ოპერაციის შესრულებისას და პოსტერმინალებზე გადახდის განხორციელებისას გამოიყენება. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პერიოდულად შეცვალოთ ბარათის პინკოდი ციფრთა სასურველი კომბინაციით. 

ინტერნეტგადახდებისას ბარათის მონაცემების დაფიქსირების აუცილებლობა

ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას ინტერნეტ მაღაზია გთხოვთ ვებგვერდზე შეიყვანოთ ბარათის 16-ნიშნა კოდი, მოქმედების ვადა, მფლობელის სახელი და უსაფრთხოების კოდი. ეს ინფორმაცია მხოლოდ მაშინ იცით, თუ ბარათის ორივე მხარის დათვალიერებისა და ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობა გაქვთ.

ბარათის 3D უსაფრთხოების სისტემა

ინტერნეტით საბარათო გადახდების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემუშავებულია 3D უსაფრთხოების სისტემა. ეს სისტემა გულისხმობს  საგადახდო ბარათით ინტერნეტშესყიდვის განხორციელებისას დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმის გამოყენებას.  3D უსაფრთხოების მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს როგორც ვებგვერდს, ისე საგადახდო ბარათს. თუ თქვენს ბარათს 3D მხარდაჭერა აქვს და იმყოფებით ვებგვერდზე, რომელსაც ასევე აქვს 3D მხარდაჭერა, ინტერნეტ-გადახდის განხორციელებისას ვებგვერდი ავტომატურად შემოგთავაზებთ გაააქტიუროთ 3D უსაფრთხოების მომსახურება. ეს ნიშნავს შესყიდვის ოპერაციაზე ავტორიზაციის დამატებას, რაც 2 ფორმით შეიძლება განხორციელდეს: ზოგ შემთხვევაში თქვენ, ანუ ბარათის მფლობელს, მოგენიჭებათ ერთი მუდმივი კოდი და ყოველი შესყიდვისას ბარათის მონაცემებთან ერთად ამ კოდის შეყვანაც საჭირო იქნება. ასევე, შესაძლებელია ყოველი შესყიდვისას თქვენს ნომერზე გაიგზავნოს ახალი, უნიკალური კოდი SMS-ის სახით და ამ კოდით დაადასტუროთ შესყიდვის ნამდვილობა. ეს მექანიზმი გიცავთ იმ შემთხვევაშიც, თუ ბარათი დაკარგეთ ან მესამე პირი ცდილობს თქვენი  ბარათით შესყიდვის განხორციელებას.

ბარათის დაბლოკვის შესაძლებლობა

თუ ბარათი დაკარგეთ ან მოგპარეს და გსურთ  აღკვეთოთ მისი შემდგომი გამოყენება სხვა პირის მიერ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მომსახურე ბანკს, მოითხოვეთ დაკარგული/მოპარული ბარათის დაბლოკვა. ეს ნიშნავს, რომ ბარათის დაბლოკვის მომენტიდან, ბარათით ნებისმიერი გადახდის მცდელობა უნდა შეიზღუდოს. მომსახურე ბანკს ბარათის დაბლოკვა შეუძლია როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო მასშტაბით.  გასათვალისწინებელია, რომ თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ თანხის დანაკარგი, მომსახურე ბანკს ბარათის დაკარგვის შესახებ მაქსიმალურად სწრაფად უნდა აცნობოთ.

რჩევები ბარათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

იმისათვის, რომ საგადახდო ბარათით ოპერაციების განხორციელებისას თაღლითობისა და ინფორმაციის დაკარგვის რისკები აირიდოთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ბარათის პინკოდის შერჩევისას გამოიყენეთ ციფრთა რთული კომბინაცია, რადგან ერთნაირი ციფრები და დაბადების თარიღი ადვილად გამოსაცნობი კომბინაციებია;
  • პინკოდი და ბარათის სხვა მონაცემები არ გაანდოთ მესამე პირს;
  • მოერიდეთ ინტერნეტგადახდებისას ბარათის მონაცემების ვებგვერდებზე ავტომატურად დამახსოვრებას;
  • შეამოწმეთ ინტერნეტგვერდის დაცულობა;
  • შეინახეთ საგადახდო ბარათები ისე, რომ მესამე პირისთვის ის ადვილად მისაწვდომი არ იყოს;
  • თუ ბარათი დაკარგეთ ან მისი გამოყენებით საეჭვო ოპერაცია განხორციელდა, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ  ბარათი.

უფრო ვრცლად ფინანსური უსაფრთხოების შესახებ შესაბამის მენიუში შეგიძლიათ წაიკითხოთ: ფინანსური უსაფრთხოება