კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რჩევები საოჯახო ბიზნესის დასაწყებად

საოჯახო ბიზნესის დაწყება საკმაოდ პერსპექტიული გადაწყვეტილებაა. საქმიანობის დასაწყებად, უმეტესად, დამატებითი რესურსების მოძიება საჭირო არაა. იმისთვის, რომ თქვენი იდეის ბიზნესად ქცევის ან მინიმალური ხარჯებით გამართული საქმიანობის დაწყების შანსები გაზარდოთ, მნიშვნელოვანი იქნება ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება: 

ჩამოაყალიბეთ ბიზნეს იდეა

როგორი მასშტაბიც უნდა ჰქონდეს ბიზნესს, ის აუცილებლად იწყება იდეით. ნათლად ჩამოაყალიბეთ ბიზნეს იდეა, ზუსტად განსაზღვრეთ, როგორ ხედავთ თქვენს სამომავლო საქმიანობას და რა შედეგის მიღწევა გსურთ. დამწყები ბიზნესებისთვის ერთ-ერთ რთულ ეტაპს სწორედ ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება წარმოადგენს. საოჯახო ბიზნესი, როგორც წესი, ჰობის საქმიანობად ქცევაა, როდესაც საყვარელი საქმე ერთზე მეტია, რთულია იმ ერთი კონკრეტულის ამორჩევა, რომელიც ყველაზე გამართულ ბიზნესად შეიძლება ჩამოყალიბდეს. არჩევანის გასაკეთებლად საუკეთესო გზაა, თქვენი ჰობი იდეებად და ბოლოს ბიზნეს იდეებად გარდაქმნათ. ბიზნეს იდეები გააცანით ოჯახის წევრებს და სთხოვეთ რაც შეიძლება კრიტიკულები იყვნენ. იდეა, რომელიც კრიტიკას გაუძლებს, შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებად ღირს. თუმცა საქმიანობის დაწყებამდე უკვე შერჩეული იდეის ირგვლივ საკითხების მოკვლევასაც დაუთმეთ დრო. შეიძლება იდეა საკმაოდ ლოგიკურად იყოს ახსნილი, მაგრამ ბაზარი, სადაც თქვენს პროდუქტს გაყიდით, არ იყოს მზად ან პირიქით გაჯერებული იყოს მსგავსი პროდუქციით. ბიზნესის სახე მიეცით მხოლოდ იმ იდეას, რომელიც უფრო პრაქტიკული და განხორციელებადია.

საოჯახო ბიზნესი განიხილეთ, როგორც დამატებითი საქმიანობა ან ჰობი

ვინაიდან ბიზნესის დაწყებას ყოველთვის თან ახლავს რისკი, საოჯახო ბიზნესს დასაწყისისთვის შეხედეთ როგორც დამატებით საყვარელ საქმიანობას.   დროის და სხვა რესურსების კუთხითაც საქმიანობას თავიდანვე სრული დატვირთვით ნუ შეუდგებით. ერთი მხრივ, ეს საშუალებას მოგცემთ საკმარისი დრო დაუთმოთ უკვე არსებულ საქმიანობას და სტაბილურად შეინარჩუნოთ შემოსავალი, მეორე მხრივ კი ბიზნესის შესაძლო წარუმატებლობასთან დაკავშირებულ სტრესსაც თავიდან აირიდებთ.

შექმენით ბიზნეს გეგმა

ნებისმიერი მასშტაბის იდეისთვის შექმენით ბიზნეს გეგმა. გააკეთეთ ბიზნესის მიმოხილვა, დაწერეთ როგორ ფიქრობთ მართვას, დათვალეთ:  რა რესურსი გჭირდებათ, ვინაა თქვენი მომხმარებელი, სადაა თქვენი პროდუქციის გასაყიდი ბაზარი. დეტალურად გაწერეთ ყველაფერი, რაც ბიზნესის ფორმირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ასე უფრო უკეთ დაინახავთ საოჯახო საქმეებთან ერთად მისი მართვის შესაძლებლობას.

შექმენით საბანკო ანგარიში თქვენი ბიზნესისთვის

საოჯახო ბიზნესის წარმოების მთავარი გამოწვევა საოჯახო ურთიერთობებისგან მისი გამიჯვნის სირთულეა. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებო ფინანსებთან მიმართებითაა. საოჯახო ბიზნესის ფინანსების გამარტივებული აღრიცხვისთვის გახსენით ცალკე საბანკო ანგარიში, თუნდაც თქვენივე სახელზე, მთავარია, ის თქვენი პირადი ანგარიშისგან დამოუკიდებელი იყოს.

მოაწყვეთ სამუშაო სივრცე

გამოძებნეთ ადგილი თქვენს სახლში, რასაც ბიზნესის სივრცეს დაარქმევთ. თუ კულინარიულ საქმეს მიჰყოფთ ხელს, სამზარეულოში გამოყავით პატარა კუთხე, თუ თიხის ნივთების წარმოებას გადაწყვეტთ, ისეთი ადგილი ნახეთ, სადაც მშვიდად მუშაობას შეძლებთ და არც რამის დაზიანება-დასვრის შიში გექნებათ. ბიზნესისთვის სივრცის მოწყობა მუშაობის პროცესს გაგიმარტივებთ, ამავდროულად სხვებსაც დაანახებს, რომ საოჯახო ბიზნესი ცალკე საქმიანობაა და შესაბამის რესურსს მოითხოვს.

დეტალურად აღრიცხეთ ბიზნესის ხარჯები

მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, ოჯახის ბიზნესმა არ გაამართლოს, არასწორი ფინანსური გათვლებია. ხშირად, ბიზნესთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვისას არ ითვალისწინებენ ისეთ მცირე ხარჯებს, რაც ოჯახის საჭიროებებშიც გვხვდება. მაგალითად, თუ თქვენ გჭირდებათ,სუფრის მარილი, რომლის აღებაც ოჯახის მარაგიდან შეიძლება, აუცილებლად დათვალეთ რა დაჯდებოდა, თუ მას შეიძენდით. ან როდესაც მოიხმართ წყალს სახლის ონკანიდან, არ დაგავიწყდეთ იმის გათვლა, რომ წყლის გადასახადის ნაწილი, სწორედ თქვენი პროდუქტის შექმნის ხარჯშია შესაყვანი. ხშირად ხარჯებში არ ითვალისწინებენ შრომის ხარჯს. მაგალითად თუ თქვენ აცხობთ ტორტს, გარდა ტორტის მასალისა, ხარჯში უნდა გაითვალისწინოთ თქვენივე ხელფასიც - რას გადაუხდიდით მცხობელი რომ გყავდეთ. რატომაა საჭირო ამ დეტალებზე დაფიქრება? უპირველესად იმიტომ, რომ ზუსტად იცოდეთ, რა ჯდება თქვენი პროდუქტი. თუ წარმოების გაფართოებას გადაწყვეტთ და ცალკე ფართში გააგრძელებთ საქმიანობას, არ შეიძლება, თქვენი პროდუქტის ღირებულება რადიკალურად გაიზარდოს. ამასთან, სწორად აღრიცხული და გამიჯნული ხარჯი დაგეხმარებათ, ბიზნესი წნეხად არ დააწვეს საოჯახო ხარჯებს.

დაფიქრდით თქვენი საქმიანობის განვითარებაზე

თითქმის ყველა დიდი ბიზნესი ოჯახში განხილული იდეიდან იწყება. თუკი ფინანსურ გათვლებს სწორად აკეთებთ, შემოსავლებს და ხარჯებს აბალანსებთ, საოჯახო ბიზნესს ავითარებთ, მის სამომავლო პერსპექტივებზე დაფიქრებაც შეგიძლიათ. თუ თქვენს პროდუქტზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ატყობთ რომ მომხმარებლებში საკმაოდ კარგად დამკვიდრდა შეთავაზება, შეგიძლიათ ბიზნესის გაფართოებასა და მეტ ფორმალურობაზე დაფიქრდეთ. 

როგორ დააფინანსოთ ბიზნესი, როგორ შეაფასოთ მისი ფინანსური შესაძლებლობები და ზოგადად რა სჭირდება მეწარმეს იმისთვის რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა, შეგიძლიათ გაეცნოთ ფინედუს ვებგვერდზე მეწარმეებისთვის განკუთვნილ კატეგორიაში.