საკრედიტო ან სხვა ტიპის ორგანიზაციებს, რომელსაც თქვენი გადახდისუნარიანობის შემოწმების საჭიროება უჩნდებათ, საკრედიტო ბიუროდან თქვენი მონაცემების გამოთხოვის უფლება მხოლოდ თქვენი ნებართვის საფუძველზე აქვთ.
სესხის აღების მიზნით მიმართვის შემთხვევაში, საკრედიტო ორგანიზაცია თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის ნებართვას გთხოვთ. ამგვარი ნებართვის გაცემა კი ხორციელდება კრედიტინფოდან ინფორმაციის გამოთხოვის ფორმაზე ხელმოწერით ან დისტანციურ არხებში დათანხმებით. გასათვალისწინებელია, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში ნებართვის ფორმას 30 დღიანი ვადა აქვს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ორგანიზაციას არ აქვს უფლება გამოითხოვოს თქვენი მონაცემები ახალი ნებართვის გარეშე.
არსებობს ნებართვის ფორმის ორი ტიპი: ერთი, რომლითაც დაინტერესებულ პირს თქვენი მონაცემების გადამოწმების უფლებას აძლევთ და მეორე, რომლითაც სამომავლოდ, პროდუქტის შეთავაზების მიზნით, თქვენი მონაცემების შემოწმების უფლებას აძლევთ მას. გაითვალისწინეთ, მეორე ფორმაზე თანხმობა არასავალდებულო ხასიათისაა, არ ახდენს გავლენას რომელიმე პროდუქტის/მომსახურების მიღებაზე და მისი ვადა განისაზღვრება 90 დღით.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციისგან სესხი გაქვთ აღებული, სესხით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში კრედიტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს თქვენზე ინფორმაცია საკრედიტო ბიუროში, რის თაობაზეც, ასევე, მითითებული იქნება შესაბამის ხელშეკრულებაშიც;
მსგავსი თემები
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას
- როდესაც სესხის მიმდინარე შენატანის გადახდას ვეღარ ახერხებთ
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?
- საკრედიტო ისტორია
- საკრედიტო რეპორტი (ანგარიშგება)
- რას ემსახურება საკრედიტო რეპორტის არსებობა?
- სესხი (კრედიტი)