კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაგროვებითი საპენსიო სქემა

საპენსიო ასაკში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა დაგროვებითი საპენსიო სქემა. ამ სქემაში სავალდებულო წესით ერთვება თითქმის ყველა დასაქმებული ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულებს ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე შეუძლიათ მასში ჩართვა. თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოსთვის უკვე იყავით 40 წლის, უფლება გქონდათ საპენსიო სქემის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ მიგემართათ საპენსიო სააგენტოსთვის და უარი გეთქვათ საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე. 

საპენსიო სქემის ფორმირება, ძირითადად, მომხმარებლების დარიცხული შემოსავლებიდან საპენსიო ფონდში თანხის სავალდებულო შენატანების საფუძველზე ხორციელდება . საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ კი მომხმარებელი ფონდში მის ანგარიშზე შეგროვილი თანხის ათვისებას შეძლებს. ამ სქემის პარალელურად აქტიური რჩება სახელმწიფო პენსიის სისტემა და სქემის ყველა მონაწილე საპენსიო ფონდში მის სახელზე დაგროვილ თანხასთან ერთად მიიღებს, ასევე, საპენსიო ასაკის პერიოდში  არსებულ სახელმწიფო პენსიასაც. 

როგორ გროვდება თანხები საპენსიო სქემით?

დასაქმებულისთვის საპენსიო სქემას, ზოგადად, აქვს დაგროვების შემდეგი პრინციპი: 2%+2%+2%. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით საპენსიო ფონდში რიცხავს მისი ხელფასის/შემოსავლის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს. ამასთან, ამავე მოცულობით თანხას დამატებით რიცხავს დამსაქმებელიც, ხოლო სახელმწიფოს მიერ დამატებით გაკეთებული შენატანის მოცულობა დამოკიდებულია დასაქმებულის შემოსავლის მოცულობაზე და ისიც მაქსიმუმ 2%-ია.

სახელმწიფოს წვლილი თქვენს საპენსიო შენატანში დამოკიდებულია თქვენი ჯამური შემოსავლების მოცულობაზე და ის იანგარიშება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისიდან მიმდინარე თარიღამდე. თუ თქვენი შემოსავალი წლის დასაწყისიდან მიმდინარე თარიღამდე 24,000 ლარს არ აღემატება, სახელმწიფო ფონდში თქვენთვის თქვენი მიმდინარე ასანაზღაურებელი შემოსავლის 2%-ს ჩარიცხავს, 24,000-დან 60,000 ლარამდე შემოსავლების მფლობელებისათვის სახელმწიფოს შენატანი თქვენი მიმდინარე შემოსავლის 1%-იან შეადგენს, ხოლო 60,000 ლარს ზემოთ შემოსავლების მქონე პირებისათვის სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ფონდში თქვენს სახელზე შენატანის განხორციელება არ ხდება. ყოველი წლის 1-ლი იანვრიდან წლიური შემოსავლების მოცულობის დაანგარიშება იწყება თავიდან. მაგალითად, თუ თქვენი ყოველთვიური დარიცხული შემოსავალი 1,000 ლარია, ყოველთვიურად, ხელფასის გადახდისთანავე და მთელი წლის განმავლობაში 1,000-ის 2%-ს ანუ 20 ლარს საპენსიო ფონდში გადაიხდის სახელმწიფო, 20  ლარს გადაიხდის დამსაქმებელი და 20 ლარს კი ხელფასიდან დაგიკავებთ და ამ თანხას თქვენი სახელით საპენსიო ფონდში გადარიცხავს დამსაქმებელი. ხოლო იმ შემთხვევაში კი თუ თქვენი ყოველთვიური დარიცხული შემოსავალი 3,000 ლარს შეადგენს, პირველი 8 თვის განმავლობაში ანუ იქამდე სანამ თქვენი წლიური შემოსავალი 24,000 ლარს არ გადააჭარბებს, თქვენი საპენსიო შენატანი 60-60-60 ლარით შეივსება, შესაბამისად, თქვენი, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო უკვე მე-9 თვიდან თქვენი და დამსაქმებლის შენატანები უცვლელად 60 ლარი ანუ ხელფასის 2% დარჩება, ხოლო სახელმწიფო კი თქვენს საპენსიო ანგარიშზე უკვე 1%-ს ანუ 30 ლარს ჩარიცხავს.

sapensio asaki
თუ თქვენ თვითდასაქმებული ხართ, თქვენი სურვილით შეგიძლიათ ჩაერთოთ დაგროვებითი პენსიის სქემაში. ამ სიტუაციისთვის სქემა გადანაწილდება ორ მონაწილეზე თქვენსა და სახელმწიფოზე. ამ დროს საპენსიო სქემა 4%+2% პრინციპით იმოქმედებს. ვინაიდან თქვენვე ჩაითვლებით საკუთარი თავის დამსაქმებლად, თქვენი და დამსაქმებლის წილი ანუ დაუბეგრავი შემოსავლის  2%+2% თქვენი შემოსავლიდან გადაირიცხება, ხოლო სახელმწიფო მაქსიმუმ 2%-ს ჩაგირიცხავთ იმავე პრინციპის შესაბამისად, რაც ზემოთ, დასაქმებულებზე იყო აღწერილი.

რამდენად უსაფრთხოდაა ფონდში დაგროვებული საპენსიო თანხა?

საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა არ ექვემდებარება ინკასოს, ყადაღას, დავალიანების გაქვითვას ან აღსრულების სხვა რომელიმე საშუალებას. ამ მხრივ ის დაცულია მაშინაც, თუ თქვენ დროებითი ფინანსური პრობლემები შეგექმნებათ.

გარდა ამისა, საპენსიო ფონდი დაცულობას უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც.  საპენსიო სქემის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ამ სქემით ხორციელდება არა მხოლოდ თანხების დაგროვება, არამედ, ინვესტირებაც დამატებითი სარგებლის დარიცხვის მიზნით. საპენსიო ფონდში აკუმულირებული აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით და კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენი საპენსიო შენატანებით დაგროვებული თანხის ინვესტირება მოხდება გონივრულად, ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით.  საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საკითხების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესი რისკების კუთხით კონტროლდება დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის საშუალებით. 

როდის მიიღებთ თანხას საპენსიო ფონდიდან?

დაგროვებული თანხის გამოყენება სტანდარტულ შემთხვევაში შეგეძლებათ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. ამასთან, თუ საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება დაიწყეთ საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, შეგიძლიათ დაგროვებული თანხა ერთჯერადად და სრული სახით მოითხოვოთ.

დაგროვილი პენსიის გატანა, გარკვეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ პენსიის გაცემა მოხდება ყოველთვიურად: დაგროვილი საპენსიო თანხის ყოველთვიური მოცულობა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელის შესაბამისად დაიანგარიშება. გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს, შესაძლებელია, დაგროვილი დანაზოგი მიიღოთ ერთჯერადი გაცემის გზით.

როგორ დაითვლება თანხა, რომელსაც საპენსიო ფონდიდან ყოველთვიურად მიიღებთ?

საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაგროვებული თანხის ყოველთვიურ გასაცემ თანხაზე გადანაწილებისთვის მოქმედებს შემდეგი სქემა: საპენსიო ასაკის მიღწევის პერიოდისთვის განსაზღვრულ სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელს გამოაკლდება პირის ასაკი, რაზეც გაიყოფა ფონდში დაგროვებული თანხა და დაანგარიშდება  ყოველწლიურად გასაცემი თანხა.  ყოველთვიური გასაცემი თანხის გამოსათვლელად კი წლიური თანხა გაიყოფა 12-ზე.

მაგალითად, თუ საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღისათვის საშუალო სტატისტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა 74 წელია, პირის ასაკი კი - 65 წელი, ხოლო საპენსიო ფონდში ამ ასააკისთვის დაგროვებული თანხის მოცულობა - 100,000 ლარია, მაშინ:

  • ვადა, რომელზეც უნდა განაწილდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა 9 წელია (74-65).
  • ყოველწლიურად გასაცემი თანხის მოცულობაა დაახლოებით 11,111 ლარია (100,000/9).
  • ყოველთვიურად გასაცემი თანხის მოცულობა კი - დაახლოებით 926 ლარი (11,111/12) 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირს დარჩა აუთვისებელი თანხა გარდაცვალების შემდეგ, ის მთლიანად გადაეცემა გარდაცვლილის სამართალმემკვიდრეს. 

როგორ შეიძლება საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის მოცულობის გაგება?

იმისთვის, რომ თქვენს საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის მონიტორინგი შეძლოთ, საპენსიო სააგენტოს ბაზაში შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენი პირადი მონაცემების შეყვანით და თვალყური ადევნოთ თქვენს საპენსიო დანაზოგებს.

საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება რამდენად კარგი იდეაა? 

სკეპტიკოსები საპენსიო ფონდში გადასარიცხ თანხას ზოგჯერ დამატებით გადასახადთან აიგივებენ, ზოგი კი ფიქრობს, რომ ფონდში თანხის დაგროვებას თავად უფრო ეფექტურად შეძლებდნენ. თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებით, ალბათ, რთულად მოძებნით თანხის ინვესტირების იმგვარ სქემას, რომელიც მომენტალურად იძლევა დამატებით 2-მაგ სარგებელს, მაშინ როცა თქვენს საპენსიო შენატანს მაშინვე ემატება დამსაქმებლის და სახელმწიფოს მხრიდან იმავე მოცულობის თანხა, რაც თქვენ მიერ არის შეტანილი. ასეთი მაღალი საგებლის მიღება სხვა ინვესტიციებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მეორე მხრივ, თუ საკუთარ ბიუჯეტს გადახედავდით, იქნებ ამავე მოცულობის არაერთი სხვა ხარჯიც აღმოგეჩინათ, რომელზეც თავისუფლად და უმტკივნეულოდ შეგეძლოთ გეთქვათ უარი საპენსიო სქემაში შენატანის სასარგებლოდ.

გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო ჯამში დაგროვილი თანხის მოცულობა დამოკიდებულია არამარტო თქვენს ყოველთვიურ შემოსავალზე, არამედ იმაზე, თუ რა ასაკიდან დაიწყეთ საპენსიო სქემაში შენატანების განხორციელება. ასევე, იმაზე, თუ რამდენი წლის განმავლობაში მოახერხებთ მუშაობას და შენატანების განხორციელებას საპენსიო ფონდში. საბოლოო ჯამში მცირე შენატანებითაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არცთუ ისე უმნიშვნელო თანხის მოგროვებაა შესაძლებელი.