თუ ფინანსური განათლების დონის შეფასებას ქალის და მამაკაცის შედეგების მხრიდან შევადარებთ, ვნახავთ, რომ მონაცემები განსხვავებულია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ფინანსური ცოდნის კომპონენტში ქალებს, კაცებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ფინანსური ქცევები - მსგავსი, ხოლო დამოკიდებულებების მხრივ კი პირიქით, ქალები კაცებთან შედარებით უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ. აქვე, საგულისხმოა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2018 წლის კვლევის შედეგიც, რომლის თანახმადაც, საქართველოში 15 წლის ასაკის გოგონების ფინანსური განათლების დონე იმავე ასაკის ბიჭებისას აღემატება, თუმცა უკვე ზრდასრულ ასაკში, ფინანსურ აქტივობასა თუ კარიერულ განვითარებაში, ქალები კაცებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. 2022 წლის გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ "დროის გამოყენების გამოკვლევა საქართველოში" აჩვენა, რომ აუნაზღაურებელ შრომას (ზრუნვას) ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე მამაკაცები. ბავშვის აღზრდაში აქტიურად დედების 80%, ხოლო მამების 38.6%-ია ჩართული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარი განათლებისა და კარიერული განვითარებისთვის ქალებს კაცებთან შედარებით ნაკლები დრო რჩებათ. ამასთანავე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი (15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღე) განმავლობაში არ იყო დასაქმებული, არ ეძებდა სამუშაოს გასული 4 კვირის განმავლობაში და/ან არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.)ქალების წილი 1.6-ჯერ აღემატება მამაკაცებისას. ეს ის შრომისუნარიანი ქალებია, რომლებიც დაუსაქმებლები არიან, თუმცა არც სამსახურს ეძებენ. აღნიშნული შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ ქალები უფრო მეტად არიან ჩართულნი საოჯახო საქმიანობაში, ნაკლები ფინანსური თვითდაჯერებულობა აქვთ ან სულაც გამოწვევებით აღსავსე გარემომ მათ სამსახურის ძიების მოტივაცია გაუქრო. შედეგად კი მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი იკარგება მსოფლიოში.
ქალებში ფინანსური ცნობიერებისა და თვითდაჯერებულობის ამაღლებისათვის რამდენიმე ფინანსური რჩევას გთავაზობთ, რომლებიც განვითარებული ქვეყნების გამოცდილებასა თუ წარმატებული ქალების რეკომენდაციებს ეფუძნება.
სისტემატურად აღწერეთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები
პირადი ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარებათ, სწორად გადაანაწილოთ თქვენი შემოსავალი ხარჯებად და დანაზოგებად, რაც ფინანსური სტაბილურობის აუცილებელი კომპონენტია.
აქვე გიზიარებთ ბიუჯეტირების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ მეთოდს, ე.წ. "50/30/20"-ს, რომლის მიხედვითაც შემოსავლების 50% უნდა მიმართოთ საჭიროებებზე, 30% სურვილებზე, ხოლო დანარჩენი 20% - დანაზოგებზე.
დაზოგეთ
დაზოგვა დაგეხმარებათ, მიაღწიოთ თქვენს მოკლევადიან თუ გრძელვადიან მიზნებს, რაც უფრო მეტად პროდუქტიულსა და თავდაჯერებულს გაგხდით. აქვე გირჩევდით, მიმართოთ დაზოგვის ე.წ. ფორმალურ მეთოდს, რაც თანხის ბანკში, დეპოზიტის სახით, განთავსებას გულისხმობს. ამ მხრივ, შეძლებთ ყველა შესაძლო რისკი დააზღვიოთ, რაც თანხის არაფორმალური გზით ანუ "მუთაქაში", წიგნში და ა.შ. შენახვას უკავშირდება. თუმცა ამისთვის აუცილებელია, წინასწარ მოიძიოთ, რომელი ბანკი რა პირობებს გთავაზობთ, რადგან სადეპოზიტო პირობები ყველა ბანკისა თუ მომხმარებლისთვის ინდივიდუალურია.
დაზოგეთ საპენსიო ასაკისთვის
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საშუალოდ ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები. რა თქმა უნდა, სიცოცხლის ხარისხიც მნიშვნელოვანია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რა სოციალურ პაკეტს შესთავაზებს ქვეყანა თავის მაცხოვრებლებს და რამდენად მყარი იქნება ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერის იმედი, საპენსიო ასაკისთვის მზადება ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება. შესაბამისად, ქალებისთვის რეკომენდებულია, საპენსიო ასაკისთვის ადრეული პერიოდიდანვე მოემზადონ. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ მომავალზეც და როდესაც დაზოგვას დაიწყებთ, თანხის გარკვეული ნაწილი უშუალოდ საპენსიო ასაკისთვის შეინახეთ.
განახორციელეთ ინვესტიცია
მსოფლიოში არსებული მონაცემების თანახმად ქალები, ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა შეზღუდული აქვთ და შედეგად ნაკლებ ფინანსურ ინვესტიციას ახორციელებენ. რეალურად კი ქალების მხრიდან ჩადებული ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა შემდგომში თვითდაჯერებული და გამბედავი კარიერული თუ ფინანსური ნაბიჯების გადასადგმელად.
გაეცანით საბანკო/ფინანსური პროდუქტებს
თანამედროვე სამყაროში ცხოვრება წარმოუდგენელია ისე, რომ ერთხელ მაინც არ მოგვიწიოს საბანკო პროდუქტებთან შეხება. ამ დროს ინფორმირებულობა ყველაზე მეტად ფასობს. სწორი ფინანსური ნაბიჯები კი სწორედ გაცნობიერებული გადაწყვეტილებებიდან მომდინარეობს. ამიტომ, აუცილებლად გაეცანით სხვადასხვა ფინასურ პროდუქტს, შესადარებლად ალტერნატივები სხვა ბანკებში მოიძიეთ, კითხვები დაუსვით ბანკის წარმომადგენლებს და გადაწყვეტილების მიღებამდე საფუძვლიანად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს.
დაიცავით თქვენი ფინანსები
ფინანსური სტაბილურობა ფინანსურ უსაფრთხოებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მას შემდეგ, რაც სამყარო მეტად ციფრული გახდა, მუდმივად გვიწევს ვირტუალურ სერვისებთან ადაპტირება. ადამიანთა უმრავლესობა თითქმის ყოველდღიურად სარგებლობს საბანკო ბარათით, ონლაინ გადახდებით და ა.შ., რაც, თავის მხრივ, ფინანსური თაღლითობის რისკებს ზრდის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გქონდეთ ინფორმაცია შესაძლო რისკებზე და იცავდეთ ფინანსური უსაფრთხოების წესებს.
იყავით ფინანსურად თავდაჯერებული
ფინანსური გადაწყვეტილებები თავდაჯერებულობასა და გარკვეულწილად გამბედაობასაც უკავშირდება. გამბედაობა კი ცოდნისა და ინფორმირებულობის შედეგია. სწორედ ზემოთ აღნიშნული მიდგომები დაგეხმარებათ, აიმაღლოთ ფინანსური თავდაჯერებულობა და იყოთ მეტად გაბედულნი ფინანსურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.