კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ცნობილი ადამიანების უცნობი დედები ანუ ამბები გულში ანთებული ნაპერწკლების შესახებ

ცნობილი ადამიანების უცნობი დედები ანუ ამბები გულში ანთებული ნაპერწკლების შესახებ

4947
4.3 / 5

„ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“

ვაჟა-ფშაველა

დედა...

რამდენი რამ დაწერილა მასზე, რამდენი თქმულა, რამდენი შესწავლილა...

და მაინც, დედის როლი შვილის პიროვნებად ჩამოყალიბებასა და შთაგონებაში შეუფასებელია - ამას ადასტურებს ფსიქოლოგია, რელიგიური სწავლებები, რეალური ისტორიები, მითებად თუ მხატვრული ნაწარმოებებით ჩვენამდე მოტანილი ამბები. არც თუ იშვიათად ისეც ხდება, რომ სწორედ დედის შთაგონებითა და მონდომებით შვილებმა შეცვალეს სამყარო და სარგებელი მოუტანეს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების ცხოვრებასაც.

ამ ბლოგში რამდენიმე დედის ამბავს მოგიყვებით. ან, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ დედებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შვილების ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი მათი განათლების და შემდგომ უკვე პროფესიაში წარმატებების მიმართულებით. მათს შვილებს ყველა კარგად ვიცნობთ, დედებს კი - ნაკლებად.

და აი, იმ დედების არასრული სია, რომლებმაც შეძლეს და შვილებში ის ნაპერწკლები აანთეს, რომლებმაც სხვა არაერთი ადამიანის ცხოვრებაც გაანათა.

ვაჟა-ფშაველას დედა 

ვაჟა-ფშაველა
ჩვენი ბლოგის ეპიგრაფისთვის გამოყენებულ სიტყვებს რომ წერდა, ვაჟა, ალბათ, პირველ რიგში საკუთარ დედას, გულქანს გულისხმობდა. ის ნიჭიერი, მეოჯახე და ძალიან გულმოწყალე ქალი ყოფილა, რომელიც მაგალითს აძლევდა არა მხოლოდ შვილებს, არამედ მთელს სოფელს. ამბობენ, ჩარგალში რაზიკაშვილების სახლის წინ ჩავლილ მგზავრს ისე არ გაუშვებდა, რომ არ დაეპურებინაო. სწორედ მას მიუცია ვაჟასათვის განათლება 8 წლამდე. მიუხედავად იმისა რომ თავად წერა-კითხვა არ სცოდნია, იმდენ ხალხურ ლექსსა და თქმულებას უამბობდა და ასწავლიდა შვილებს, ყველას უკვირდა, როგორ შეეძლო ამდენის დამახსოვრება ერთ ადამიანს. როგორც ჩანს, სწორედ დედის შთაგონებამ აანთო ვაჟაში ის ნაპერწკალი, რომელიც მისი ნაწარმოებებიდან მკითხველის გულის სიღრმემდე აღწევს. და ამის მაგალითად შეგვეძლო, თუნდაც მისი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ გაგვეხსენებინა.

გოდერძი ჩოხელის დედა

გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე დედის, ლელა წიკლაურის როლი რომ განსაკუთრებულია, ამას თავად მწერალიც აღნიშნავს. „რომ ვუკვირდები, სწორედ ამან განაპირობა ჩემი შემოქმედების ხასიათი" - ამბობს ის ბავშვობაზე და დასძენს: „დედის გავლენა არის უფრო მეტი ადამიანში, შემოქმედ ადამიანში და არა მარტო".  თუ მის მოთხრობას „ანგელოზთღამეობას" წაიკითხავთ, ზუსტად წარმოიდგენთ, როგორი ქალი იქნებოდა გოდერძის დედა: „დედაჩემი ბუნების შვილი იყო და მართლა არ შეეძლო მთების გარეშე სიცოცხლე. ყველაფერს ელაპარაკებოდა: ხეს, ქვას, ყვავილებს, ფრინველებს. ისინიც თავისებურად რაღაცას ატყობინებდნენ, მოსალოდნელი ამბის ნიშანს აძლევდნენ“, ამბობს ის და მკითხველიც იჯერებს, რომ სწორედ ასეთ ქალს შეეძლო აენთო შვილში შემოქმედების ისეთი სათუთი, მაგრამ ძლიერი ნაპერწკალი, რომელიც მერე თითოეულ ჩვენგანს ადამიანად ყოფნის და ადამიანად არყოფნის სევდებზე ერთნაირად დაგვაფიქრებდა.

რევაზ ინანიშვილის დედა

ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც რევაზ ინანიშვილის მოთხრობების გმირებსა და მათი ადამიანური სიკეთეების ამბებს საკუთარი გულის ოდესღაც მივიწყებული კუნჭულებისკენ რომ არ გაეყოლიებინა და იქ მიმალული სათუთი გრძნობები არ აღმოეჩენინებინა. მარტო მისი ერთი მოთხრობა „დედა“ რად ღირს.  მწერლის დედა, თამარი მამულაშვილი შვილების აღზრდის ჭაპანს მარტო მას მერე შესჭიდებია, რაც მისი მეუღლე 37-იანი წლების რეპრესიების პერიოდში დაუჭერიათ.

რეზო ინანიშვილი
მწერალი დედას ასე იხსენებს: „შესანიშნავად კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს“ – ძველებურად, წამღერებით, ტკბილად. არასოდეს დამავიწყდება მისი წაკითხული „ელისოც". თითქოს ცოცხლები გელაპარაკებიანო. სიბერეში, როცა მოიცალა, ყველა გაზეთს კითხულობდა თავიდან ბოლომდის. ბევრჯერ ის მაცნობებდა, სად რა ეწერა ჩემთვის საინტერესო. ჩემს დაწერილებსაც ხშირად მას ვუკითხავდი. დიდად არასოდეს შევუქივარ, მაგრამ მისი კეთილი, კმაყოფილი გამოხედვაც კი დიდ ძალას მაძლევდა.“

 

ისე კი მოხდა, რომ მწერლების დედებზე შევყევით თხრობას, თუმცა განა არსებობს პროფესია, რომელსაც შინაგანი ნაპერწკლები არ სჭირდება? ან განათლება განა მხოლოდ ამა თუ იმ ხელობისა თუ საგნის ცოდნას ნიშნავს? განა ისეთი საკითხებს არ სჭირდება სწავლება, რასაც მორალის კატეგორიას მივაკუთვნებთ ხოლმე?

კახი კავსაძის დედა

ვაჟა-ფშაველა
მსახიობ კახი კავსაძის დედა დედა, თამარ (კაკალა) ცაგარეიშვილი 27 წლის ასაკში დაქვრივებულა. მისი მეუღლე ცნობილი ლოტბარი, დათაშკა კავსაძე საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა. კახისა და მისი ძმის გაზრდა ახალგაზრდა ქალმა მარტომ იკისრა. კახი კავსაძე მის ერთ-ერთ მოგონებაში იხსენებს, თუ როგორ მოიპარა ბავშვობაში სოფელში, უცხო ეზოდან სხვისი საკუთრება. სახლში მისული დედას უკან გაუბრუნებია და მოპარულის დაბრუნება მოუთხოვია. პატარა კახი დედის ბრძანებას დამორჩილებია, თუმცა ადგილზე მისულს პატრონი დახვედრია და მოპარული უკვე თავადვე უჩუქებია, თუმცა დედას დატოვების ნება მაინც არ მიუცია. პატარა კახის მძიმე ტვირთის ზიდვა შორ გზაზე არაერთხელ მოუწია. და როგორც თავად იხსენებს: „მაშინ გადავწყვიტე, რომ არასდროს არაფერს არ მოვიპარავ“. 

 

 

აქვს კი დედას ეროვნება? რა თქმა უნდა, არა!

დედის მიერ საკუთარ შვილებში ანთებულ ნაპერწკლებზე გაღვივებული კაშკაშა სინათლის ისტორიებს სხვა ქვეყნების მაგალითებშიც ვხვდებით.

თომას ალვას ედისონის დედა

ნათურა
დედის როლი განუზომლად დიდია ამერიკელი მეცნიერისა და გამომგონებლის, თომას ედისონის ბიოგრაფიაში. ის სკოლაში შესვლიდან რამდენიმე თვეში გამოუშვეს, რადგან სასკოლო მასალების მიმართ ინტერესს არ გამოხატავდა და ათვისებას ვერ ახერხებდა. რაც იმ პერიოდში განვითარებული სმენის პრობლემებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარულია ისტორია სკოლიდან მიღებული წერილის შესახებ, რომელიც ზუსტად არ ვიცით, ნამდვილია თუ გამოგონილი. თუმცა ის კი ფაქტია, რომ ედისონმა საბაზისო განათლება სწორედ სახლში, დედისგან მიიღო და როგორც ჩანს არა მხოლოდ განათლება, არამედ - უშრეტი ცნობისმოყვარეობა და შრომისმოყვარეობა, მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა. "დედაჩემი იყო ჩემი შემოქმედი. მას ისე სჯეროდა ჩემი, ის ისეთი დარწმუნებული იყო ჩემში,  ვგრძნობდი, რომ მყავდა ვიღაც, ვისთვისაც უნდა მეცხოვრა, ვისთვისაც იმედი არ უნდა გამეცრუებინა“, იტყვის თომას ედისონი მოგვიანებით. 

ბენ კარსონის დედა

ben carson
ბენ კარსონის, უფრო სწორად კი, როგორც თავად ბენი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერდა, ბენის დედის ისტორია შესაძლოა ბევრისთვის ცნობილია კინოფილმიდან „ოქროს ხელები“ (Gifted hands). მისი მიღწევები განსაკუთრებულია ბავშვთა ნეიროქირურგიის მიმართულებით,   რომელთა შორის განსაკუთრებული იყო  მისი ხელმძღვანელობით ქირურგთა უზარმაზარი გუნდის მიერ ჩატარებული პირველი ოპერაცია, რომლის შედეგადაც წარმატებით განცალდევნენ თავით შეერთებული სიამის ტყუპები. ის, თუ როგორ მოტივაციას აძლევდა მომავალ ექიმს მარტოხელა დედა, რომელიც შვილებს სიღარიბეში ზრდიდა და თავად კი წერა-კითხვაც არ იცოდა, ამას ამ ბლოგზე უკეთ იმ ფილმიდან შეიტყობთ, რომელიც ბენის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული.

 

და მაინც, აქვს კი დედას ეროვნება? რა თქმა უნდა, არა!

თუმცა იმ ქვეყნიდან, რომლის დედაქალაქის სიმბოლოსაც დედის ქანდაკება წარმოადგენს, ყველა დედას გისურვებთ, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ყველაზე ჯადოსნური ძალის შესახებ. დაე, გეძიოთ გზები თქვენი შვილების გულებისაკენ, თქვენი წილი ნაპერწკლებიც აგენთოთ მათში, რომლებიც მათ საკუთარი მისიისკენ მიმავალ გზას გაუნათებენ და მერე უკვე იმ გზაზე მიმავალთათვის,  გეჩირაღდნოთ მათს ზურგად და იმედად.