კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი, მე-10 სხდომა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრები საჯარო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და კომერციული სექტორებიდან, ასევე - არაწევრი დაინტერესებული პირები კომერციული ბანკებიდან და საჯარო უწყებებიდან.

2025 წლის საქმიანობის შედეგების წარდგენამდე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ და სებ-ის საბჭოს წევრმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ხომერიკმა კომიტეტის წევრებს წლის განმავლობაში ფინანსური განათლების პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ჩართულობისა და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ახალკაცმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო 2025 წელს განხორციელებული პროექტები,  სადაც ნათლად გამოიკვეთა  როგორც საერთო, ისე ცალკეული ორგანიზაციების წვლილი ფინანსური განათლების მიმართულებით.

კომიტეტის წევრებმა დაამტკიცეს 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება  და ისაუბრეს 2026 წლის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

მონაწილეთა მიერ შეთანხმებული გეგმებისა და ორიენტირების შესაბამისად, 2026 წლის აქტივობებისა და პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სამუშაო პროცესი, ეროვნული ბანკის ორგანიზებით, უკვე სამუშაო ჯგუფებში გაგრძელდება. კომიტეტის შემადგენლობაც ახალი, 2026 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პირველი ვერსია 2016 წელს დაამტკიცა. 2023 წელს კი საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და გამოწვევების ფონზე განახლებული ვერსიაც მიიღო. აღნიშნული სტრატეგია ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ძირითად სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს, განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ხელს უწყობს მხარეებს შორის თანამშრომლობას. ამასთან, მოიცავს ყველა სამიზნე ჯგუფს, მათზე მორგებული პროექტების მდგრადობისა და განგრძობადობის გზით.

სტრატეგიის დანერგვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ჩამოყალიბდა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტიც, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარება-დანერგვასთან დაკავშირებული მიდგომებისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და მისი მხარდაჭერის მიზნით კომიტეტი წელიწადში მინიმუმ ერთხელ იკრიბება.