კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ ვასწავლოთ ფინანსური წიგნიერების საკითხები დაწყებით საფეხურზე?

როგორ ვასწავლოთ ფინანსური წიგნიერების საკითხები დაწყებით საფეხურზე?

9
5 / 5

ფინანსური განათლება სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი საბაზისო ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობაა, რომელთა ადრეული ასაკიდანვე გამომუშავება მნიშვნელოვანია ფინანსურად პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღსაზრდელად.

ჩემს წინა ბლოგში ფინანსური წიგნიერების საკითხების სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებაზე გესაუბრეთ, რომელიც უფრო მეტად საბაზო საფეხურის მასწავლებლებს გამოადგება, ამ ბლოგში კი განვიხილავთ, როგორ შეიძლება ფინანსური წიგნიერების საკითხების სწავლება დაწყებით საფეხურზე, სხვადასხვა საგანში ინტეგრირებით.

რაც მნიშვნელოვანია, ამ ასაკისთვის თემებიც და სწავლების შერჩეული მეთოდებიც უნდა იყოს შედარებით მარტივი, სახალისო და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული, მაგალითად, "მინდა" და "მჭირდებას" შორის განსხვავება, საკუთარი ხარჯების აღრიცხვა და განაწილება, დაზოგვა, ფულის ბანკნოტების გაცნობა და ა.შ. 

მათემატიკა

მათემატიკის გაკვეთილები იდეალური სივრცეა საბაზისო ფინანსური საკითხების ასახსნელად. რიცხვების შესწავლისას შესაძლებელია გააცნოთ ფული: ნახონ, როგორ არის რიცხვები გამოსახული ბანკნოტზე (ქაღალდის ფულზე) ან მონეტაზე, რომ ეს რიცხვები აღნიშნავს ღირებულებას, დაითვალონ "სათამაშო ფული". შეკრება-გამოკლების სწავლებისას, ითამაშოთ "მაღაზიობანა", სადაც ივარჯიშებენ სხვადასხვა პროდუქტების ფასების შეკრებასა და დასაბრუნებელი ხურდის გამოთვლაში. გამრავლება-გაყოფის სწავლებისას კი გამოითვალონ რამდენიმე ერთნაირი პროდუქტის ჯამური ფასი, ან თანაბრად გაინაწილონ თანხა მეგობრებს შორის.

ცოტა უფროსებისთვის, შეგიძლიათ შეადგინოთ მარტივი სავარჯიშო პირადი ბიუჯეტის შესახებ: პირველ რიგში, მათ უნდა დაითვალონ რამდენ ფულს იღებენ კვირაში (ჯიბის ფული, საჩუქარი და ა.შ.), ანუ რა არის მათი შემოსავალი; შემდეგ, ისინი უნდა დაფიქრდნენ, რამდენი ფულის დაზოგვა, ანუ შენახვა უნდათ სამომავლოდ და შემოსავალს გამოაკლონ ეს დანაზოგი; ამის შემდეგ ისინი მიიღებენ ფულს, რაც შეუძლიათ გამოიყენონ კვირის განმავლობაში სახარჯავად ყოველდღიური საჭიროებებისთვის.   

ბუნებისმეტყველება

ბუნებისმეტყველებაში ფინანსური წიგნიერების ინტეგრირება შეიძლება გარემოს დაცვისა და რესურსების მოფრთხილების მიმართულებით, მაგალითად, როგორ შეიძლება დაზოგო წყალი ან ელექტროენერგია, როგორ ხდება ნარჩენების გადამუშავება, ნივთების მეორადად გამოყენება - ეს ყველაფერი კი, ბუნებრივ რესურსებთან ერთად ჩვენს ფულსაც ზოგავს.  

ასევე, მცენარეებისა და ცხოველების თემაზე შეიძლება დაათვლევინოთ, რა დაჯდება პატარა ბაღის მოწყობა, ან რა ხარჯებთანაა დაკავშირებული შინაური ცხოველის ყოლა და მოვლა.

ქართული ენა და ლიტერატურა

ლიტერატურა საშუალებას გვაძლევს, დავაფიქროთ მოსწავლეები ფინანსური წიგნიერების საკითხებზე მოთხრობებისა და ზღაპრების საშუალებით. მაგალითად, განიხილოთ ისეთი მოთხრობები, სადაც ფული გარკვეულ როლს თამაშობს, შეაფასონ პერსონაჟების ფინანსური გადაწყვეტილებები - როგორ მოიქცა გმირი? როგორ შეეძლო ფულის უკეთ გამოყენება? თქვენ რას გააკეთებდით მის ადგილას? და ა.შ.

ასევე, მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან საკუთარი პატარა მოთხრობა ან კომიქსი პერსონაჟზე, რომელიც ფულს აგროვებს მიზნის მისაღწევად.

ხელოვნება

ხელოვნების გაკვეთილები შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებისთვის ფულის ბანკნოტების უკეთ გასაცნობად, აუხსნათ, რა არის გამოსახული ბანკნოტზე, შემდეგ კი სთხოვოთ საკუთარი ბანკნოტებისა და მონეტების დახატვა.

ასევე შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარი ხელნაკეთი ყულაბის დამზადებაში, რომელშიც დაიწყებენ ფულის შეგროვებას თავიანთი მიზნებისთვის. შესაძლოა დაიწყონ ხელნაკეთი ნივთების შექმნა და მათი გაყიდვა სასკოლო გამოფენა-ბაზრობებზე, რაც მეწარმეობრივი უნარების გამომუშავებაშიც დაეხმარებათ. ამისთვის მათ უნდა ისწავლონ ფასების დადება - რამდენი დაუჯდათ ამ ნივთის დამზადება? რა ფასად შეძლებენ გაყიდვას? რამდენი დარჩებათ მოგება? რაში გამოიყენებენ მიღებულ შემოსავალს?

მუსიკა

მუსიკის გაკვეთილზე შესაძლებელია ჩართოთ რიტმული თამაშები მარტივი ფინანსური ტერმინების გამოყენებით - მიზანი, შრომა, ფული, დაზოგვა, სურვილი, საჭიროება და ა.შ, მოსწავლეებს სთხოვოთ მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ მელოდიებზე, რომლებიც შეეხება მიზნების მიღწევას, ფულის დაზოგვას და ა.შ.

მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლისას, შესაძლებელია დაეხმაროთ მათი ფასების მოძიებაში და ერთმანეთთან შედარებაში - რომელი ინსტრუმენტი ღირს უფრო ძვირი ან უფრო იაფი? ასევე, მოაწყოთ "მუსიკალური მაღაზია", სადაც ბავშვები იყიდიან და გაყიდიან სათამაშო ინსტრუმენტებს სათამაშო ფულის გამოყენებით.

სპორტი და ფიზიკური აღზრდა

სპორტის გაკვეთილები შეიძლება დაუკავშიროთ გუნდურობას, სამართლიანობასა და რესურსების სწორად დაგეგმვას მიზნის მისაღწევად, რაც ფულის მართვის დროსაც მნიშვნელოვანია. შესაძლებელია მოაწყოთ გუნდური "ქვესტი" რამდენიმე გაჩერებით, სადაც გუნდებს ფიზიკურ აქტივობასთან ერთად დაევალებათ ფინანსური საკითხის გადაჭრა, მაგალითად ბარიერების გადალახვის (ხტომა, გარბენი, ბალანსირება, ბურთის ჩაგდება და ა.შ.) შემდეგ "გაჩერებებ", სადაც დახვდებათ ფინანსური დავალებები თითოეულზე - სურვილებისა და საჭიროებების დახარისხება, ბიუჯეტი, რომელიც სწორად უნდა გადაანაწილონ საჭირო ნივთებზე, მიზნის მისაღწევად დაზოგვის გეგმის შედგენა და ა.შ.

დაწყებით საფეხურზე მიზანი არ არის ეკონომიკური და ფინანსური ტერმინების სწავლა, არამედ ფინანსური აზროვნების საფუძვლის შექმნა - ფულის დანიშნულების, შრომისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობის, საჭიროებებისა და სურვილების გარჩევის, მიზნების დასახვისა და დაზოგვის მნიშვნელობის გააზრება. ეს ყველაფერი კი მათ მომავალი ცხოვრების უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება.