კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

8 რჩევა, როგორ ვაქციოთ სტარტაპი წარმატებულ ბიზნესად

8 რჩევა, როგორ ვაქციოთ სტარტაპი წარმატებულ ბიზნესად

4297
3.9 / 5

სტაბილური შემოსავლის წყაროს ძიებაზე მიმართული ფიქრი, ძალიან ხშირად, საკუთარი საქმიანობის დაწყებისკენ გვიბიძგებს ხოლმე. ზოგჯერ, ახალი იდეა გვაფიქრდება, ან არსებული იდეის გადაკეთებას გადავწყვეტთ და ასე იბადება საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების იდეა.

ბიზნეს საქმიანობა, კლასიკურ შემთხვევაში, მოიაზრებს იმას რომ ის რაღაც წერტილში დაიწყება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ფორმას შეიცვლის ან მისი მფლობელი ბიზნესის დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებს. ბიზნესის არსებობის პერიოდს ბიზნესის სასიცოცხლო ციკლი ეწოდება და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსახვავებული მაჩვენებლებით ხასიათდება. როდესაც ბიზნესის დაწყებაზე ვფიქრობთ, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ რა ამუშავებს ბიზნესს და თითოეულ ეტაპზე რა ჩართულობაა საჭირო.  ბიზნესიდეის ბიზნესად გადაქცევა საწყისი, ანუ  სტარტაპ ეტაპით იწყება, ხოლო მას შემდეგ, რაც ახალი ბიზნესი სამომხმარებლო ბაზარზე გადის,  ის სასიცოცხლო ციკლს გადის. ბიზნესის სასიცოცხლო ციკლი  5 ძირითად ფაზას მოიცავს:

  1. პროდუქტის ან მომსახურების პირველადი პრეზენტაციის ფაზა - ეს არის ახალი პროდუქტისა თუ მომსახურების  პირველი გამოსვლა ბაზარზე. ამ ფაზის არსებობა ნიშნავს იმას, რომ იდეის ავტორმა, იდეას ხორცი შეასხა და მზა პროდუქტის სახეც მისცა. ახლა ის მის ბაზარზე შესვლას დააკვირდება.
  2. ზრდის ფაზა  - ნორმალურად განვითარებადი ბიზნესის შემთხვევაში, პროდუქტის პირველ გამოჩენას, აუცილებლად მოჰყვება გაყიდვების და ბიზნესის ზრდა. აქ მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად შეესაბამება რეალური ზრდა დაგეგმილს და რისი შეცვალ შეიძლება უკეთესი შედეგის მისაღებად.
  3. ნორმალიზების, სტაბილურობის ფაზა - ამ ეტაპზე გაყიდვები ისევ იზრდება, თუმცა მცირედით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაზა რაც შეიძლება დიდხანს და სტაბილურად გაგრძელდეს.
  4. სიმწიფის ფაზა - ამ ეტაპზე იწყება გაყიდვების ნელ-ნელა შემცირება. ძირითადად ეს განპირობებულია იმით, რომ ბიზნესმა თავისი სეგმენტი უკვე აითვისა და ვეღარ ვითარდება. აქ სასურველია გადაიხედოს ბიზნესის თავდაპირველი კონცეფცია და შეჯერდეს რისი გაკეთება შეიძლება ბიზნესისთვის ახალი სიცოცხლის მისაცემად.
  5. შემცირების ფაზა - ამ დროს ბიზნესის მაჩვენებლების  ვარდნა იწყება უფრო დიდი ტემპით, ვიდრე სიმწიფის ფაზაში.

ბიზნესის ფუნქციონირების თითოეულ ფაზაზე, ბიზნესის მფლობელს მრავალი საკითხის გათვალისწინება უწევს, მათ შორის: მომხმარებლების სეგმენტის, მათი მოთხოვნების, ბაზარზე არსებული კონკურენტების, კონკურენტების სტრატეგიის და სხვა მრავალი ფაქტორის, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოქმედებენ ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობაზე.

რამდენად დეტალურადაც არ უნდა დაგეგმოს ბიზნესის მფლობელმა პროდუქტის ბაზარზე გატანა და მისი განვითარება, მას ერთი, ყველაზე მთავარი  საწყისი ეტაპი ექნება გადასალახი, რის გარეშეც პროდუქტი ბაზრამდეც ვერ მიაღწევს ან მხოლოდ ბაზარზე შესვლა იქნება მისი პროგრესი. ეს ეტაპი სულ პირველი, სტარტაპის (startup) ეტაპია.

სტარტაპი ეს არის ბიზნესის განვითარების ყველაზე ადრეული ეტაპი, რომელიც საკმაოდ მაღალ რისკს შეიცავს და ამიტომ, დამწყები ბიზნესები, ძალიან ხშირად, ისევე სწრაფად უჩინარდებიან, როგორც ჩნდებიან. 

მაშ, როგორ დავიწყოთ ბიზნესი, თუ ის თავიდანვე განწირულია რისკების ბრძოლის გარდაუვალობის გამო?

ბიზნესის წარმატების მთავარი ამოსავალი, მისი სწორად დაგეგმვაა. დაგეგმვა კი ყველაზე მნიშვნელოვანი საწყის, ანუ სტარტაპის ეტაპზეა. სწორად დაგეგმილი და სისრულეში სწორად მოყვანილი ბიზნეს იდეა უფრო ადვილად გადაურჩება იმ ფაქტს, რომ ახალი ბიზნესების დიდი ნაწილი დასაწყისშივე მარცხს განიცდის. იმისთვის, ჩვენი ბიზნეს იდეის დაგეგმვისა და მისი განხორციელების ეტაპები წარმატებული იყოს,  მოდით განვიხილოთ სტარტაპების მარცხებისა თუ წარმატებების მაგალითები და მთავარი მიზეზები და ეს ყოველივე გავითვალისწინოთ ჩვენი ბიზნესმოდელის შექმნისას.

სტარტაპების მარცხისა და მისი მიზეზების მოკლე მიმოხილვა 

  • დამწყები ბიზნესების დაახლოებით 90% წარმატებას ვერ აღწევს;
  • წარუმატებელი სტარტაპების 10% საქმიანობის პირველივე წელს მარცხდება;
  • წარუმატებელი  დამწყები ბიზნესების 70% კი საქმიანობის მეორე ან მესამე წელს განიცდიან მარცხს;

რა მიზეზით ვერ აღწევს ბიზნესი წარმატებას? 

  • მარცხის 42%-ის განმაპირობებელი, ბაზრის მოთხოვნების უგულებელყოფაა, მაგალითად, ხშირად ახალი ბიზნესის დაფუძნებისას არ ხდება ბაზრის სტრუქტურის, მომხმარებელთა ქცევის და სხვა მსგავსი ფაქტორის კვლევა. ძირითადად, არც იმის კვლევა ხდება, ადვილად შეღწევადია თუ არა ბაზარი ახალი კომპანიისთვის;
  • მარცხის 29%-ს  ბიზნესის საწარმოებლად საჭირო ფინანსების ამოწურვა განაპირობებს;
  • არასწორად შეკრებილი სამუშაო გუნდი  წარუმატებლობის 23%-ის შემქმნელია.
  • არასწორად განსაზღვრული ფასები წარუმატებლობის  18% ქმნის 
  • მომხმარებლების საჭიროების უგულებელყოფას, კი წარუმატებლობაში 17%-იანი წვლილი შეაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პროდუქტის გაყიდვა დაიწყო, ხშირად ბიზნესის მფლობელები თვლიან, რომ მიზანი მიღწეულია და გარკვეული პერიოდი შეუძლიათ მშვიდად იყვნენ და დამატებითი დაკვირვება არ აწარმოონ. სწორედ აქ ხდება ახალი პროდუქტის მიმართ წარმოქმნილი მომხმარებლების პირველი რეაქციებისა და მათი პირველადი საჭიროებების უგულებელყოფა.

სტარტაპების წარუმატებლობის განმაპირობებელი 10 მიზეზი კი ასე გამოიყურება:

  

თუ კარგად შევისწავლით წარუმატებლობის სტატისტიკას ბიზნესსექტორების მიხედვით, აღმოვაჩენთ, რომ სატრატპის მარცხის რისკი ბიზნეს სექტორის მიხედვითაც შეიძლება დავადგინოთ.  ამიტომ, სასურველია, ბიზნესის დაწყებამდე, სხვა სტანდარტულ კვლევებთან ერთად, ჩავატაროთ ამგვარი სტატისტიკური ინფორმაციის მოკვლევაც.

თუ ბიზნესის დაწყებას გადავწყვეტთ, გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე მაღალი რისკის მატარებელ სექტორებად ხელოვნების, გართობა-დასვენების, მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორები სახელდება. შედარებით დაბალ რისკს კი საფინანსო, სადაზღვევო და საგანმანათლებლო სექტორებს აკუთვნებენ .

სექტორები, რომელებიც ყველაზე მოთხოვნად და აუთვისებელ ბაზრად სახელდება და ექსპერტები აქ გვირჩევენ ძალების მოსინჯვას, არის: მარკეტინგი, სოციალური მედიის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საკითხები, პროგრამირება, ონლაინ მომსახურების განვითარება და უკონკურენტოდ, ნებისმიერი ის მიმართულება, რომელიც ჩვენს მისწრაფებებში ზის. 

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მიუხედავად მრავალი რისკ-ფაქტორისა, ყველა იდეა შეიძლება იქცეს დიდი წარმატების სიმბოლოდ, თუ ამ იდეის ბოლომდე გვჯერა და მასში მთელ ძალისხმევას ჩავდებთ.

მაშ, როგორ ვაქციოთ სტარტაპის იდეა წარმატებულ ბიზნესად?

  1. შევისწავლოთ ბაზარი - შეიძლება ჩვენი იდეა საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი იყოს, თუმცა ბაზარზე მისი ადგილი არ იყოს. იდეის განხორციელებამდე, მნიშვნელოვანია, კარგად შევისწავლოთ, რამდენადაა ბაზარი მზად ჩვენი პროდუქტისა თუ მომსახურების მისაღებად.
  2. მოვიძიოთ ბიზნესის დაფინანსების წყაროები - მართალია, დღესდღეობით ცნობილი ბიზნესების ნაწილი ნულოვანი კაპიტალით შეიქმნა, მაგრამ ბიზნესების თითქმის სრულ უმრავლესობას აუცილებლად ესაჭიროება შესაბამისი დაფინანსების წყარო. დღესდღეობით, ბიზნესისთვის ხელმისაწვდომია სტარტაპ სესხები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რადგან ეს ეტაპი მხოლოდ იდეის არსებობით შემოიფარგლება და მაღალრისკიანია, სესხებიც მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა. თუ რისკის თემას განვავრცობთ, ალბათ, ყველაზე კარგი შემთხვევა ის იქნება, თუ ბიზნესის საწყისი კაპიტალი ან მისი დიდი ნაწილი ჩვენი სახსრებით იქნება დაფინანსებული.
  3. შევაგროვოთ ერთ გუნდად მომუშავე პროფესიონალები - როგორიც უნდა იყოს იდეა, ის მომხმარებლამდე გუნდმა უნდა მიიტანოს. შესაბამისად, თუ გვინდა ჩვენი ბიზნესი წარუმატებლობის სტატისტიკაში არ მოხვდეს, უმნიშვნელოვანესია, შესაბამისი კადრებით გუნდის შედგენა. ხშირად დაშვებულ შეცდომებში, იმ მოსაზრებასაც შეხვდებით, რომ ამ ეტაპზე გუნდი არაა საჭირო და მხოლოდ იდეის ავტორიც საკმარისი იქნება, თუმცა ეს ასე არაა. 
  4. შევქმნათ სტარტაპის კულტურა - სტარტაპის კულტურა ორგანიზაციული კულტურის მსგავსია. ის მოიცავს ქცევების, ორგანიზაციული ეთიკისა და ურთიერთდამოკიდებულებათა ჯაჭვს. მსგავსების მიუხედავად, მათ შორის არსებობს მთავარი განსხვავება, რის გამოც დამწყები ბიზნესებისთვის უპირატესია სტარტაპ კულტურის და არა ორგანიზაციული კულტურის შექმნა.  ორგანიზაციულ კულტურას აქვს შემდეგი მახასიათებლები: მას აქვს საზღვრები, ახასიათებს ორგანიზაციის შიგნით არსებული იერარქია, ორგანიზაციული კულტურა ხშირად განსაზღვრავს ერთი პოზიციისთვის მიკუთვნებულ  კონკრეტულ სამუშაო აღწერას,  ყალიბდება განსაზღვრულ საათებზე მორგებული სამუშაო გრაფიკი, რაც საბოლოოდ რუტინული საქმიანობის სახეს იღებს. მაშინ, როდესაც სტარტაპ კულტურას აქვს შემდეგი მახასიათებლები: არ არის არანაირი ჩარჩო პირობა და შემზღუდველი ელემენტები, არ განისაზღვრება სამუშაო გრაფიკი - მუშაობენ მაშინ, როდესაც საქმე მოითხოვს, არ არსებობს იერარქია, სტარტაპ კულტურაში ყველა ერთ დონეზეა. სტარტაპ კულტურაში ასევე, არ არსებობს სამუშაო აღწერა, ყველა აკეთებს ყველაფერს, შესაბამისად სტარტაპ კულტურით დარეგულირებული სამუშაო არასდროსაა რუტინული და მუდმივად კრეატიულია. სტარტაპ კულტურა ყალიბდება ბიზნეს იდეის ფორმირებისა და დახვეწის სტადიაზე. ის 4 ძირითად ფაქტორს ეფუძნება : მისწრაფებას, ინდივიდუალიზმს, ინფორმაციის გაცემის სისწრაფესა და  ნამდვილობას. სწორად ჩამოყალიბებული სტარტაპის კულტურა განაპირობებს იმას, რომ სამუშაო გუნდი არის ენერგიით, კრეატივით სავსე, არ აქვთ ბარიერები და მუშაობენ როგორც ერთი მთლიანობა.
  5. შევიმუშაოთ პროდუქტის რეალიზაციის სტრატეგია - მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბაზარზე შეიძლება მოთხოვნა არსებობდეს, არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება. აუცილებელია, თავიდანვე განვსაზღვროთ კონკრეტული საკითხები, მაგალითად: ვისზე ვყიდით პროდუქტს, რა საფასო კატეგორიაში მოვხვდებით: იაფი იქნება თუ ძვირი ჩვენი შეთავაზება ჩვენი სამიზნე მომხმარებლის აღქმაში? რა სტრატეგიით ვყიდით: გვსურს ბაზარზე დიდი წილი დავიკავოთ და ბევრ მომხმარებელს მივწვდეთ, თუ მცირე სეგმენტისგან დიდი თანხის მობილიზაცია გვსურს  და სხვა.
  6. შევადგინოთ PR და მარკეტინგული გეგმები - კარგად შეფუთული, ძირითადად, კარგად იყიდება. სწორი პოზიციონირება, კი წარმატების მთავარი გარანტია. ამიტომ, არ უნდა უგულებელვყოთ მარკეტინგული რესურსის მნიშვნელობა.
  7. მუდმივად გვეჭიროს „პულსზე ხელი“ - დაგეგმვა ნამდვილადაა წარმატების საწყისი, თუმცა თუ გვინდა ჩვენი ბიზნესი სიმწიფის სტადიაზე დიდხანს იმყოფებოდეს და უკუსვლა არ დაიწყოს, მნიშვნელოვანია ბაზრის ტენდენციებს თვალი ვადევნოთ. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ მომხმარებლის ქცევასა თუ მის ცვლილებებს: ხომ არ შეიცვალა შესყიდვის არხები? მიწოდების ფორმები? ასევე მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ კონკურენტებსაც, ხომ არ გაჩნდა ბაზარზე ისეთი შეთავაზება, რაც ჩვენს პოზიციებს შეასუსტებს და მომხმარებელს გადაიბირებს.
  8. შევეცადოთ იდეა ვაქციოთ ბრენდად - ბრენდი ლოიალურობის განმაპირობებელია. თუმცა ბრენდად გადაქცევას დიდი მონდომება და შრომა სჭირდება. შეცდომების გამოსწორება, მათი მინიმუმამდე დაყვანა, მომხმარებლის „მოსმენა“, პროდუქტისა და მომსახურების განვითარება, ბიზნესისა დ ამასში დასაქმებული ადამიანების რეპუტაციაზე ზრუნვა, სოციალური პასუხისმგებლობის აღება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საფეხურებისა, რომლებიც ბრენდისკენ მიმავალ კიბეს ქმნიან. 

ბლოგში მოცემული ინფორმაცია შემუშავებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

1. https://bit.ly/3AmjZ2k

2.https://www.aiuniv.edu/blog/2014/march/best-fields-for-starting-a-business 

3.https://www.cbinsights.com