სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასვლა მნიშვნელოვან ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ემიგრანტებისათვის უცხო მიწაზე ცხოვრების დაწყების პარალელურად, გამოწვევებით და შესაძლებლობებით აღსავსე ახალი სამყაროს კარიც იხსნება, რაც სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად, ახალ საინვესტიციო გარემოსაც გულისხმობს. გარკვეული კაპიტალის დაგროვების შემდეგ, ემიგრანტებისთვის საინტერესო ხდება როგორც მშობლიური, ისე მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო გარემო. ახალ საცხოვრებელ გარემოში არსებული საინვესტიციო რეალობის შესწავლა მათთვის ახალ შესაძლებლობებსა და მეტი არჩევანის საშუალებას აჩენს, ინფორმირებული გადაწყვეტილებები კი წარმატებული ფინანსური მომავლის დაგეგმვის წინაპირობას ქმნის.
საინვესტიციო გარემო განსხვავდება ქვეყნების, მათი რეგულაციების, პოლიტიკის და ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. იმისთვის რომ გაიგოთ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ ემიგრაციაში ყოფნის დროს თქვენ გარშემო არსებული საინვესტიციო გარემო, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:
აქტივების მრავალფეროვნება და მეტი არჩევანის უპირატესობა
ემიგრანტებს მეტი არჩევანის უპირატესობა გაქვთ. კერძოდ, სხვადასხვა ბაზარსა და ვალუტაში არსებული აქტივების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ, არჩევანი ისეთ ინვესტიციებზე გააკეთოთ, რომლებიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მეტად შეესაბამება და გააუმჯობესებს. რისკების უკეთ დასაზღვევად როგორც ზოგადად, ისე ინვესტიციისას საუკეთესო მეთოდი თანხების დივერსიფიკაცია ანუ გადანაწილებაა. შესაბამისად, თუ ინვესტირებისას ინვესტიციას სხვადასხვა ვალუტაში, სხვადასხვა სექტორსა თუ სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე განახორციელებთ, ეს ცალკეულ ქვეყანასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად შემცირებაში დაგეხმარებათ. ასე რომ, როცა ინვესტირებაზე დაფიქრდებით, ეს უპირატესობა გამოიყენეთ და ორივე ქვეყნის შესაძლებლობები შეაფასეთ.
კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორები
კარგად გაეცანით იმ ქვეყნის კულტურულ თავისებურებებს რომლის ბაზარზეც აპირებთ თქვენი ფინანსების ინვესტირებას, რადგან კულტურულ ფაქტორებს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. ასევე, გაითვალისწინეთ ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა. განსაზღვრეთ ყველა ის რისკი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენი საქმიანობის წარმატებაზე. ქვეყნის ფინანსური სისტემის გამართულობის შესაფასებლად გირჩევთ, არ დაეყრდნოთ მხოლოდ სტერეოტიპულ შეხედულებებს, არამედ მოიძიოთ სანდო ინფორმაცია და გაეცნოთ ქვეყნის თანამედროვე მიდგომებს და მისი ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და ეფექტიანობას.
სავალუტო რისკების მართვა
როდესაც ვამბობთ, რომ ინვესტიციისთვის დივერსიფიკაცია რისკების დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა, არ უნდა გამოგვრჩეს ის რისკები, რომელიც ვალუტის გაცვლას ახლავს. ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობამ შეიძლება თქვენი ინვესტიციების ღირებულებაზე უარყოფითად იმოქმედოს. რისკების შესამცირებლად გირჩევთ, შეიმუშაოთ სტრატეგია. სტრატეგიის შემუშავებაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეჯირების ინსტრუმენტი. გაგიჩნდათ კითხვა, რა არის ჰეჯირება? ჰეჯირება არის მოსალოდნელი დანაკარგებისგან, ზარალისგან დაზღვევა. ჰეჯირების საუკეთესო საშუალებაა ბიზნეს პროცესების ისეთი დაგეგმარება-წარმართვა, რომ ინვესტიციიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები სრულად ან მაქსიმალურად ერთ ვალუტაში იყოს.
საინვესტიციო შესაძლებლობები
მოიძიეთ და შეაფასეთ საინვესტიციო შესაძლებლობები სხვადასხვა სექტორში - აქციებიდან და ობლიგაციებიდან დაწყებული, უძრავი ქონებით დამთავრებული. განიხილეთ და შეარჩიეთ ის სექტორები, რომლებიც თქვენს გამოცდილებასა და ინტერესებს შეესაბამება, გაანალიზეთ მათი მომგებიანობა, ზრდის პოტენციალი და არჩევანი შემდგომ გააკეთეთ. გირჩევთ, მოიძიოთ ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციების, საინვესტიციო მრჩევლებისა და/ან სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა, რადგან ხშირად მათ სხვადასხვა ქვეყანას მიგრანტებზე მორგებული სპეციალური პროგრამები აქვთ.
განათლება და უნარების განვითარება
ჩვენ, ადამიანებს, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეგვიძლია ვისწავლოთ რაღაც ახალი, დავეუფლოთ ახალ პროფესიას და ახალი უნარები შევიძინოთ. ზოგიერთი ქვეყანა კი ამ შესაძლებლობას კონკრეტულად მიგრანტებს აძლევს მათზე მორგებული პროგრამების მეშვეობით. ხშირად მიგრანტებს სთავაზობენ საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს, სემინარებსა და კურსებს სხვადასხვა პროფესიის დასაუფლებლად. გირჩევთ, გაეცნოთ ემიგრანტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროექტებს როგორც საქართველოში, ისე თქვენს მასპინძელ ქვეყანაში.
სამართლებრივი და მარეგულირებელი საკითხები
გადაწყვიტეთ ინვესტიციის გაკეთება? დაფიქრდით, შესაბამის სამართლებრივ და მარეგულირებელ საკითხებში რამდენად ჩახედული ხართ. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნებს თავისებური და სპეციფიკური საკანონმდებლო მოთხოვნები და შეზღუდვები აქვთ დაწესებული სავაჭრო ბაზრის მოსაწესრიგებლად. შესაბამისად, დაგჭირდებათ, იცნობდეთ შესაბამის რეგულაციებს საგადასახადო, საინვესტიციო თუ საფინანსო სექტორებში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ქვეყანას განსხვავებული წესები აქვს უცხოელი ინვესტორების მიმართ, დაბეგვრასა და რეზიდენტების სტატუსთან დაკავშირებით.
გადასახადები
საგადასახადო ფაქტორების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნებში უცხოელი ინვესტორებისთვის შესაძლოა მოქმედებდეს გარკვეული შეზღუდვები თუ პირიქით, საგადასახადო შეღავათები. აქვე, გირჩევთ შეადაროთ თქვენი ინვესტიციიდან მიღებული სავარაუდო შემოსავლების და გადასახადების თანაფარდობა, მშობლიური და მასპინძელი ქვეყანისთვის, რათა განსაზღვროთ ინვესტიციიდან მიღებული სავარაუდო მოგება რომელი ქვეყნის ბაზარზე უფრო მეტი გექნებათ.
როგორც ვნახეთ, ფაქტორები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თუ ემიგრაციაში ხართ და ინვესტიციაზეც ფიქრობთ, არაერთია და არც ისე მარტივი. ნებისმიერ შემთხვევაში ახალი შესაძლებლობების სწორად გამოსაყენებლად მნიშვნელოვანია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, რისთვისაც განათლებასა და ადგილობრივ საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობაში საკუთარი დროის ინვესტირებაც მოგიწევთ.