კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

პლასტმასა პლანეტის წინააღმდეგ

პლასტმასა პლანეტის წინააღმდეგ

1181
4.4 / 5

ეს ჩემი პირველი ბლოგია . . . 

სათქმელის თქვენამდე მოსატანად გზა ზღვა მასალაში ვიკვლიე და თითქოს ყველასათვის ცნობილ ფაქტებზეც ისეთი აღმოჩენები გავაკეთე, ემოციების გარეშე წერა გამიჭირდა. თემა იმდენად საყოველთაოა, რომ დღესაც და მომავალშიც საზოგადოებისთვის მისი აქტიურად და მრავალი კუთხით წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 

დედამიწის დღე

ჩვენი პლანეტის სახელწოდებაში „დედა“, მგონი, მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ასეც რომ არ იყოს, დედამიწის დაცვა და მასზე ზრუნვა თითქოს ჩვენ მეტად მოგვეთხოვება.

მთელი მსოფლიო 1970 წლიდან დედამიწის დღეს 22 აპრილს, საქართველოსთან ერთად კი 1990 წლიდან  აღნიშნავს.

სხვადასხვა გარემოსდაცვითი პრობლემის ირგვლივ ორგანიზებული მასშტაბური ღონისძიებები  ყოველწლიურად 192 ქვეყნის წარმომადგენლებს და მოხალისეებს აერთიანებს. 

2024 წელს კამპანიის სლოგანია „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“.

გარემოსდაცვითი პრობლემები და ფინანსური განათლება

კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, მატერიალური ზარალი ქვეყნების ეკონომიკებს მძიმე ტვირთად აწვება. საერთო ძალისხმევის მიუხედავად, გარემოსდაცვითი გამოწვევები მატულობს.

თავის მხრივ, გარემოსდაცვითი რისკები ფინანსურ რისკებსაც იწვევს, ამიტომ დედამიწის დღის აღნიშვნა, ისევე როგორც ზოგადად გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსური განათლების საკითხებს შორის განიხილება.

კარგი დასაწყისი და დამძიმებული რეალობა

პლასტმასა, ძირითადად ნავთობიდან მიღებული ეს სინთეტიკური პოლიმერული მასალა, მასიურად 1950 წლიდან იწარმოება. მისი მრავალი სახეობა იქმნება და იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში ხშირად შეუცვლელია, დღეს ის უდიდეს გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

ეს ერთი რიცხვიც მრავლისმეტყველია: შავ ზღვაში ნაპოვნი მყარი ნარჩენების 87% პლასტმასაა.

რეალურ სურათს კიდევ უკეთ დავინახავთ, თუ მისგან დამზადებული ნივთების დაშლისთვის საჭირო დროც გვეცოდინება: პლასტმასის ჭიქა, ბოთლი - 450 წელი, ყავის კაფსულა, კბილის ჯაგრისი - 500 წელი, საწრუპი - 200 წელი, ცელოფნის პარკი - 20 წელი . . . მგონი საკმარისია. 

აი, რას წერს National Geographic - ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტმასის მასალა აწარმოა. აქედან 6,3 მილიარდი ტონა 2015 წელს გამოიყენა. მათგან ხელახალი გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადამუშავდა, 12% კი დაიწვა. დანარჩენი ნაგავი თავის მრავალწლოვან არსებობას ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე და სიღრმეებში განაგრძობს. 

ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული რისკები და ხარჯები

ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ მრავალი გარემო ფაქტორს შორის მნიშვნელოვანია პლასტმასასთან დაკავშირებული რისკებიც. 

დედამიწის დღის საერთაშორისო მოძრაობის ორგანიზაციამ (https://www.earthday.org/) პლასტმასასთან დაკავშირებით 120 კვლევა შეაჯამა, სადაც შესწავლილია პლასტმასის დაშლისა და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის პროცესი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები. 

დღეს მიკროპლასტმასა უკვე ყველგან და ყველაფერშია: საკვებში, სასმელ წყალში, ატმოსფეროში, წყალსატევებში, ტანსაცმელში, შინ თუ გარეთ. ის ადამიანის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაში აღწევს. მის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი ჩვილი ბავშვები არიან. 

მეცნიერები მიკროპლასტმასების შემადგენლობაში არსებულ ქიმიკატებს სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიზეზთა შორის ასახელებენ. ესენია: აუტისტური სპექტრის დარღვევები, ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტივობის სინდრომი, სიმსუქნე, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები და სხვა.  

ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება ყოველთვის ადვილი არ არის და ხშირ შემთხვევაში რთული და ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი დიდ თანხებს უკავშირდება. 

აშკარაა გარემოსდაცვით გამოწვევებსა და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება. 

თითოეული ადამიანის უნიკალურობიდან გამომდინარე, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს ვისთვის რომელი გარე ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკული. სწორედ  ამიტომ, გარემოს ნებისმიერი ნეგატიური გამოვლინება ჩვენი საერთო გამოწვევაა. გვახსოვდეს, რომ მათ შემცირებასა და აღმოფხვრაზე ზრუნვით, საკუთართან ერთად, ყოველთვის, ერთმანეთის ჯანმრთელობასაც ვიცავთ. 

მსოფლიოს გამოწვევები

ისევ National Geographic -"ყოველწლიურად ბუნებასა და ოკეანეებს 9 მილიონი ტონა პლასტმასით ვაბინძურებთ და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია". 

პლასტმასის ნარჩენები ფლორისა და ფაუნისთვისაც უმძიმესი პრობლემაა. მსოფლიო ოკეანეში ყოველწლიურად მილიონობით ტონა პლასტმასა ხვდება. ზღვების და ოკეანის ფსკერზე უზარმაზარ პლასტმასის მასივებში გახლართული ზღვის ბინადრები შიმშილით იღუპებიან,  მიკროპლასტმასის ნაწილაკები ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილებშიც აღწევს და თითქმის უკლებლივ ყველა ბინადარის ორგანიზმში ხვდება. 

“Dalberg”-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ 2019 წელს წარმოებული პლასტმასის სრულ სასიცოცხლო ციკლზე 3.7 ტრილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. ამჟამად კაცობრიობა წელიწადში 200 მლნ ტონაზე მეტ პლასტმასის ნარჩენს წარმოქმნის. ამ ნაგვის თითქმის ნახევარი უმართავი რჩება: ღია სივრცეებში იწვის, ღია ცის ქვეშ ყრია ან სადღაც იჟონება. ამასთან, ყოველწლიურად 11 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა ოკეანეში ხვდება. 

ამის გარდა, პლასტმასა, თავისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში წელიწადში 1,8 მილიარდ ტონა სათბურის აირებს გამოყოფს, რაც კლიმატური ცვლილებების მაპროვოცირებელია.  

ფაქტების მოყვანას აქ შევწყვეტ. . . თუმცა, სათქმელი ბევრი რჩება. . . 

არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების სიმწვავე ხელშესახები გარდაქმნების აუცილებლობას აჩენს. წლიდან წლამდე კი პლასტმასის წარმოებაც და მასზე მოთხოვნაც იზრდება. მსხვილი მწარმოებლები 2040 წლისთვის პროდუქციის 50 %-იან ზრდას აანონსებენ. დედამიწის დღის ორგანიზატორები კი ამ დროისთვის პლასტმასის პროდუქციის მთლიანი წარმოების 60%-ით შემცირებას ითხოვენ. 

დღეს დედამიწის, გარემოს, საკუთარი თავის, ერთმანეთის და შთამომავლობის დამცველის როლს, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ვასრულებთ. 

მხოლოდ გარემოსდაცვაზე ზრუნვა თუ ფინანსური სარგებელიც? რა შეგვიძლია გავაკეთოთ? რა შეგვიძლია შევცვალოთ?

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოები გარემოსდაცვით პრობლემეთან გამკლავებაზე მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პლასტმასის მავნე ზემოქმედებაზე საზოგადოების ინფორმირებას, ცნობადობის ამაღლებას და ახალი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას არსებითი დანიშნულება აქვს.

როცა ირგვლივ არსებულ გარემო ფაქტორებით გამოწვრულ რისკებს სათანადოდ ვერ ვაფასებთ, ვერც  მათ წარმოქმნაში ჩვენს მონაწილეობას და ვერც ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვხედავთ. შესაბამისად, არაფრის შეცვლას ვცდილობთ.

არადა, ჩვენი პასიურობის საფუძველი ხშირად საკუთარი წარმოდგენებია. პლასტმასის შემთხვევაშიც ასეა: იგი ჩვენი ცხოვრების საჭირო თანამგზავრი პირველი დღეებიდანვე ხდება და მისი უვნებლობის აღქმაც წლების მანძილზე მკვიდრ წარმოდგენად გვიყალიბდება, რაც შემდეგ მისგან მომდინარე რისკების დანახვაში ხელს გვიშლის. 

გარემო ფაქტორების ჯანმრთელობის რისკად აღქმას კი ადამიანისთვის ამ ზემოქმედების „მოუხელთებლობა“ უშლის ხელს.

დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას თუ ეკონომიკურ ჭრილში შევხედავთ, სავალალო სურათს დავინახავთ - ჯანდაცვის, სოფლის  მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის არაერთი მიმართულებით და ა.შ., ხარჯების დრამატული ზრდა იქნება გარდაუვალი. ამაში კი პლასტმასას თავისი ნეგატიური წვლილი ექნება შეტანილი.

პლასტმასის მიმართ ჩვენი აღქმების შეცვლა, გარემოსდაცვითი პრობლემებით დაინტერესება, რეალური სურათის დანახვა და, შედეგად, ახალი დამოკიდებულებებისა და ქცევების ჩამოყალიბება - ესაა, რაც შეგვიძლია და კიდეც გვევალება.

უპირველესად, საკუთარ თავთან იმისი აღიარება მოგვიწევს, რომ უკვე იმ ზღვარზე ვართ, როცა თვალის დახუჭვა და საკითხისგან დისტანცირება შეუძლებელია. შემდეგ, საკითხებით მეტად დავინტერესდებით და უფრო ფართო ხედვით ცვლილებებისკენ სასურველ პრაქტიკულ ნაბიჯებს ბუნებრივად გადავდგამთ. შემდეგ აუცილებლად შევნიშნავთ, რომ ქცევითი ცვლილებები გარემოსდაცვით სარგებელთან ერთად ჩვენს პირად ფინანსებზეც დადებითად აისახება. 

პირველი ნაბიჯები ახლავე შეგვიძლია გადავდგათ, მაგალითად: ვარვარების ნათურები ეკონომიურით ჩავანაცვლოთ, წყლის დისპენსერთან ერთჯერადის ნაცვლად მრავალჯერადი მინის ჭიქა გამოვიყენოთ, საერთოდაც, ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი, ჩაიდნები, მადუღარები მინის, ფაიფურის, მეტალის, ხის  საგნებით ჩავანაცვლოთ. შეგვიძლია, მინის ბოთლში ჩამოსხმული მინერალური წყალი შევიძინოთ და ბოთლი მრავალჯერ გამოვიყენოთ, თუ შესაძლებელია, ცელოფნის პარკები ხელმეორედ გამოვიყენოთ, უკეთესია, რომ ნაჭრის ჩანთებით ჩავანაცვლოთ, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი შევარჩიოთ და ხელოვნური ბოჭკოსგან წარმოებულზე უარი ვთქვათ და ა.შ. ჩამონათვალი შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ იმედია, ამას თავად განავრცობთ. 

გარდა ამისა, ჯანმრთელი ცხოვრების წესზე გადასვლით, ფიზიკურ სიჯანსაღესთან ერთად ჯანდაცვასთან დაკავშირებულ თანხებს მნიშვნელოვნად დაზოგავთ. 

ახლა კი, ჯონ ლენონის Imagine მახსენდება. ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ, რომ ეს შეგვიძლია და პატარ-პატარა ცვლილებებით დიდ შედეგებამდე აუცილებლად მივალთ. ნუ გადავდებთ, უკვე გვიანია.

დედამიწაზე სულ გვექნება არჩევანი  „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“ თუ „პლასტმასა პლანეტის წინააღმდეგ“.   

მე ვირჩევ პირველს! 

დედამიწის დღეზე საუბარს ამითვე დავამთავრებ: ჩვენი პლანეტის სახელწოდებაში „დედა“, მგონი, მხოლოდ ჩვენ გვაქვს.

იქნებ, უფრო მეტად დავაფასოთ და გამოვხატოთ მისდამი ჩვენი მადლიერება.

დედამიწის დღეს გილოცავთ!