კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

გონებრივი მიკერძოებები ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას

გონებრივი მიკერძოებები ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას

4585
4.5 / 5

გონებრივი მიკერძოება (cognitive bias) არის აზროვნების სისტემატიური შეცდომა, რომელიც მოქმედებს თითოეული ჩვენთაგანის გადაწყვეტილებებზე. ამ მიკერძოებებიდან ზოგი დაკავშირებულია მეხსიერებასთან, ზოგი ყურადღების პრობლემებთან, ზოგი კი მოვლენების განსხვავებულ ინტერპრეტაციასთან სხვადასხვა ადამიანების მიერ. 

1970-იან წლებში ორი ფსიქოლოგი დენიელ კანემანი და ამოს ტვერსკი სწავლობდნენ ამ ფენომენს ფსიქოლოგიაში. ამ პერიოდში მათ აღმოაჩინეს რომ ადამიანების დიდი რაოდენობა, მიუხედავად მათი ეროვნებისა, ფინანსური შესაძლებლობების, თუ განათლების დონისა იღებდენ ირაციონალურ, ალოგიკურ გადაწყვეტილებებს როდესაც საქმე ეხებოდა მათ ფინანსებს - ხშირად კი საერთოდაც საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იქცეოდნენ. ამ კვლევებმა ფინანსების დისციპლინაში ახალი ეპოქის დასაწყისი გვამცნო. სწორედ ასეთი, მნიშვნელოვანი გონებრივი მიკერძოებების შესახებ მსურს გესაუბროთ დღეს. 

მიკერძოება პირველი - დენომინაციის ეფექტი

წარმოიდგენდით, მიუხედავად იმისა, რომ 50 ლარიან კუპიურას იგივე ღირებულება აქვს, როგორც 5 ერთეულ 10 ლარიან კუპიურას, ადამიანები უფრო დიდი ალბათობით დახარჯავენ იგივე რაოდენობა თანხას (50 ლარს), მცირე 10 ლარიანი კუპიურების გამოყენებით, ვიდრე ერთი ცალი 50 ლარიან კუპიურით. ამ გონებრივ მიკერძოებას დენომინაციის ეფექტი ქვია და ის შედარებით ახალი აღმოჩენაა. 2009 წელს ჩატარებული კვლევისას აშშ-ს ომაჰას შტატში მეცნიერები ატარებდნენ ბენზინგასამართი სადგურის კლიენტებზე დაკვირვებებს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებს უსვამდენ კითხვას მათი ავტომობილის ბენზინის ხარჯის შესახებ, შემდგომ კი უხდიდნენ 5 დოლარიან კუპიურას, ან 5 ცალ 1 დოლარიან კუპიურას, ან 5 ცალ 1 დოლარიან მონეტას, როგორც გასამრჯელოს მათი შეწუხებისთვის. გასამრჯელოს მიღების შემდგომ ექსპერიმენტის მონაწილეები შედიოდნენ ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში, სადაც ამ თანხის დახარჯვა შეეძლოთ. დაკვირვებების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის მონაწილეები ვინც 5 დოლარიანი კუპიურა მიიღეს, მეტწილად მას არ ხარჯავდნენ, ვისაც 5 ცალი 1 დოლარიანი კუპიურები გააჩნდათ უფრო მეტს ხარჯავდნენ, ხოლო ისინი ვისაც 1 დოლარიანი მონეტები ქონდათ გასამრჯელოდ მიღებული - ყველაზე მეტს ხარჯავდნენ. 

თითქოს ეს ქცევა სრულიად ალოგიკურია - საბოლოო ჯამში 5 დოლარი 5 დოლარია, თუნდაც 1 ცენტიან მონეტებად რომ დაშალო, მაგრამ აქ გვაქვს საქმე გონებრივ მიკერძოებასთან, რომელიც ფულის ხარჯვისას ხშირად შეცდომებს გვაშვებინებს. მრავალმა კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანები ნაკლებ ღირებულებას ვანიჭებთ მცირე ბანკნოტებს ან სულაც ხურდა ფულს. ამავდროულად, დადგენილია რომ „დენომინაციის ეფექტი“  უფრო ძლიერია ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკაში ნაღდი  ფულის მიმოქცევა დიდია.

ეს გონებრივი მიკერძოება შემდეგნაირად აიხსნება: ადამიანები მაღალი ღირებულების ბანკნოტებს უფრო მეტად ვაფასებთ რადგან ასეთი ბანკნოტები ჩვენს მიერ ხარჯვის კონტროლის მექანიზმის როლს უკეთ ასრულებენ. ანუ, თუ 50 ლარიანი ბანკნოტა გვაქვს ჯიბეში, უკვე თავად ეს ფაქტი შეიძლება მოქმედებეს როგორც შემაფერხებელი გარემოება, რომ ეს ბანკნოტა დავახურდავოთ, რადგან ასეთ დროს ჩნდება შიში, რომ როდესაც ამ 50 ლარიანის ნაწილით რამე ნივთის საფასურის გადავიხდით, დავკარგავთ საკუთარი ხარჯების კონტროლს, რადგანაც ფაქტიურად ამ 50 ლარიდან დარჩენილ ფულსაც შემდგომ ბოლომდე დავხარჯავთ. 

მიკერძოება მეორე - ზედმეტი თავდაჯერებულობა 

მეორე მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც ფულს გვაკარგინებს არის ზედმეტი თავდაჯერებულობის გონებრივი მიკერძოება (Overconfidence bias). ეს ფენომენი უფრო მეტად არის გამოკვლეული და ხშირად გვხვდება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ვცდილობთ ავიღოთ სესხი რამე ახალი საქმის დასაწყებად. ასეთ დროს ზედმეტად ოპტიმისტურად ვაფასებთ ჩვენ შესაძლებლობებს და ვაიგნორირებთ პოტენციურ პრობლემებს, კონკურენტებს თუ რისკებს. ამ სიტუაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი არის ბიზნესის მეპატრონე, რომელიც საკუთარ წარმატებას მიაწერს ხოლმე ბევრ შრომას და პირად შესაძლებლობებს, ხოლო წარუმატებლობას - რთულ ეკონომიკურ ფონს, კრიზისს თუ სხვა გარე ფაქტორებს. 

ფენომენის გამომწვევი მიზეზი რამდენიმეა. ერთი მიზეზი ისაა, რომ ხშირად არასწორად ვაფასებთ დროს, რომელსაც მოვანდომებთ ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. შეიძლება ირონიულია, მაგრამ მიახლოებით იგივე დამემართა როდესაც ამ სტატიის დაწერა დავაპირე, ჩემ თავს ვუთხარი, რომ სტატიას ერთი საღამოს განმავლობაში დავწერდი - რაც მოვახერხე კიდეც, მაგრამ აი ამ თავისუფალი საღამოს პოვნას ერთი კვირა მოვუნდი, რადგან სხვა მნიშვნელოვანი საქმეებიც მქონდა. განსაკუთრებით ეს ფენომენი ეხება ხოლმე კომპლექსურ ამოცანებს და ახალ ბიზნეს-წამოწყებებს, ხშირად გვეშლება თუ რა დროს და რესურსს მოვანდომებთ ამა თუ იმ პროექტის შესრულებას - რაც ნიშნავს რომ ვერც აღებული სესხით დაწყებული ბიზნესი გაიმართება წელში ისე სწრაფად, როგორც ხშირად გვსურს თავს დავაჯეროთ. 

აქვე საინტერესოა, რომ ზედმეტ თავდაჯერებულობას ხელს უწყობს მომავლის კონტროლის ილუზია. კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანები საკუთარ თავს უფრო ხშირად ვაჯერებთ, რომ რაღაც სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ ან გავაკონტროლებთ, მაშინ როდესაც კონტროლის შესაძლებობები სინამდვილეში ძალიან შეზღუდულია ან სულაც არ გვაქვს და ჩვენ გარემოზე მართლაც ბევრად მეტი რამეა დამოკიდებული, ვიდრე გვგონია. სამწუხაროდ - ის რომ ჩვენ რაღაც შედეგი ძალიან გვინდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს შედეგი ავტომატურად მიღწევადია. რასაც არ უნდა წერდენ თვითმოტივაციის წიგნები - მხოლოდ მონდომება საკმარისი ვერ იქნება მიზნების აღსასრულებლად, საჭიროა შესაბამისი გონებრივი, ადამიანური და ფულადი რესურსიც. 

მიკერძოება მესამე - ჯგუფური (ჯოგური) აზროვნება 

ჯგუფური (ჯოგური) აზროვნების გონებრივი მიკერძოება (Herd mentality bias) - ეხება ისეთ სიტუაციებს, როდესაც ადამიანები ვიღებთ არა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, არამედ განსაკუთრებით ვენდობით და ვუყურებთ ხოლმე იმას, თუ რას აკეთებენ ჩვენი გარშემომყოფები. მაგალითისთვის ავიღოთ პირობითი გიორგი, რომელიც ცხოვრობს საქართველოს მთიან რეგიონში, სადაც ბოლო ხანებში უცხოელი ტურისტების მატება შეიმჩნევა. გიორგიმ ახლობლებთან საუბრის შედეგად გაიგო, რომ მომავალ წელს ტურისტების რაოდენობის კიდევ მეტი ზრდა არის მოსალოდნელი, შედეგად ბევრი მისი მეზობელი კერძო სასტუმრო ბიზნესის მოწყობაში დებს ფულს, და ამისთვის სესხულობენ მოზრდილ თანხებს ბანკებისგან.

გიორგი, რომელსაც აქამდე სხვა ბიზნესი (ტურისტების მომსახურეობა) საკმაოდ წარმატებულად აქვს აწყობილი, ფიქრობს, რომ რადგან ყველა კერძო სასტუმროს ბიზნესის გასაკეთებლად ეწევა ინვესტიციას, ე.ი. მისთვისაც ეს ძალიან კარგი და მომგებიანი იქნება - მიდის ფინანსურ ინსტიტუტში და იღებს ამისთვის სესხს. შემდგომ კი აღმოჩნდება, რომ ვერც მან და ვერც მისი მეზობლების უმრავლესობამ ვერ გათვალეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ კი ის რომ რეალურად ამდენი მოთხოვნა მათ დაბაში თუ მუნიციპალიტეტში კერძო სასტუმროებზე არ არის და უახლოეს მომავალში ვერც იქნება, ბაზარი კი გაჯერებულია კერძო სასტუმროებით. სასტუმროები შესაბამისად ვერ იტვირთებიან, შედეგად საკმარისი შემოსავლები არ არის, სესხს კი გადახდა უნდა და ყველანი (გიორგიც, მისი მეზობლებიც და ფინანსური ინსტიტუტიც, რომელსაც ის სესხს დროულად ვერ უხდის) წაგებულები რჩებიან.

რაც კარგად უნდა გვესმოდეს ასეთ დროს, არის რომ ადამიანებს გვიჭირს განსხვავებული აზრის გამოთქმა და გარშემომყოფთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება. ეს ბუნებრივი ფენომენია, რადგან ჩვენ საზოგადოებაში ვიზრდებით და მისი სრულფასოვანი წევრობისთვის აუცილებელია გარკვეული კონფორმიზმიც ამავე საზოგადოებაში მიღებულ აზრთან. თუმცა სესხის აღების, თუ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას ეს ფენომენი შესაძლებელია მხოლოდ ხელს გვიშლიდეს. ცივი გონებით, სიტუაციის რეალურ ანალიზზე დაფუძნებით და სხვების აზრის საწინააღმდეგოდ, გიორგის შეიძლება გადაეწყვიტა, რომ სასტუმროს ნაცვლად, ჯობდა კვლავ ავტო-გადაზიდვების ბიზნესის განვითარებაზე კონცენტრირებულ იყო ან აქამდე მის რეგიონში არარსებული სუვენირების მაღაზია გაეხსნა და მოგებული დარჩენილიყო კიდეც. 

შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღებისას კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რატომ ვიღებთ მას და ხომ არ ვართ რომელიმე ზემოთ აღწერილი გონებრივი მიკერძოებების ტყვეობაში. გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ მხოლოდ სამომავლო დანახარჯებისა და სარგებლის შედარებაზე დაფუძნებით.